უკატეგორიო

სახალხო პარტია – ეს სისტემა ქართულ ოცნებასაც შეჭამს

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო პარტია განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ უცვლელად განცხადების ტექსტს

“ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, ისე არ დაცემულა, რომ უსამართლოდ დაჩაგრული შვილმკვდარი მამის თანაგრძნობის სურვილი არ შერჩენოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ მისი ავტორიტეტი არც ისე მაღალია, რომ მისი შიშით სახელმწიფო ინსტიტუტები თავს ვალდებულად თვლიდნენ უზრუნველყონ სამართლიანობა და არ განახორციელონ სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები.

ეს ფაქტიური გარემოება კი ნოყიერი ნიადაგია იმისათვის, რომ ა) პროკურატურამ ისე წარმართოს საქვეყნოდ გახმაურებული საქმეების გამოძიება, როგორც მის ხელმძღვანელთა (მთლიანად ხელისუფლების) ახლობლებს სურთ, და, ბ) ხელისუფლებამ, პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზების პირობებში, სამართლიანობის დაცვის ინიციატივა ხელში ჩაუგდოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში დისკრედიტირებულ და დამნაშავედ მიჩნეულ პოლიტიკურ ჯგუფს.

მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ

  • სახეზეა სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების სრული კრახი და ოპერატიული ინფორმაციის გამოყენება პირადი და კლანური ინტერესებისთვის;
  • ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქე და მისი ტრგედია, მისთვის ხალხი მხოლოდ საშუალებაა საკუთარი მიზნების მისაღწევად;
  • ხელისუფლება კომფორტულად გრძნობს თავს, კოჰაბიტაციის ანუ, “შუა გაკრეფილ” სივრცეში, როცა სახელმწიფოსგან დაუცველ ადამიანებს ნაციონალური მოძრაობა, მისი განაყოფები და სატელიტები იცავენ;
  • ამ უკანასკნელთა მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე, ხელოვნურად ხდება, სიძულვილის გაღვივება ღირებულებით პრინციპებზე დაფუძნებული პარტიული (პოლიტიკური) ინფრასტრუქტურის მიმართ, რაც ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობის აუცილებელი პირობაა. სანაცვლოდ კი ხდება ძველი პიროვნულ-კლანური კორუფციული სისტემის გაძლიერება;
  • დიდი ადამიანური ტრაგედია გამოყენებულია, როგორც ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევების გადასაფარად, ისე, ხელისუფლების შიგნით არსებული შიდა დაპირისპირებებში წარმატების მისაღწევად;
  • ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული სხვა მრავალი სიმახინჯეც სწორედ ამ დრომოჭმული სისტემის პირმშოა.
სახალხო პარტია გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ხელისუფლების უსამართლობით გამწარებულ ოჯახებს და თანადგომას აღუთქვამს მათ სამართლიან ბრძოლაში.
ასევე, ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის დამღუპველი პოლიტიკის გაგრძელებას.
მიგვაჩნია, რომ საჭიროა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა. რისთვისაც, მინიმუმ საჭიროა მოხდეს კონკრეტული პირების (უპირველეს ყოვლისა იუსტიციისა და სასამართლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა, თუ მთელი მთავრობის არა) პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
ჩვენთვის მიუღებელია „ძირგამომპალი უსამართლო სისტემის“ დანგრევის მოწოდების ქვეშ მხოლოდ პერსონალიების ცვლა. დანაშაულებრივი სისტემის ცვლილება პირადი პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დაწესებასა და პოლიტიკური მონოპოლიის დანგრევას გულისხმობს, რაშიც, სამწუხაროდ, არც ხელისუფლებისა და არც მიმდინარე სხვადასხვა აქციის წარმომადგენლები აქამდე შემჩნეული არ ყოფილან.
სასიცოცხლოდ აუცილებელია კონკურენტული პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის დაუყონებლივი ფორმირება. ისეთი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიღება, რომელიც ზუსტად ასახავს საზოგადოების შიგნით არსებულ განწყობებს და იქნება არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუყონებლივ დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მანკიერი სისტემის შესაცვლელად და ვაფრთხილებთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთგან მხარდაჭერილი ძველი სისტემა მათ ხელისუფლებასაც იმავე მდგომარეობაში გადაისვრის, რა მდგომარეობაშიც დღეს ნაციონალური მოძრაობაა.
სახალხო პარტია გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე დისკუსიისთვის და იმ საპროტესტო აქციაზე დასადგომად, რომელის დღის წესრიგი იქნება ქართული სახელმწიფოს აშენების და განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა.”
სახალხო პარტია
06.06.2018

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *