სპორტი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები და მისი შანსები ევრობასკეტზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეთა შეფასება, მათი პლიუსები და მინუსები

www.fact2.ge – პაატა წამალაშვილი

როგორც იცით, დღეს, 31 აგვისტოს, პირველ თამაშს გამართავს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, შემადგენლობა ასეთია:

გამთამაშებელი               გ.ცინცაძე                (დიქსონი)            გ.გამყრელიძე

მსროლელი                     მ.დიქსონი               (მარკოიშვილი)    (სანაძე)                ა.ბოისა       

მსუბუქი ფორვარდი      მ.მარკოიშვილი       დ.სანაძე                მ.ბერიშვილი      (ა.ბოისა)

მძიმე ფორვარდი –         თ.შენგელია             ი.ლონდარიძე       (ზ.ფაჩულია)

ცენტრი –                         ზ.ფაჩულია             გ.შერმადინი          გ.ბითაძე

პირველ რიგში, ჩვენი უდიდესი პლიუსია მწვრთნელი – ილიას ზუროსი, რომელსაც კარგად ესმის რას ნიშნავს გუნდური თამაში და მოთამაშეთა სწორი გამოყენება, ასევე ნაკრებმა მისი საშუალებით მოაგვარა პერიმეტრზე (3 ქულიანის სასროლი დახაზული რკალი) დაცვის პრობლემა.

გიორგი ცინცაძე – (193სმ. 95კგ. გამთამაშებელი) მსოფლიოს დონის პასის კულტურა აქვს, რომელსაც კალათბურთის ბევრი ლეგენდა ინატრებდა, კარგად კითხულობს თამაშს და მომენტების სწორად გამოყენება შეუძლია, კარგი გამთამაშებელი კი საკვანძო ფიგურაა შეტევის დროს. არაა სწრაფი, მაგრამ კარგი დრიბლინგი აქვს და გაბარიტების წყალობით ბურთს ადვილად ვერ წაართმევ. დაცვაში სუსტია და არაათლეტურია ძალიან, მაგრამ მაღალია პოზიციისთვის და გუნდურ დაცვაში ეფექტურად ერთვება. სროლით არ გამოირჩევა. საკმაოდ კარგი ლიდერია და სტაბილურია.

მაიკლ დიქსონი – (185სმ. 83კგ. გამთამაშებელი) ძალიან სწრაფი და კარგი დამცველი უკანახაზელია, რომელსაც ახლა მსროლელზე უწევს დგომა, რადგანაც თავისი სროლით და დაცვით ფონს მაინც გადის უფრო დიდი ზომის მოთამაშეებთან. პასი არაა მისი ეფექტური მხარე, მაგრამ შესანიშნავი შემსრულებელია და ძალიან კარგი გუნდელი. ასევე სტაბილური მოთამაშეა.

მანუჩარ მარკოიშვილი – (196სმ. 96კგ. მსროლელი/მსუბუქი ფორვარდი). მანუჩარი არის კლასიკური მსროლელი, რომელიც არ იღებს დრიბლინგზე ინიციატივას და სხვებს აცდის ამ კრიტერიუმს, ისვრის კარგად და ძალიან ჭკვიანი დამცველია, ფიზიკურადაც ძლიერია. ასევე შესანიშნავი გუნდელია. სტაბილური არ არის, მაგრამ მისი დაცვა ყოველთვის შესამჩნევია. მას დღეს ფორვარდზე უწევს დგომა და ამისათვის სიმაღლეში ცოტათი დაბალია (მსუბუქი ფორვარდი მინიმუმ 200სმ უნდა იყოს), ეს შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებული არა, ნაკრები მაინც გუნდურ დაცვას თამაშობს. ნამდვილი მეომარია.

დუდა სანაძე – (196სმ. 96კგ. მსროლელი/მსუბუქი ფორვარდი) მასზე ბევრს არაფერს დავწერ, რადგან მე მოთამაშეთა ასეთი მსგავსება იშვიათად მინახავს. ის აბსოლიტურად იგივე სტილის კალათბურთელია, რაც მარკოიშვილია, ოღონდ ასაკით უმცროსი.

თორნიკე შენგელია – (207სმ. 109კგ. მძიმე ფორვარდი/მსუბუქი ფორვარდი) ძალიან ეფექტური და ძლიერი მოთამაშეა, რომელიც არც ფარქვეშ მოძრაობით გამოირჩევა, არც სროლით, არც განსაკუთრებული პასით და არც ეფექტური მოხსნებით, მაგრამ იმდენად აგრესიული შემტევია და იმდენად მებრძოლი კალათბურთელია, რომ ფონს მაინც გადის. სწრაფია და კარგი დამცველია.საჭიროების შემთხვევაში მსუბუქ ფორვარდზეც გადაიწევს, მაგრამ მხოლოდ დიდი ზომის ფორვარდებთან უნდა დააყენო დაცვაში, დანარჩენები სისწრაფეში დაჩაგრავენ. სროლაში ცუდია. ძალიან სტაბილურია და შეუძლია გუნდს ულიდეროს.

ზაზა ფაჩულია – (211სმ. 125კგ. ცენტრი) მას დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ყველა დროის ტოპ 5-ში შემავალი გუნდის ძირითადი მოთამაშეა და წლევანდელი NBA-ს ჩემპიონი. მისი მთავარი პლიუსია ძალიან ჭკვიანური თამაში შეტევაშიც და დაცვაშიც. ის არაა ნიჭიერი მოთამაშე და სწორედ ჭკუის ხარჯზე გადის ფონს. კარგად იჭერს პოზიციას მოხსნის დროს, არიგებს მშვენიერ პასებს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა ბლოკების დაყენების დროს (როცა გამთამაშებელს მის წინააღმდეგ მოთამაშე დამცველს აშორებს და გზას უთავისუფლებს). სროლაშიც ძალიან ნორმალურია, ოღონდ ეს მის პლიუსად მაინც არ ითვლება. ის არაა შემტევი მოთამაშე, ზაზას როლი ყოველთვის იყო შავი სამუშაო, როცა გუნდელებს ეხმარება თამაშში, ამიტომ ნაკრებში როლის შეცვლა უწევს ხოლმე, რასაც აქამდე მშვენივრად ახერხებდა და იმედია ახლაც მაოხერხებს. ის ნამდვილი ლიდერია.

გიორგი შერმადინი – (216სმ. 120კგ. ცენტრი) ძალიან კარგი მოძრაობები აქვს ფარქვეშ შეტევის დროს, მაგრამ ძალიან სუსტია პოზიციური თამაშის დროს, ამიტომ არაა კარგი მომხსნელი და არ ითვლება კარგ დამცველად. თუმცა ძალიან ჭკვიანია და შეტევაში მაინც გამოირჩევა. მშვენივრადაც ისვრის. მებრძოლი ხასიათი მასაც აქვს, როგორც ნაკრების თითოეულ წევრს.

გოგა ბითაძე – (213სმ. 116კგ. ცენტრი) ის ახლახანს გახდა 18 წლის და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ NBA-ში. ჯერ-ჯერობით ძალიან დაბნეული და მორიდებულია თამაშის დროს, რაც ბუნებრივია, თუმცა ამ ბიჭს შეუძლია უბრალოდ ყველაფერი. დაცვა, მოხსნა, სროლა, ფარქვეშ მოძრაობები, სისწრაფე, ძალა. ყველაფერი აქვს მას, რათა დიდი კალათბურთი ითამაშოს, მე პირადად ძალიან მეიმედება.

გიორგი გამყრელიძე – (185სმ. 80კგ. გამთამაშებელი) ძალიან სწრაფია და კარგი დრიბლინგი აქვს, ნორმალური დამცველია. სროლაში ძალიან ცუდია, ჭკვიანური თამაშიც არაა მისი ძლიერი მხარე, სამაგიეროდ პასის კულტურა ნამდვილად აქვს. გამოცდილი მოთამაშეა და მესამე ოპციის გამთამაშებლად მშვენიერი ვარიანტია.

მიხეილ ბერიშვილი – (203სმ. 90კგ. მსუბუქი ფორვარდი) იდეალური ზომისაა თავისი პოზიციისთვის და მებრძოლი ბიჭია. ქართულ სუპერლიგაში ასპარეზობს და მესამე ოპციაზე მშვენიერი ვარიანტია. დაცვაში ნორმალურია, მოხსნაც აქვს, სროლით და დრიბლინგით არ გამოირჩევა.

ილია ლონდარიძე – (206სმ. 84კგ. მძიმე ფორვარდი) ძალიან გამხდარია, მაგრამ მოხსნას მაინც ახერხებს. კარგი მებრძოლია და დაცვაში ფონს გადის. სროლა, ფარქვეშ მოძრაობები მისი მინუსია. ვერ ვიტყვით, რომ ცუდია მეორე ოპციაზე, მაგრამ მისი კლასი მაღალი არ არის.

ანატოლი ბოისა – (194სმ. 100კგ. მსუბუქი ფორვარდი/მსროლელი). პირდაპირ ვიტყვი, მე მის პლიუსებს ვერც ადრე ვხედავდი და ვერც ახლა ვხედავ. მისი როლი ნაკრებში იმით შემოიფარგლება, რომ იმ მოთამაშის წინააღმდეგ იღებს ჯარიმებს, რომელსაც თამაში მისდის, რათა ხელი შეუშალოს შეტევაში, ამ ყველაფრისთვის თამაშში ალბათ 4-5 წუთზე მეტი დრო არ ეძლევა.

 

შეგახსენებთ, რომ ტრავმა აქვს ვიქტორ სანიკიძეს (მსუბუქი ფორვარდია, რომელიც პოზიციურობის პრობლემას მოხსნიდა) და ბექა ბურჯანაძეს (სწორედ მას უკავია ღირსეული როლი მძიმე ფორვარდის მეორე ოპციის პოზიციაზე). ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

 

მოკლედ, საკმაოდ დაბალანსებული და შეკრული ნაკრები გვყავს იდეალური მწვრთნელით. არ გვყავს კარგი პერიმეტრი და პოზიციურად თამაში გვიჭირს, თუმცა ეს გუნდური სპორტია და სწორი თამაშით აქამდე ვახერხებდით მოგებებს, იმედია ევრობასკეტზეც ასე იქნება.

წარმატებები ჩვენს ბიჭებს და ჩვენს ქვეყანას!

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *