მთავარი ბლოკისაზოგადოება

სამი ინიციატივა – ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

სამი ინიციატივა – სამოქალაქო სექტორის, მცირე ბიზნესისა და საკადრო პოლიტიკის მხარდასაჭერად

ეს წერილი თითქმის ორი წლის წინ გამოქვეყნდა გაზეთ „რეზონანსში“ (28.08.2013). თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ წერილში მოყვანილი პრობლემები კვლავ აქტუალურია და ამიტომ ამ პრობლემების გადაწყვეტის ინიციატივით განმეორებით მივმართავთ, უკვე დღევანდელ პრემიერ- მინისტრს.

ბ-ნო პრემიერ-მინისტრო,

მოგესალმებით საქართველოს რიგითი მოქალაქეები. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ვინმეს რამე ვასწავლოთ ან ჭკუა დავარიგოთ; უბრალოდ, ვხელმძღვანებლობთ რა საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც იწყება სიტყვებით: “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი”, ვთვლით, რომ გვაქვს უფლება გაგიზიაროთ თქვენ და ქართულ საზოგადოებას ჩვენი ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს არსებული ვითარება უკეთესობისაკენ კონკრეტული ქმედებებით.

გასულმა არჩევნებმა ძირეულად შეცვალა სიტუაცია ქვეყანაში და ახალი რეალობის გაჩენა აშკარად პოზიტიური მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა განვლილმა დრომ დაგვანახა, რომ ყველაფერის გამოსწორება ერთი ჯადოსნური ჯოხის აქნევით არ მოხერხდება, რისი დაპირებაც უხვად ისმოდა წინასაარჩევნოდ და რისი ცხოვრებაში უცბად რეალიზების მოლოდინიც დიდი იყო ჩვენს საზოგადოებაში.
ამ წერილის ფარგლებში ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების რევიზიას, თუმცა აუცილებელად მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ჯანსაღი და მძაფრი ოპონირება უნდა გაუწიოს ყველა ხელისუფალს.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ წარმატებული ქვეყნის უმთავრესი მაჩვენებელი საშუალო შეძლების, კარგად ინფორმირებული და მაღალი სამოქალაქო განათლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობაა. სამწუხაროდ, დღეს ასეთი მოქალაქეების რიცხვი კატასტროფიულად მცირეა საქართველოში.

სწორედ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად გთავაზობთ რამდენიმე წინადადებას, რომელთა ცხოვრებაში გატარება დიდი სიძნელეს არ წარმოადგენს და რომელთა რეალიზების შემთხვევაში საზოგადოება ხელშესახებად რეალურ დროში იგრძნობს პოზიტიურ შედეგებს და რამდენიმე მიმართულებით შეიძლება დაძაბულობის მოხსნის დაწყება – სამოქალაქო სექტორში, მცირე ბიზნესში და საკადრო პოლიტიკაში.
ინიციატივა სამოქალაქო სექტორის დაფინანსების შესახებ.

დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ უამრავი პრობლემა რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, გამოწვეულია სუსტი სამოქალაქო საზოგადოებით, თუმცა სუსტი სამოქალაქო საზოგადოება არ ნიშნავს სუსტ საზოგადოებას, რაც თვალნათლივ გამოჩნდა 2012 წლის 1 ოქტომბერს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო განათლების დაბალი დონე არის ერთდროულად მიზეზიც და შედეგიც ყველა იმ პრობლემისა, რის წინაშეც დგას დღეს საქართველო.

მოგეხსენებათ, ყველა იდეის განხორციელებას გარკვეული ფინანსური საფუძველი სჭირდება. დღეს საქართველოში სამოქალაქო აქტივობის დაფინანსება მხოლოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ხდება და მიუხედავად ჩვენი მათადმი პატივისცემისა, ხშირად მათი გამჟღავნებული პროირიტეტები და ინტერესები ვერ მოდიან თანხვედრაში, ჩვენი საზოგადოების რეალურ ინტერესებთან და პრიორიტეტებთან. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ქვეყნისთვის საშური პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვება.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უპრიანი იქნება ქვეყნის მოქალაქეებმა თვითონ მოახდინონ იმ სამოქალაქო აქტივობების დაფინანსება, რომელთა განხორციელება მათი აზრით საჭირო იქნება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.

ამ კუთხით არსებობს საინტერესო საერთაშორისო პრაქტიკა, კერძოდ პოლონეთში, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ მოქალაქეების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადების 1% აკუმულირდება სპეციალურ ფონდში, რომლიდანაც ფინანსდებიან შემდეგ არაკომერციული ორგანიზაციები. ამავდროულად გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება, სურვილის მიხედვით ეს თანხა მიმართოს იმ კონკრეტული ორგანიზაციის ბიუჯეტში, რომელსაც ენდობა და რომელსაც მხარს უჭერს.

მიგვაჩნია, რომ ამ ინიციატივის ცხოვრებაში გატარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესის დაწყებას. მითუმეტეს, რომ უკვე ჩვენს რეალობაშიც არის ასეთი პრეცენდენტი დაშვებული, მაგრამ მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის.

ინიციატივა საქართველოს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ.

მცირე ბიზნესის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური როლის გამო, მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში მათ ხელს უწყობენ სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც სპეციალურად მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არიან დაფუძნებულნი. მცირე ბიზნესის სახელმწიფო ხელშეწყობა არ ნიშნავს ცუდად მომუშავე საწარმოს დახმარებას. სახელმწიფო მიმართულია იმ პრობლემების გადაჭრისკენ, რომლებიც საწარმოს მცირე შესაძლებლობების გამო წარმოიშვება და შეიძლება ითქვას, არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს მსხვილ საწარმოსთან მიმართებაში.

მსოფლიოში მცირე ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მწირი ფინანსები და მათი მოპოვების სირთულე წარმოადგენს. საწარმოს ზომისა და მეწარმის გამოუცდელობის გამო ხშირად იქმნება პრობლემა კრედიტების დროულად დაფარვისა. ამ და სხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მცირე ბიზნესი იდეალურად ლიბერალურ პირობებში ვერ განვითარდებოდა.
პირველად მსოფლიოში მცირე ბიზნესის დახმარების გადაწყვეტილება აშშ-მ მიიღო. 1932 წელს, ეკონომიკური კრიზისის დროს მათ შეიმუშავეს სესხების გაცემის ფედერალური პროგრამა. სახელმწიფო კერძო საფინანსო სამსახურს აძლევს სესხის ნაწილის დაფარვის გარანტიას. კერძოდ: თუ მცირე მეწარმის აღებული სესხი არ აღემატება 750 000 დოლარს, მეწარმის გადახდისუუნაროდ შექმნის შემთხვევაში სახელმწიფო ფარავს კრედიტის 75%-ს. ხოლო თუ კრედიტი 100 000 დოლარს არ აღემატება, გარანტია 80%-ზე გაიცემა.

დაფინანსების მოპოვების შემდეგ მცირე მეწარმის პრობლემას წარმოადგენს არსებული კაპიტალის რაციონალურად გამოყენება. გამოცდილების არარსებობის და სხვადასხვა პრობლემის გაუთვალისწინებლობის გამო აშშ-ში ყოველწლიურად ახალი გახსნილი მცირე საწარმოების 85% კოტრდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი მუშაობს “აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია” რომელიც ამერიკის კონგრესმა 1953 წელს დააარსა. მის ხელმძღვანელს ნიშნავს პრეზიდენტი და ამტკიცებს სენატი. ქვეყანაში ფუნქციონირებს ამ ორგანიზაციის 1000 მდე ფილიალი სადაც 50-მდე სახის პროგრამა ფუნქციონირებს. მთავარ საქმიანობად ითვლება საიმფორმაციო მხარდაჭერა და გადამზადება. ტრეინინგები და კონსულტაციები; ინდივიდუალური დახმარების პროგრამები.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა – “საქართველოს მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია”, რომელიც შეისწავლის წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას ამ სფეროში და მოახდენს მის ადაპტირებას ჩვენს რეალობაზე.

ინიციატივა საკადრო პოლიტიკის პრობლემატიკასთან დაკავშირებით

საკადრო პოლიტიკაში წინა ხელისუფლების დროს არსებული პრობლემების ჩამოთვლა დღეს ნაკლებად აქტუალურია, გაცილებით საინტერესო და აუცილებელია ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ამ სფეროში არსებული შავი ლაქების დროული გამოვლენა, მათი აღმოფხვრა და პრევენცია, რადგან მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მშენებლობა სწორედ პროფესიონალურად შერჩეული კადრებით არის შესაძლებელი.
კადრების დღეს არსებული შერჩევის სისტემის სქემის აღწერით თავს არ შეგაწყენთ. ამჯერად მოგახსენებთ სისტემის უარყოფით მხარეებზე. ვაკანსიების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან გაცნობის შემდეგ, თვალში საცემია მოთხოვნების შემდგენი პირებისაგან საქმის არასათანადო ცოდნა, რის შედეგადაც ვიღებთ რიგ პრობლემებსა და უზუსტობებს:

1. უმეტეს შემთხვევაში საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულო ნუსხაში სჭარბობს კონსტიტუციის და საკანონმდებლო აქტების ცოდნა, რაც ნებისმიერი საჯარო სამსახურის საატესტაციო კომისიას აშკარად ვერ შეუქმნის ნათელ წარმოდგენას აპლიკანტის პროფესიულ კვალიფიკაციაზე.

2. უმეტეს წილად მოთხოვნებში სჭარბობს საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხვადასხვა ვადით მუშაობის გამოცდილება. ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა დისკრიმინაციულია და ზღუდავს იმ მოქალაქეთა უფლებას, რომლებმაც აქამდე ამა თუ იმ მიზეზით არ ისურვეს, ან ვერ შესძლეს საჯარო სამსახურში დასაქმება, რაც სულაც არ ნიშნავს მათ ნაკლებ პროფესიონალიზმს.

3. უცხო ენის სავალდებულო ცოდნა. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად აღიარებულია ქართული ენა. ამდენად, ეს მოთხოვნა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ვაკანსიებში შეგნებულად თუ უამისოდ დაშვებული უზუსტობები საკონკურსო ეტაპებთან დაკავშირებით, კონკურსის ობიექტურობას საეჭვოს ხდის. ესენია: საკვალიფიკაციო მოთხოვნების არაადეკვატურობა; კადრების შერჩევის სამართლიანობა; ბუნდოვანი გასაუბრების პროცესები, აპლიკანტის კვალიფიკაციის შეფასების პარამეტრების სტანდარტის არარსებობა; შერჩეული და თანამდებობაზე დანიშნული კადრების შესაბამისობა; საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მუშაობა;

აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასაქმება ათასგვარი არაწესიერი მეთოდით ხდება. იზრდება ნეგატიური დამოკიდებულება, უიმედობა სამართლიანობის აღდგენისა და სასიკეთო ცვლილებების მიმართ და რაც ყველაზე მთავარია, სამსახურების გარეთ რჩება რეალურად პროფესიონალი კადრი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას არსებული საჯარო სამსახურის ბიუროს ბაზაზე ჩამოყალიბდეს სამსახური, რომელიც დააკვირდება: საჯარო სამსახურებში საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენის პროცესს; აპლიკაციების გადარჩევის, ტესტირების და გასაუბრების მსვლელობას; საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მუშაობას; კონტაქტი ექნება იმ აპლიკანტებთან, რომლებმაც ვერ მიიღეს ვერანაირი პასუხი; მონიტორინგს გაუწევს იმ კონკურსების მსვლელობას, რომელთან დაკავშირებით გამორჩეულად მეტი პრეტენზია დაფიქსირდება; შეიმუშავებს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.

შედეგად მივიღებთ: საჯარო სამსახურებში ვაკანსიებისთვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობას ამ ვაკანსიების სპეციფიკასთან; კონკურსის თითოეული ეტაპის გამჭვირვალე და სამართლიან მსვლელობას; საკონკურსო ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერი დარღვევის პრევენციას და გამოვლენას.

პატივისცემით,
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჩვენ საქართველოს მოქალაქეების” სახელით:
ნოდარ კაპანაძე, სტატისტიკის ექსპერტი
გოგი ლორთქიფანიძე, გეოლოგი
ზაზა ჭუმბურიძე, ეკონომისტი
არჩილ წაქაძე, ფსიქოლოგი
ირაკლი ჯაფარიძე, ფილოლოგი
გიორგი თარხნიშვილი, ეკონომისტი
ბექა რამიშვილი, რეჟისორი
გიორგი კაჭარავა, იურისტი
[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები