ბლოგერებინინო ხაჩიძეპოლიტიკა

“რუსეთი უნდა გვეხვეწებოდეს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას”

ნინო ხაჩიძე

რაკი რუსეთსა თუ თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა და ოკუპანტმა სამხედრო კომპონენტი გააძლიერა როგორც თავის სამხრეთის ფედერალურ ოლქში, ისე ამ ჩვენს, მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: ცოცხალი ძალაც დაამატა, „ისკანდერებიც“  და სხვა შეიარაღებაც. ამის პარალელურად, ჩვენს საჰაერო სივრცეშიც შემოისეირნა (რაკი თურქეთისაში ვეღარ გაბედავს და იმიტომაც, რომ საქართველო კი თურქეთსა და ზოგადად, დასავლეთის მოკავშირედ განიხილება). ამის პარალელურად, თურქეთმა სომხეთს მოსთხოვა ოკუპირებული ტერიტორიების სასწრაფოდ დატოვება (იგულისხმება ყარაბაღი). ზემოთქმულიდან ჩნდება ეჭვი, რომ მხარეები უფრო სუსტების ხარჯზე ეცდებიან ერთმანეთთან ანგარიშის გასწორებას. ამ ვერსიის სისწორე აკაკი ასათიანთან გადავამოწმეთ.

 განიმუხტა დაძაბულობა რუსეთსა და თურქეთს შორის თუ კიდევაა მოსალოდნელი გამწვავება, ახლა უკვე ზეწოლით მათ მოკავშირეებზე?

ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ მეტი არავინ აკვირდება ამას, არც მთავრობა, არც ოპოზიცია. ყველანი გადართულები არიან პირად პრობლემებზე, ეს ბოლო 25 წლის კომენტარად. რაც შეეხება თქვენს კითხვას: საომარი მოქმედება რუსეთსა და თურქეთს შორის, ჩემი აზრით, გამორიცხულია 99 პროცენტით, მაგრამ, თუ პირველ მსოფლიო ომს გავიხსენებთ და ეს ვითარება ძალიან ჰგავს იმ პერიოდს, იმ ერთმა პროცენტმა შეიძლება, იმუშაოს. მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომისკენ ყველაფერი მიდიოდა გეგმაზომიერად, განსხვავებით პირველი მსოფლიო ომისგან, როდესაც ყველა მონარქი ერთმანეთის ნათესავი იყო და საფრანგეთი გახლდათ ერთადერთი რესპუბლიკა მთელ ევროპის კონტინენტზე, მაგრამ დაერივნენ ერთმანეთს. ერთი სერბი სტუდენტის გასროლისა და ერთი ხანდაზმული წყვილის დახოცვის გამო ატყდა ისეთი ომი, რომლის მსგავსი კაცობრიობას მანამდე არ ახსოვდა. აი, ამ ერთი პროცენტის ალბათობა არსებობს დღეს: ისიც ძალიან რთულია, თორემ ამ ერთი პროცენტის განხორციელების შემთხვევაში, თქვენ რასაც ამბობთ, ის აპოკალიფსური სურათი ამუშავდება ბოლომდე.

თუმცა მე მაინც მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა. შეგნებულად თუ შეუგნებლად მოხდა ის, რომ შტატებს ორი პოლიტიკური ლიდერი აღიზიანებდა, ორი ქვეყანა, რუსეთი და თურქეთი, რომლებსაც შეეძლოთ წელში გასწორება და მაშინვე გადაერთვნენ იმპერიულ ამბიციებზე და ახლა ისინი მიადგნენ ერთმანეთს.

ერდოღანმა ბოლო პერიოდში პუტინს დამსგავსების კურსი აიღო.

მაჩოს თამაშობენ. სტალინი არ თამაშობდა მაგარ ბიჭს, იმიტომ რომ, მაგარი ბიჭი იყო ისედაც. ამათ კიდევ უნდათ, რომ ეს ამტკიცონ და შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ ამ საქონელს ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ და რომელიმე რომელიმეს თუ არ მოერევა, იმის საქმე დამთავრებულია. ჯერჯერობით  ისე ჩანს, რომ, მაჩოს პირობაზე, რაკი თურქეთმა ჩამოაგდო თვითმფრინავი, ერთით ნულია თურქეთის სასარგებლოდ, თუ შეიძლება, რომ თვლის ასეთი სისტემა გამოვიყენოთ. ერთხანს იქნება ეს დაძაბულობა, რაც ჩვენთვის არც ისე ცუდია, იმიტომ რომ, ამასობაში მათი დაახლოება არ არის მოსალოდნელი. არადა ისე დაუძმობილდნენ ერთმანეთს, რომ ლამის 1921-1922 წლებს დაემსგავსა მათი ურთიერთობა. ასე რომ, მათი ეს დაპირისპირება არ მგონია, ცუდი იყოს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ამ საქმეში ვნახოთ სარგებელი. ისინი პირდაპირ ვერ იომებენ და, თუ ვინმეს აქამდე უკვირდა, რაში დასჭირდათ რუსებს აფხაზეთი და ცხინვალი, იმედია, ახლა მაინც ხვდება.

ხმელეთისთვის, განსაკუთრებით, ცხინვალი, ზღვისთვის, განსაკუთრებით, აფხაზეთი.

რუსული სამხედრო მანქანა არ არის ანგლოსაქსების ტიპის: ინგლისი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული შორეულ მიწებს იპყრობდა ხომალდებით, ისევე, როგორც ესპანეთი; შეერთებული შტატებიც ოკეანის გადაღმა ომობს ხოლმე. რუსებს არ აქვთ ამის საშუალება და ამიტომ მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიებს იღებდნენ. საუკეთესო მაგალითია საქართველო, რომელიც ნაწილ-ნაწილ მიიერთეს.

 ამასობაში დედამიწის მერვედამდეც კი შეაგროვეს ტერიტორია, სახელდობრ, რუსებმა.

ოღონდ ეს ისეთი მერვედია, რომელიც არავის სჭირდებოდა. ინდოეთს იმიტომ იკავებდა ინგლისი, რომ ინდოეთი საოცნებო ქვეყანა იყო მთელი ცივილიზებული კაცობრიობისთვის. გაიხსენეთ, „ვეფხისტყაოსანი“, „ამირანდარეჯანიანი“… თუ ჩვენთან აღმოსავლეთი იყო უკიდურესად ეგზოტიკური ადგილი, იაპონურ ლიტერატურაში ასეთია ინდოეთი. ინდოეთის დაპყრობა ამბავი იყო და ყველა ეპოტინებოდა. პირველმა მაკედონელმა სცადა. ინდოეთი არ არის ციმბირი და ტაიგა და მარადიული გამყინვარების ადგილი.

თუმცა რუსეთის მარადიული გამყინვარების ადგილები მდიდარია რესურსებით.

ეს ახლა აღმოჩნდა, ბოლოს და ბოლოს, 60-70 წლის ამბავიც არ არის, მაგრამ ნახეთ, როგორი ამბავი ხდება?! ნავთობის ფასი კატასტროფულად ეცემა და ამერიკელები აპირებენ ევროპის მომარაგებას გათხევადებული გაზით, გაისად –  35-ით, მომავალში 75 პროცენტით. იმ ზომამდე მივიდა საქმე, რომ რუსეთმა თავისი ინიციატივით დასწია ფასი გაზზე. რუბლი ხედავთ, რა მდგომარეობაშია. რუსეთს მთელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფრონტზე დაარტყეს ალყა. ის ამას ვერ გაუძლებს. მე მგონია, ერთი გამოსავალი აქვს: გვეხვეწებოდეს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას.

რატომ უნდა შეგვეხვეწოს, მოკავშირედ რომ ვყავდეთ?

არა მოკაშვირეობაში არ არის საქმე, პოზიტივი სჭირდება. დააკვირდით, მეც კი არ მეგონა, რომ ასე ადვილად ჩაივლიდა ჩვენი ევროასოცირება და „ნატოს“ საწვრთნელი ცენტრის გახსნა.

იქნებ ხარკი უკვე გაღებული გვაქვს ოკუპირებული ტერიტორების სახით?

ისინი ერთჯერად ხარკს არ სჯერდებიან. მათ სულ ჰგონიათ, თუ რამეს დაუთმობ, მეტი უნდა მოითხოვონ, განსხვავებით დასავლური პოლიტიკისგან, სადაც ურთიერთდათმობაა, თუნდაც, სუსტთან მიმართებაშიც. რა თქმა უნდა, სუსტი მეტს თმობს, მაგრამ ეს მაინც ურთიერთდათმობის პოლიტიკაა. დღეს ისე უჭირს რუსეთს, რომ იძულებულები გახდნენ, ჩვენთვის უმტკივნეულოდ ჩაეტარებინათ ევროასოცირებაც და „ნატოს“ საწვრთნელი ცენტრის გახსნაც. ამდენად, მათ სჭირდებათ პოზიტივი და მათთვის შესაძლოა, ხელსაყრელიც არის, რომ მათსა და თურქეთს შორის ჩვენ ვართ.

ეგრეთ წოდებული სანიტარული დერეფნის როლში?

უნებლიე ნეიტრალიტეტი მაინც გვაქვს. ჩვენი სახით ეს სანიტარული ზოლი რომ არა ესენი ერთმანეთის მეზობლები რომ იყვნენ, შეტაკება აუცილებლად მოხდებოდა მათ შორის. აფხაზეთსა და ცხინვალს იმიტომ კი არ უნდა გვიბრუნებდნენ, რომ ვუყვარვართ და კარგი ბიჭები ვართ, არამედ იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ პოზიტივი.

მაგრამ ცხინვალის შემთხვევაში პლაცდარმს კარგავს.

მოდი, შევხედოთ, რეალობას: ვთქვათ და შევთანხმდით და სანაცვლოდ, მათი ჯარები რჩებიან აქ, ეს არ ჯობია იმ რეალობას, რაც გვაქვს?! ამით გაუარესდება არსებული ვითარება?! ჩვენ ისე ვაფასებთ მოვლენებს, როგორც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. მაგრამ ეს არ არის ფეხბურთი, როდესაც მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობს და ისიც სათქმელია, იქნებოდა თუ არა მაყურებლისთვის ან მოთამაშეებისთვის ასეთი თამაში საინტერესო: თერთმეტი კაცი გაექანება და გაიტანს გოლს, გაექანება და გაიტანს?! პოლიტიკის ისევე, როგორც სპორტის მთელი ამბავი არის ის, რომ არსებობს მეორე მხარე, რომელსაც უნდა აჯობო გონებით, ჯანით, გათვლით, მოხერხებით, სტრატეგიით, ტაქტიკით, მანამდე მომზადებით. ჩვენ სულ ვივიწყებთ, რომ არის ეს მეორე მხარე, მხარე კი არადა, გველეშაპები გვადგანან. სპორტშიც კი უპირატესობა მაინც დიდ ქვეყანას აქვს. კი გამოდის მოედანზე თანაბარი რაოდენობით, მაგრამ იმის უკან 80 მილიონი დგას, ჩვენ უკან –  სამი მილიონი.

მათი რესურსი მაინც მეტია, რომ 80 მილიონიდან უკეთესებს შეარჩევენ.

და ის რესურსი მოქმედებს. რატომ არის, რომ პატარა ქვეყნებს მოუვა თაობა ფეხბურთში და წამოტივტივდებიან, მაგრამ სტაბილურად ვინ დომინირებს? ბრაზილია, გერმანია, ანუ დიდები.

სამაგიეროდ, ჭიდაობაში სულ ჩვენ ვდომინირებთ, მიუხედავად სამი მილიონობისა.

იმიტომ, რომ მაგრები ვართ.

რაგბიშიც ცოტაც და… არადა, ამ ორივეში ღონეცაა გადამწყვეტი.

რაგბი ღრმა ფილოსოფიური თამაშია, სადაც ყველა თავს უნდა იკლავდეს, ყველა მაგარი უნდა იყოს. ერთი კაცი ვერ მოიგებს, როგორც ფეხბურთში შეუძლია, მაგალითად, მესის.

გვსაყვედურობენ, რომ გუნდურად თამაში არ ვიცით, არადა რაგბი ხომ გუნდური თამაშია?

სადაც ჩვენი სისხლი ყივის და რაც ჩვენს ზნესა და ხასიათს ემთხვევა, სადაც ჩვენ ჩვენ ვართ და სადაც ჩვენებს სჯერათ, რომ ქართველები მაგრები არიან, იქ გამოდის. რაგბიში ფასობს, როდესაც ხედავენ, როგორი მორალური თვისებები აქვთ ტიპებს და შემდეგ მთელ ნაციაზე მსჯელობენ ამით. რასაც ჩვენი მორაგბეები, სხვათა შორის, კალათბურთელები და წყალბურთელებიც აკეთებენ, იმაზე მეტია, ვიდრე ერთად აღებული, ყველა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა. ვიმეორებ, სადაც ჩვენ ქართველები ვართ, სადაც ჩვენს ბიჭებს ეამაყებათ, რომ ქართველები არიან, იქ წარმატებას ვაღწევთ. სადაც თავზე ნაცარს ვიყრით, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, წარმატებას ვერ ვაღწევთ. ამ ვითარებაშიც მშვიდად უნდა ვიყოთ, შიშით კი არ უნდა ვიყურებოდეთ აქეთ-იქით?! ასე რომ, სალაპარაკოა ორივესთან. ორივე ისეთ დღეშია, ვერ გამოვლენ ასე იოლად. ისინი ძალიან სერიოზულ რამეში გაეხვივნენ შიდა პოლიტიკური ამბიციების გამო. მოსალოდნელიც იყო. დიდხანს არიან ხელისუფლებაში და დასავლური ცივილიზაციის სისტემა იმიტომაც გულისხმობს ხელისუფლებაში ყოფნის მაქსიმუმ 8-წლიან ვადას, რომ ფსიქიკა შეუნარჩუნდეს პოლიტიკოსს. სადაც ადამიანმა იცის, რომ შეიძლება, იყოს 10-20-30 წელიწადი, ვხედავთ, რაც ხდება ერდოღანისა და პუტინის მაგალითზე. არადა არც ერთი არაა ხელწამოსაკრავი. ორივემ კარგად დაიწყო, მაგრამ ერდოღანსაც და პუტინსაც ეს წარმატებები გადაეზარდა სხვა რამეში: იმას უნდა, რომ ათა თურქი დაჩრდილოს, ამას უნდა, რომ სტალინი დაჩრდილოს. ამდენად, შექმნილი ვითარება იმას ჰგავს, კრივში ერთი მოკრივე რომ გადაეჭდობა მეორეს და მსაჯი ვეღარ აჩერებს. მე მგონი, შეერთებული შტატებიც ჩართულია ამაში, თუ რუსული თვითმფრინავი შეგნებულად  ჩამოაგდეს.

თავდაპირველად, თითქოს აშშ-ის პოზიცია თავშეკავებული იყო, მაგრამ შემდეგ, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა თურქეთს.

იმიტომაცაა თავშეკავებული… გენიალური სვლაა, თუ ეს ვინმემ მოიგონა და განახორციელა.

ჩვენ აქ, ცხინვალში, „ისკანდერები“ დაგვიყენეს რუსებმა, იქით, თურქეთი დაემუქრა სომხეთს. ერთმანეთს ვერ სწვდებიან და ჩვენზე იყრიან ჯავრს?

გავიხსენოთ, რა თქვა ერდოღანმა არჩევნებამდე? იქამდე მივიდა საქმე, ქართველობა დამაბრალეს, ესეც არ იკმარეს და უარესი, სომხობაცო. სომეხს რომ დაემუქრება თურქეთის პრეზიდენტი, ქულებს კრეფს თავის ქვეყანაში. როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა, გამოუცნობი ამბავია. რუსეთს ახლა სჭირდება პოზიტივი. ევროპისთვისაც ხელსაყრელია, თუ ერთი კონფლიქტი მაინც მოგვარდება, თანაც, მათი მონაწილეობითაც. „ნატოშიც“ მიგვიღებენ, ოღონდ მაშინ, როდესაც თავად ჩათვლიან საჭიროდ, როგორც ევროასოცირების შემთხევაში. ამიტომ მოლოდინებს, დღეს მიგვიღებენ თუ ხვალ, უნდა დავანებოთ თავი. თუმცა რუსეთთან მარტო, ერთი ერთზე თამაში ძალიან ძნელია, ოღონდ ჩვენი პოლიტიკის შეცდომაა, როდესაც რუსებს ვეუბნებით, ევროპელ პარტნიორებს ვკითხავთო, რადგან რუსეთი ამბობს, მაშინ იმათ დაველაპარაკებიო. შეერთებულ შტატებს კი აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება –  ილუზიებით არ იკვებება. შეცდომებს უშვებს, მაგრამ, რაც ფაქტია, იმას ანგარიშს უწევს. ამიტომ ევროპა ნებისმიერ პროგრესულ ნაბიჯს შეუწყობს ხელს, შტატები კი, თუმცა ერთგვაროვანი არ არის მისი პოლიტიკური სპექტრი, რაღაც კუნჭულში თუ ისე დალაგდება, რომ მათი ინტერესი არ დაზიანდება, დათანხმდება.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები