გოგი ლორთქიფანიძეპოლიტიკასაზოგადოება

საჯარო რეესტრის განცხადება შპს “ტელეკომპანია საქართველოს” შესახებ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება შპს “ტელეკომპანია საქართველოს” შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს (ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge).

გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს “ტელეკომპანია საქართველოს” პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი – შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’ საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა – შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება.

ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს. ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდება, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა საქმეზე, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ტელეკომპანიისა და შემძენი მხარისათვის სასურველი რეგისტრაცია.

აქვე შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებსა და სხვადასხვა განცხადების ავტორებს, რომ კანონმდებლობის თანახმად (,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, 2009 წლის 30 დეკემბერი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241ბრძანება) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი განცხადება და თანდართული ნებისმიერი დოკუმენტი საჯაროა, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, განაცხადის წარდგენის პირველივე წუთიდან. ამგვარი საჯაროობა და გამჭვირვალობა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობას.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები