ისტორიამთავარი ბლოკისიმონ კილაძე

საქართველოს ტერიტორიისა და საზღვრების ძირითად ცვლილებათა ქრონიკა რა შევიძინეთ (დავიბრუნეთ) და რა დავკარგეთ

სიმონ კილაძის  facebook –ის გვერდიდან
Simon Kiladze

საქართველოს ტერიტორიისა და საზღვრების ძირითად ცვლილებათა ქრონიკა
რა შევიძინეთ (დავიბრუნეთ) და რა დავკარგეთ
———
(მომზადებულია ჩემს მიერ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე)
——–
1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიად მოიაზრებოდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, ბათუმის ოლქი (ართვინის ოკრუგით), ზაქათალის ოლქი (საინგილო), ყარსის ოლქის ჩრდ.ნაწილი (არტაანის ოკრუგი) და სოხუმის ოკრუგი (აფხაზეთი).
შენიშვნა: ჩამოთვლილ გუბერნია-ოლქებიდან საქართველოს ხელისუფლება 1918 წლის 26 მაისისთვის, სამხედრო-პოლიტიკური მიზეზების გამო, ვერ აკონტროლებდა ბათუმის ოლქს (ართვინის ჩათვლით), ზაქათალის ოლქს და არტაანის ოკრუგს.
———-
ტერიტორიული დანაკარგი – 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის იმპერიის ხელშეკრულებით, საქართველო იძულებული გახდა ოსმალეთისთვის დაეთმო ბათუმის ოლქი, თბილისის გუბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები. ამ ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა 1918 წლის 30 ოქტომბერს გამარჯვებულ ანტანტასა და დამარცხებულ ოსმალეთს შორის მუდროსში გაფორმებული ხელშეკრულებით. ბათუმის ოლქი და ართვინის ოკრუგი დიდი ბრიტანეთის ჯარებმა დაიკავეს და იქ საოკუპაციო ხელისუფლება ჩამოაყალიბეს;
—–
ტერიტორიული დანაკარგი – 1918 წლის ივნისში ზაქათალის ოლქის მმართველმა ადგილობრივმა ეროვნულმა საბჭომ ოლქის აზერბაიჯანისადმი მიერთება გამოაცხადა. საქართველოს ხელისუფლებამ, პოლიტიკური მოსაზრების გამო, ამ ფაქტზე დუმილი ამჯობინა. ასე გაგრძელდა 1920 წლის მაისამდე, როცა საბჭოთა რუსეთთან და აზერბაიჯანის სსრ-სთან მოლაპარაკების დროს ზაქათალის ოლქი სადაო ტერიტორიად გამოცხადდა და მისი კუთვნილების საკითხი შერეულ კომისიას უნდა გადაეწყვიტა;
——
ტერიტორიული შენაძენი – 1918 წლის ივლისში, რუსეთის შავი ზღვის გუბერნიის სოჭის ოლქის დაკავება საქართველოს არმიის მიერ;
——
ტერიტორიული დანაკარგი – თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილი ლორის მხარე (1918 წლის დეკემბერი). მოგვიანებით, 1919 წლის მარტში ლორის მხარეს ნეიტრალური ზონის სტატუსი მიენიჭა ორმხრივი ქართულ-სომხური მმართველობით;
—–
ტერიტორიული დანაკარგი – 1919 წლის თებერვლის დასაწყისში, სოჭის ოლქის დათმობა სამხრეთ რუსეთის მთავრობისადმი (მოხალისეთა არმიისათვის). საბჭოთა რუსეთისათვის სოჭის ოლქის დე-იურედ გადაცემა გაფორმდა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით (მესამე მუხლით საზღვარი მდ.ფსოუზე დაფიქსირდა);
——-
ტერიტორიული შენაძენი (ტერიტორიის დაბრუნება) – 1919 წლის აპრილში, ყარსის ოლქის ჩრდ.ნაწილი – არტაანის ოკრუგი – საქართველოს არმიის მიერ ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის“ წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული ოპერციის შედეგად;
——-
ტერიტორიული დანაკარგი – 1919 წლის ოქტომბერში, სომხეთის კატეგორიული მოთხოვნითა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, არტაანის ოკრუგის სამხრეთი ნაწილი სომხეთს მიუერთდა;
——–
ტერიტორიული შენაძენი (ტერიტორიის დაბრუნება) – 1920 წლის ივლისში ბათუმის ოლქი და ართვინის ოკრუგი დიდი ბრიტანეთმა, ანტანტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს გადმოსცა;
—–
ტერტორიული შენაძენი (დაბრუნება) – 1920 წლის დეკემბერი, ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილის – ლორის მხარის გაკონტროლება საქართველოს არმიის მიერ.
——
შენიშვნები: ა) 1920 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფართობმა, ანუ იმ ტერიტორიამ, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლება აკონტროლებდა, თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – პირველად მეთოთხმეტე საუკუნის შემდეგ;
ბ) 1920 წლის ნოემბრის ბოლოს, ერთა ლიგაში საქართველოს მიღების პროცედურის დროს, როცა კომისია საქართველოს ტერიტორიისა და საზღვრების მდგომარეობას იხილავდა, აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს თავის ტერიტორიას (ანუ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებს, ბათუმის ოლქს, ართვინის ოკრუგს, სოხუმის ოკრუგს), თუმცა გასარკვევია საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აქვე შევნიშნავ, რომ ცნობილი რუკა „საქართველო ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებში“ სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც ერთა ლიგას საქართველოს საზღვრები არც უღიარებია და არც დაუმტკიცებია, კომისიამ მხოლოდ დააფიქსირა საქართველოს საზღვრების მდგომარეობა.
————
ტერიტორიული დანაკარგი – 1921 წლის თებერვალი. სოხუმის ოკრუგის სოფელი პილენკოვო (მოგვიანებით – განთიადი), რომელიც საქართველოში რუსეთის მე-9 წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ სოჭის ოლქის ადმინისტრაციამ მიიერთა;
——-
ტერიტორიული დანაკარგი – 1921 წლის 3 აგვისტო. საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ სომხეთის სსრ-ს ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილი – ლორის მხარე გადასცა;
——-
ტერიტორიული დანაკარგი – 1921 წლის 15 ნოემბერი. საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ უარი განაცხადა სადაო ზაქათალის ოლქზე აზერბაიჯანის სსრ-ის სასარგებლოდ. ასევე აზერბაიჯანს გადაეცა გარეჯის ველი და ყარაიაზის სექტორი;
——–
ტერიტორიული შენაძენი (დაბრუნება) – ამიერკავკასიის ცაკ-ის 1923 წლის დადგენილებით, აზერბაიჯანმა საქართველოს გადმოსცა ალაზნისპირა ველის ნაწილი (წინამინდორი), ზაქათალის ოლქიდან;
——-
ტერიტორიული შენაძენი (დაბრუნება) – ამიერკავკასიის ცაკ-ის 1927 წლის დადგენილებით, აზერბაიჯანმა საქართველოს გადმოეცა ჩათმის ველი (ყაზახის მაზრიდან);
——-
ტერიტორიული დანაკარგი – საკავშირო ცაკ-ის 1927 წლის დადგენილებით, დუშეთის მაზრის სოფლები მელხესტი და ცეკარო გადაეცა რსფსრ-ს;
——-
ტერიტორიული შენაძენი (დაბრუნება) – სსრკ ცაკ-ის 1927 წლის იანვრის გადაწყვეტილებით, პილენკოვო აფხაზეთის სსრ-ს (საქართველოს) გადმოეც;
——–
ტერიტორიული შენაძენი – სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 7 მარტის დადგენილებით, საქართველოს სსრ-ს გადმოეცა რსფსრ-ს ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-დან – ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი; გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. ამ ტერიტორიებიდან ნაწილი ყაზბეგის რაიონს მიუერთდა. ითუმ-ყალეს რაიონი ახალხევის რაიონად გარდაიქმნა, რომელიც, მოგვიანებით, დუშეთის რაიონს მიუერთდა;
——–
ტერიტორიული შენაძენი – სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 8 აპრილის დადგენილებით, საქართველოს სსრ-ს გადმოეცა რსფსრ-ს ყოფილი ყარაჩაის ავტონომიური ოლქის სამხრეთი ნაწილი (იალბუზის მთის ჩათვლით). შეიქმნა ქლუხორის რაიონი;
——
ტერიტორიული დანაკარგი – სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955 წლის 10 მარტის დადგენილებით, ყარაჩაის ავტონომიის აღდგენის გამო, საქართველოს სსრ-მ რსფსრ-ს გადასცა ქლუხორის რაიონი, რომელსაც მოგვიანებით ყარაჩაევსკი ეწოდა;
——-
ტერიტორიული დანაკარგი – სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1957 წლის 9 იანვარის დადგენილებით, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენის გამო, საქართველომ რსფსრ-ს დაუბრუნა ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონი, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი; გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.
——–
ტერიტორიული დანაკარგი (დროებით ოკუპირებული) – 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და იქ თავისი სამხედრო ბაზები განალაგა (ანუ ოკუპირება მოახდინა);
——-
ტერიტორიული დანაკარგი (დროებით ოკუპირებული) – 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ გორის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტ.ოლქის – ცხინვალის რეგიონის) ტერიტორია დამოუკიდებლად აღიარა და იქ თავისი სამხედრო ბაზები განალაგა (ანუ ოკუპირება მოახდინა).
სიმონ კილაძე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები