ისტორიასაზოგადოება

საინტერესო ფაქტები ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ცხოვრებიდან.

#. მუჰამედ ჰოსნი საიდ მუბარაქი დაიბადა მინუფიას გუბერნიის, შიბინ-ალ-ქუმის ოლქის სოფელ კაფრ-ალ-მუსაილაჰში 1928 წლის 4 მაისს. მამამისი, საიდ იბრაჰიმ მუბარაქი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში შიბინ-ალ-ქუმის სასამართლო სტრუქტურის თანამშრომლად მუშაობდა. 1952 წელს, ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, იბრაჰიმი ქაიროში გადაიყვანეს, სადაც იგი იუსტიციის სამინისტროში ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

დაწყებითი განათლება ჰოსნის კაფრ-ალ-მუსაილაჰის სკოლაში მიიღო. შემდგომ მან სწავლა შიბინ-ალ-ქუმის საშუალო სკოლაში განაგრძო. მისი არაბული ენის მასწავლებელი იხსენებდა, რომ მომავალი პრეზიდენტი თავდაჯერებული ახალგაზრდა იყო, რომელიც სერიოზულობით ეკიდებოდა ნებისმიერ დაკისრებულ დავალებას. იგი გამოირჩეოდა თავისი თანაკლასელებისგან იმით, რომ უადვილდებოდა საშინაო დავალებების შესრულება. არაბული ენითა და ისტორიით დაინტერესებული ჰოსნი სპორტსაც მისდევდა. იყო გატაცებული ბალახის ჰოკეით და პინგ-პონგით.

#. 1959 წელს ჰოსნი მუბარაქი სტაჟირებაზე გაგზავნეს საბჭოთა კავშირში, კერძოდ ყირგიზეთში, ტოკმაკში, სადაც მას უნდა გაევლო ბომბდამშენი „ილ-28-ის“ პილოტირების კურსები. სტაჟირებიდან ეგვიპტეში დაბრუნებული ჰოსნი საავიაციო პოლკის მეთაურად დანიშნეს. 1964-1965 წლებში მუბარაქი საშტაბო სწავლებას გადიოდა მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, ასევე, ეუფლებოდა ბომბდამშენი „ტუ-16-ის“ პილოტირებასაც. ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში მუბარაქი ყვებოდა, რომ მოსკოვში ცხოვრების პერიოდში მან ინტერესის გამო ფეხით შემოიარა მოსკოვის მეტროპოლიტენის ყველა სადგური, ხოლო მის უსაყვარლეს ადგილად მოსკოვში დღემდე ითვლება ყოფილი გორკის ქუჩა, ამჟამად კი „ტვერსკაია ულიცა“, რომელიც თანამედროვე მოსკოვის გართობისა და ღამის ცხოვრების ცენტრად ითვლება.

#. 10 სანტიმეტრი – სწორედ ეს მანძილი აშორებდა სიკვდილისგან ვიცე-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს 1981 წლის 6 ოქტომბერს, როდესაც სამხედრო აღლუმის დროს მოკლეს ეგვიპტის მაშინდელი პრეზიდენტი ანვარ სადათი. ერთ-ერთ ინტერვიუში მუბარაქი ამბობდა, რომ მას დღემდე ყურში ჩაესმის ტყვიის ზუზუნი, რომლითაც სადათი მოკლეს. მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე, 52 წლის მუბარაქი ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა.

#. 1949 წელს გადაღებულ უცნობი დასახელების, ეგვიპტურ შავ-თეთრ მხატვრულ ფილმში ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს შესრულებული აქვს სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის როლი. მუბარაქი ფილმის რამდენიმე ეპიზოდში ჩნდება და მისი პერსონაჟი პილოტებს მხოლოდ მითითებებს აძლევს. ცნობისთვის: იმ დროს მუბარაქს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ სამხედრო სტრუქტურაში დაიწყებდა მსახურობას და საჰაერო ძალების გენერლის როლის არჩევა სრულიად შემთხვევით მოხდა. ფილმის რამდენიმე კადრი ვიდეოპორტალ „იუთუბიზე“ არის განთავსებული.

#. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ექვსჯერ სცადეს ჰოსნი მუბარაქის მოკვლა. მათგან ყველაზე ცნობილია: 1995 წელს ეთიოპიაში მომხდარი ტერორისტული აქტი, როდესაც მუბარაქის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს ისლამისტმა ექსტრემისტებმა. ეგვიპტის პრეზიდენტი არ დაზარალებულა, სამაგიეროდ, დაიღუპა ორი ეთიოპიელი პოლიციელი; მეორე შემთხვევა 1999 წელს ქაიროში მოხდა, როდესაც დანით შეიარაღებული უცნობი ბოროტმოქმედი თავს დაესხა მუბარაქს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მაგრამ არასასიკვდილო.

#. ყირგიზეთის რესპუბლიკაში ახლო მომავალში იგეგმება ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მუზეუმის გახსნა. ეს ინიციატივა იმით არის განპირობებული, რომ 50-იან წლებში მუბარაქი სამხედრო მომზადებას გადიოდა ყირგიზეთში, ტოკმაკის საჰაერო სასწავლებელში, სადაც ამჟამად ყირგიზული „სპეცნაზისთვის“ კადრების მომზადება მიმდინარეობს. ეგვიპტელი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მუზეუმის გახსნის შემდეგ გაიზრდება ეგვიპტელი ტურისტების რიცხვი ყირგიზეთში, რაც დაეხმარება ამ შუააზიური რესპუბლიკის ტურისტული ინფრასტრუქტურის აღორძინებას.

#. ირანის ეროვნული მილიციის „ბასიჯას“ ხელმძღვანელობამ ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის მოკვლისთვის ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. „რევოლუციური სტუდენტების“ („ბასიჯას“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი) წევრებმა სპეციალური აქცია გამართეს, სადაც გაცხადდა ამ ჯილდოს შესახებ. ირანელების აზრით, ჰოსნი მუბარაქი არის მუსლიმანური სამყაროს მოღალატე და ის იმსახურებს სიკვდილით დასჯას. ირანელების მუქარა იმით არის განპირობებული, რომ მუბარაქმა რამდენიმე წლის წინ მხარი დაუჭირა ამერიკელების შესვლას ერაყში და, ასევე, იმის გამოც, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ებრაელ პოლიტიკოსებთან.

#. ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერთაგანი იყო, რომელთანაც 2008 წლის ნოემბერში, სატელეფონო საუბარი გამართა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. რით იყო ეს ფაქტი განპირობებული და რა საკითხები მიმოიხილეს პოლიტიკოსებმა, უცნობია, მაგრამ, ფაქტია, რომ მათი საუბარი საკმაოდ დიდხანს, თითქმის 40 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ იმავე საღამოს ბარაკ ობამა მსოფლიოს კიდევ 15 ლიდერს ესაუბრა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ბრიტანელ პრემიერს გორდონ ბრაუნს, იაპონიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ტარო ასოს, ავსტრალიის პრემიერს ქევინ რადსა და საუდის არაბეთის მეფეს აბდალას.

#. ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რჩევით, ჰოსნი მუბარაქმა ეგრეთ წოდებული „აქაუნთი“ გახსნა ამჟამად ყველაზე პოპულარულ სოციალურ ინტერნეტ ქსელში – „ფეისბუქში“. „პროფილის“ გახსნიდან სულ ცოტა ხანში, მუბარაქს მეგობრობის დასადასტურებლად რამდენიმე ათასმა ინტერნეტ-მომხმარებელმა მიმართა. ყველაზე საინტერესო და აღსანიშნავი კი ის არის, რომ მუბარაქის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გასაგებად აუცილებელია არაბული ენის ცოდნა, რადგან თითქმის ყველა ტექსტი არაბულ დამწერლობაზეა შედგენილი.

#. ჰოსნი მუბარაქი კარგავს რეიტინგს „მსოფლიოს ყველაზე საშიში დიქტატორების“ სიაში. ამერიკული ჟურნალ „პარადის“ 2009 წლის მონაცემებით, რომელიც ყოველწლიურად ადგენს „ყველაზე საშიში“ დიქტატორების რეიტინგს, ჰოსნი მუბარაქი პირველი ოცეულის ბოლო საფეხურზე განთავსდა, ხოლო მის წინ ისეთი ქარიზმატული დიქტატორები დგანან, როგორებიც არიან: ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი, ჰუ ძინ ტაო ჩინეთიდან, ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ლიბიის ლიდერი მუამარ ყადაფი და ფიდელ კასტროს ძმა, კუბის ამჟამინდელი მმართველი რაულ კასტრო.

#ჰოსნი მუბარაქი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი 1981- 2011 წლებში. 2011 წლის 11 თებერვალს მის წინააღმდეგ, ქვეყანაში განვითარებული სახალხო მღელვარების გამო მუბარაქი გადადგა და ხელისუფლება სამხედროებს გადასცა. ამავე წლის აპრილში დააპატიმრეს მუბარქი. 2013 წლის აგვისტოში სასამართლომ გაანთავისუფლა ციხიდან თავდებით. 2014 წლის გაზაფხულზე მას მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ამავე წლის ნოემბერში მოუხსნეს ყველა ბრალდება და გაამართლეს.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები