მედიცინაქალი და მამაკაცი

საქართველოში გოგონების (15-24 წლის) 32%-მა განაცხადა, რომ აქვს სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება

თითქმის ყველა რესპოდენტმა გამაცხადა, რომ პირველი სქესობრივი კავშირის დროს კონტრაცეპტივი არ უხმარიათ

  • საქართველოში ახალგაზრდა ქალების (15-24 წლის) თითქმის მესამედმა (32%) განაცხადა, რომ აქვს სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება; ამათგან უმრავლესობამ განაცხადა რომ სქესობრივი ცხოვრება დაიწყო ოჯახის შექმნის შემდეგ.
  • თითქმის ყველა რესპოდენტმა გამაცხადა, რომ პირველი სქესობრივი კავშირის დროს (მიუხედავად ქორწინების სტატუსისა) კონტრაცეპტივი არ უხმარიათ (99%), მიუხედავად იმისა, რომ დაორსულების სურვილი მხოლოდ 67%-ს ჰქონდა.

საქართველოში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარისხობრივი კვლევის შედეგები

კვლევა განხორციელდა პროექტის – „დროული ინტერვენცია ჯანმრთელობისათვის“ ფარგლებში. პროექტის დონორი – RFSU, SIDA. კვლევა განხორციელებულია ორგანიზაციის „თანადგომა“ მიერ.

ხარისხობრივი კვლევის მიზანი იყო: საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჭიროების, ხელმისაწვდომობის და მიწოდების გზების მოძიება.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა: X-XI კლასის პედაგოგები, X-XI კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.

დისკუსიები და ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი.

X-XI კლასის მოსწავლეებში კვლევამ აჩვენა რომ:

  • გამომდინარე იქიდან, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საუბარი რესპონდენტების ნაწილში და საზოგადოებაშიც აღიქმება, როგორც საუბარი სექსზე, თემა ტაბუირებულია და მოზარდებს უჭირთ, გამოხატონ თავიანთი ინტერესი და თავისუფლად ისაუბრონ საკუთარ საჭიროებებზე.
  • გარდატეხის ასაკის ფიზიოლოგიური ცვლილებებიც მათთვის ძნელად სასაუბრო თემას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ისინი აქტიურად ეძებენ ინფორმაციას თავის თანატოლებში, უფროსებში, მას-მედიის სხვადასხვა საშუალებებში, ანუ იქ, სადაც მათ ინტერესის გამო არ განიკითხავენ;
  • გამოკითხულ მოზარდებს შორის სგგი-იზე ინფორმირებულობა გაცილებით დაბალია, ვიდრე აივ/შიდსზე. თუ აივ-ზე სულ ცოტა მაინც ყველას სმენია, სგგი-ის შემთხვევაში მოზარდების ნაწილს ამ დაავადებათაგან არცერთის შესახებ სმენია. ზოგმა დაასახელა მხოლოდ შიდსი.
  • გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები გამოვლინდა აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე საუბრისას. რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აბორტზე პასუხისმგებელი არის ქალი, რომელიც იტარებს ამ პროცედურას, და ექიმი, რომელიც ატარებს მას. მათი აზრით, მამაკაცს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ აქვს, რადგან ნაყოფი ქალის მუცელში იმყოფება და ნაყოფის ბედიც მისი გადასაწყვეტია. რესპონდენტების ნაწილი თანაბრად ანაწილებს აბორტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ქალსა და მამაკაცზე.
  • როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, სქესობრივი ცხოვრების პრაქტიკა მოზარდებში არც თუ ისე იშვიათია, განსაკუთრებით – ბიჭებში. ამ საკითხებზე საუბრისას გამოვლინდა გენდერული სტერეოტიპები ქალის სქესობრივ აქტიურობასთან დაკავშირებით: ბიჭისათვის სქესობრივი აქტიურობა დასაშვებია, ხოლო გოგონასათვის კი – არა. რესპონდენტების საუბრიდან გამომდინარე, საქართველოში რელიგიური და სოციალური აკრძალვებიც სქესობრივი აქტიურობის დაშვების კუთხით ვრცელდება გოგონებზე და არა ბიჭებზე.
  • გენდერული სტერეოტიპები აისახა კონდომის გამოყენებაზე პასუხისმგებლობის შესახებ საუბრისას. რესპონდენტების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს ცალსახად მამაკაცის პრეროგატივაა, მაშინ, როცა აბორტზე პასუხისმგებლობას ცალსახად ქალს აკისრებენ. რესპონდენტების მხოლოდ მცირე ნაწილმა აღნიშნა, რომ თავდაცვაზე პასუხისმგებელი არის ქალი ან თანაბრად ორივე პარტნიორი.
  • არის მზაობა და სურვილი, სკოლებში ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე.

 X-XI კლასის პედაგოგები

  • პედაგოგებში სგგი/აივ/შიდსის, აბორტის და ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი შეიმჩნევა;
  • პედაგოგების ნაწილი არ გრძნობს თავს კომფორტულად რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას;
  • პედაგოგებისთვის მისაღები იქნება, თუ სკოლები იზრუნებენ მოზარდებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.
  • აბორტზე საუბრისას გამოვლინდა გენდერული სტერეოტიპები, სადაც პასუხისმგებლობას აბორტის გაკეთებაზე ანიჭებენ მხოლოდ ქალს. ეს რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ქალს შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და ისე დაიცვას თავი, რომ მამაკაცმა ვერც კი გაიგოს ამის შესახებ. ეს დამოკიდებულება დისკრიმინაციულია და პასუხისმგებლობების არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.
  • გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგები საუბრობენ და მიუთითებენ მოზარდების სქესობრივ აქტიურობაზე, მათ მიაჩნიათ, რომ მოზარდებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ აიცილონ თავიდან არასასურველი ორსულობა.
  • კვლევისას რესპონდენტების მიერ აღნიშნულ იქნა, რომ მოზარდები ინტერესდებიან ისეთი საკითხებით, როგორიცაა ნარკოტიკები, რეპროდუქციული სისტემა, მოზარდობის ასაკი, შიდსი, აბორტი.

X-XI კლასის მოსწავლეების მშობლები

  • მშობლები თვლიან, რომ აუცილებელია, სკოლებმა იზრუნონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ მოზარდების განათლებაზე;
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე სწორი ფორმატით და დროულად მიწოდებული ინფორმაცია მისაღებია არა მხოლოდ იმ მშობლებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ მოზარდებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია მსგავსი განათლება, არამედ იმ მშობლებისთვისაც, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი ამ საკითხის მიმართ.
  • აბორტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის განხილვისას რესპონდენტების აზრი ორად გაიყო. ნაწილი თვლის, რომ აბორტზე პასუხისმგებელია ქალი, ხოლო ნაწილის აზრით პასუხისმგებლობა ქალსა და მამაკაცზე თანაბრად ნაწილდება. ის რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ აბორტის გაკეთებაზე მხოლოდ ქალია პასუხისმგებელი, საკუთარ დამოკიდებულებას ხსნიან იმით, რომ, თუ ქალი არ არის მზად შვილის გაჩენისთვის და მაინც მიდის სქესობრივ ურთიერთობაზე, მაშინ ეს მისი პრობლემაა.
  • მოზარდების ორსულობასა და აბორტზე საუბრისას რესპონდენტებმა

აღნიშნეს, რომ მოზარდის ორსულობა ქორწინების გარეშე საზოგადოებაში მიუღებელია და რომ ეს განპირობებულია საზოგადოების მენტალიტეტით. რესპონდენტების უმეტესობის აზრით, ზოგადად ქართველ მშობელთა უმეტესობა ქორწინების გარეშე დაორსულებულ შვილს აბორტს გააკეთებინებს. თუმცა, კითხვაზე, როგორ მოიქცეოდნენ თავად ისინი, თუ ეს პრობლემა უშუალოდ მათ ოჯახებს შეეხება, მათ ან არ აქვთ პასუხი ან ამბობენ, რომ შვილს აბორტს არ გააკეთებინებენ.

  • მშობლებთან მოზარდების სქესობრივ აქტიურობაზე საუბრისას გამოიკვეთა გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც განპირობებულია არსებული სოციალური და რელიგიური ნორმებით. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ბიჭები უფრო მეტად არიან სქესობრივად აქტიურები, ვიდრე გოგონები. მშობლებისთვის მიუღებელია გოგოს სქესობრივი აქტიურობა ქორწინებამდე, მაშინ, როცა ბიჭის შემტხვევაში ეს ბუნებრივი და თავისთავადია.

კვლევის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: www.tanadgoma.ge

ამჟამად „თანადგომა”  სრულიად უფასოდ ახორციელებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამას, რაც გულისხმობს უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობის, აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციასა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მიმართოს და სრულიად უფასოდ მიიღოს დახმარება www.new.tanadgomaweb.ge 

კონტაქტი:   თბილისი, 0112, ა.ქურდიანის ქ.21
ტელ.:(+995 32) 2 25 18 19, (+995 32) 2 35 21 32
ელ.ფოსტა: center@tanadgoma.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *