მთავარი ბლოკიპოლიტიკასპორტი

სად ეპარებოდა სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბავშვობაში დედამისს და რატომ ეძახის ის სიდედრს „შაქარ დედას“

268445612  ტარიელ ხეჩიკაშვილი:  როგორც ყველა ბიჭი, მეც ვგიჟდებოდი ფეხბურთზე. „ნახალოვკაში” ვარ გაზრდილი, სადაც სულ იყო და არის ფეხბურთის კულტი. ჩემს უბანში იყო სტადიონი. 3 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და, მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა, ავთანდილი, დედამ გაგვზარდა. დედას ძალიან უყვარდა ცეკვა და, 11 წლის ასაკში შემიყვანა ცეკვაზე. მე კი ცეკვაზე მიმავალი, შევიპარებოდი ხოლმე სტადიონზე და ჩუმად ვთამაშობდი ფეხბურთს. დედას რომ ეგონა, ქართულ ცეკვას მასწავლიდა, მე ფეხბურთში ვოსტატდებოდი. მაშინ ქართულ ფეხბურთს სუპერვარსკვლავები ამშვენებდნენ და მათი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირდა. ცეკვით „მასკიროვკა” დიდხანს ვერ გაგრძელდა – დედას ისეთ პატივს ვცემდი, რომ მალე გამოვუტყდი, რაშიც იყო საქმე. დედაც მიხვდა, რომ ჩემი არჩევანი ფეხბურთისკენ იყო და გამომიყვანა ცეკვიდან. ფეხბურთს ვთამაშობდი მათთან ერთად, ვინც დღეს ჩვენი თაობის ცნობილი ფეხბურთელები არიან. ამას წინათ, კახა კალაძისა და ლევან კობიაშვილის გარემოცვაში მყოფმა, თავის მოწონება გადავწყვიტე, მაგრამ, უცებ გამახსენდა, ვის გვერდით ვიჯექი და ვიხუმრე: ესენი ფეხბურთს თამაშობდნენ, მეკი ვწვალობდი-მეთქი. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, მივხვდი, რისთვის შეიძლებოდა მიმეღწია ფეხბურთში და რეალურად გავთვალე ჩემი შესაძლებლობები, მით უმეტეს, რომ უკვე ოჯახის ტვირთიც დამაწვა და სხვა არჩევანი გავაკეთე. ფეხბურთის სიყვარული მაინც არ მტოვებდა და მაშინ ჩავიფიქრე, გამეკეთებონა კლუბი, სადაც ხელმოკლე ოჯახების ბავშვებს შეეძლებოდათ ფეხბურთის თამაში. თავის დროზე ასეთი ბავშვი ვიყავი მეც და, ზუსტად ვიცოდი, რას განიცდიდნენ ეს ბავშვები. წლების მერე, როცა მომეცა შესაძლებლობა, მართლაც გავაკეთე კლუბი – ეს იყო საბურთალოს პროექტი, სადაც ნიჭიერ ბავშვებს ჰქონდათ საშუალება, ეთამაშათ ფეხბურთი, სადაც, გადასახადის გადახდის ნაცვლად, პირიქით მათ ვუხდიდი ხელფასს.

ჩემი გზა რომ მოგიყვეთ, სენტიმენტალური საუბარი გამომივა, მაგრამ, მართლაც ასე იყო და რა ვქნა?! 18 წლის ვიყავი, როცა „ნახალოვკაში”, ტრიკოტაჟის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. არ მეთაკილებოდა, თუმცა, ძალიან ძნელი იყო ახალგაზრდა ბიჭისთვის ისეთი მძიმე შრომა. ამიტომაც, კარგად ვიცი მუშის ფასი. ჩემს კომპანიაში სულ ეჭვიანობდნენ ხოლმე, რომ მუშა ყველაზე მეტად მყავდა დაფასებული. არასდროს მშინებია ცხოვრების თავიდან დაწყება. როცა არ ხარ მიჯაჭვული ქონებასა და კომფორტს, ძალიან ადვილია, უარი თქვა ბევრ რამეზე და დარჩე თავისუფალი. ადამიანს პრობლემები მაშინ ეწყება, როცა იმის მონა ხდება, რასაც ქმნის. როცა ჯარიდან ჩამოვედი, თბილისში უკვე კოოპერატივები იყო გახსნილი. მე შპს-ს გახსნა გადავწყვიტე. გამგეობაში რომ წავედი დასარეგისტრირებლად, გამგებელმა მითხრა: შვილო, დირექტორი რატომ არ მოვიდა, შენ რომ გამოგიშვაო. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი კომპანია დავაფუძნე ზესტაფონის ქუჩაზე, სადაც 18 კვადრატულ მეტრ ფართში გავიზარდე. ჯერ პირველი ჯიხური ჩავდგი, მერე პირველი მაღაზია გავაკეთე. ზოგს უხაროდა, ზოგს სწყინდა, ზოგს უკვირდა. აბსოლუტურად ნულიდან ვქმნიდი ყველაფერს. ბევრს არ სჯეროდა, რომ არ მყავდა მფარველი, რომელიც ბიზნესის წარმართვაში მეხმარებოდა. მე მქონდა ჩემი წარმატების წყარო – წესიერება, რომლის იმპულსს დედა მაძლევდა. იმის მიუხედავად, რომ გვიჭირდა, დედა მაინც გულგახსნილი და პატიოსანი იყო და ყველაზე მთავარს – სწორ ორიენტირს მაძლევდა.

ჩემი მეუღლე წმიდა ნინოს ტაძარში გავიცანი. ის, თავისი სიკეთითა და პატიოსნებით, სულ სხვა განზომილებაშია. შვიდი შვილიდან ხუთი საკეისრო კვეთით გააჩინა. რომ არა ღვთის ნება, ვერ გადარჩებოდა. გმირი და თავდადებული დედაა და მთელი ცხოვრება მის ვალში ვიქნები ამ თავდადების გამო. პროფესიით პედაგოგია, მაგრამ, არ მუშაობს. ბავშვებს ზრდის – ესაა მისი მთავარი საქმე, თუმცა, ბევრ ბიზნესშია ჩემი პარტნიორი. საქმეშიც ისეთი საიმედო პარტნიორია, როგორც სახლში . ჩვენი შვიდივე შვილი ტაძარში დადის, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. უფროსი შვილი 19 წლისაა, უმცროსი, მარიამი – 1 წლის. ოთხი ბიჭი მყავს – დავითი, გიორგი, ცოტნე, იოანე. პირველ შვილს დედის სახელი – თამარი დავარქვი, მეორეს, სიდედრის პატივსაცემად – რუსუდანი. ისეთი სიდედრი მყავს, „შაქარ დედას” ვეძახი. სიდედრი მოხევე მყავს, სიმამრი – რაჭველი, ოღონდ, საუკეთესო რაჭველია – მესამე შვილიშვილზე მიხვდა, რომ სიძე ვიყავი, მანამდე ხან ოჯახის ახლობელი ვეგონე, ხან – მეგობარი (იცინის). რაც მინისტრი გავხდი, ერთ-ერთმა შვილმა დაიჩივლა: მამას რა უცნაური სამუშაო აქვს – სახლში აღარაა, მარტო ტელევიზორში ვხედავთო. ვცდილობ, ვიყო კარგი მამა; გოგონების მესაიდუმლე ვარ, რაზეც დედა ჩივის (იცინის). ჩემი რეჟიმის მიუხედავად, შაბათ-კვირა ჩემს ოჯახს ეკუთვნის. გვაქვს ჩვენი ოჯახური ტრადიციები, რასაც არ ვარღვევთ – გვიყვარს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა, ლამაზ კუთხეში ყოფნა, ქართული ისტორია და ხელოვნება – ქართული სიმღერა და ცეკვა ჩვენი ერის დიდი მონაპოვარია. ისტორია ისე მიტაცებს, რომ დამცლოდა ან მატერიალური საშუალებები მქონოდა და ადრეული ასაკიდან არ ჩავბმულიყავი ცხოვრების ფერხულში, სხვა მიმართულებებით წავიდოდი. რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდები, ალბათ, იმ ჩემი ძველი გატაცებებისთვისაც მოვიცლი.
თამუნა სამადაშვილი. ჟურნალი ,,თბილისელები”.[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები