საზოგადოება

„სითი ინსტიტუტის“ ხილვები, ანუ როგორც იფარავენ უცხოელებს ქართველების ავი თვალისგან

რაკი „სითი ინსტიტუტი საქართველოსთვის“ ბრძოლა თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტისთვის გადამწყვეტ ფაზაშია, ცხადია, მისი მესვეურებიც გააქტიურდნენ და მაშველ რგოლად ამჯერად თავიანთი უცხოელი პარტნიორები მოიხმეს, თუმცა უცხოელ პარტნიორებთან „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს არ ასაჯაროებენ, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ავი თვალი არ ვცეთ.

ოღონდ უცხოელთა (პარტნიორების) მალვის ოფიციალურ ვერსიად, თავდაპირველად, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი იმას ასახელებდა, რომ არავის საქმე არ არის, რა ხელშეკრულება და ვისთან გააფორმა მისმა კომპანიამ და რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი საქმეა, ანუ საკითხს აშუღის პათოსით უდგებოდნენ: „შენ ხილი ჭამე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გენგეგმის პროექტით ისიამოვნე), მებაღეს რას ჰკითხულობო (ანუ უცხოელსა თუ ადგილობრივ პარტნიორებს რას დაეძებო)“.

მაგრამ საქმე ის არის, რომ „სითი ინსტიტუტსა“ და თბილისის მერიას შორის მათი თანამშრომლობის აისზე, ანუ 2015 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შავით თეთრზე წერია, რომ „შემსრულებლის“, ანუ „სითი ინსტიტუტის“ მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები თან უნდა დაერთოს ამ მთავარ ხელშეკრულებას, თანაც, არა უგვიანეს 45 დღის ვადაში.

მეტი დამაჯერებლობისთვისა და ობიექტურობისთვის მოვიტან ამონარიდს თბილისის მერიასა და „სითი ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების („მხარეთა უფლება-მოვალეობანი“) მეოთხე პუნქტიდან: „მიმწოდებელი” ვალდებულია „შემსყიდველთან” შეთანხმებით, დანარი 4-ით განსაზღვრულ იურიდიულ პირებთან (ჩვენს თვალთათვის უჩინარ უცხოელ პარტნიორებთან) უზრუნველყოს დანართი 3-ით გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება, არაუგვიანეს 45 დღისა წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან, რომლებიც დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას.“

შესაძლოა აღნიშნული დაგვიანებული მოთხოვნა, იმიტომაც გაჩნდა, რომ ამ ინფორმაციამ გამოჟონა  – ან კი რა გამოჟონვა უნდოდა, როდესაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, მიმართოს თბილისის მერიას და მოითხოვოს აღნიშნული ხელშეკრულების ასლი. მიმართეს კიდეც ცნობისმოყვარე თბილისელებმა და აღმოაჩინეს, რომ თან ამ ხელშეკრულებას, რომლის ამონარიდიც გაგაცანით, არანაირი ხელშეკრულებები არ ახლდა – მოგვიანებით, უფრო ზუსტად, სულ ახლახან „სითი ინსტიტუტის“ მესვეურებმა პოზიცია შეიცვალეს და საზოგადოებას აცნობეს, რომ ხელშეკრულებებიც აქვთ გაფორმებული და რომ არ ჰქონდეთ, ამას მათ მერია არ აპატიებდა. თუმცა კვლავ უარს აცხადებენ, გაასაჯაროონ ეს ხელშეკრულებები…

მოტივი კი მეტად საინტერესოა: იქნებ ჩვენს გერმანელ, ფრანგ და ჰოლანდიელ პარტნიორებს არ სურთ, ყველამ გაიგოს, რა ანაზღაურება აიღეს პროექტზე მუშაობაშიო.

მეორე მხრივ, რატომ არ უნდა უნდოდეთ კანონმორჩილ უცხოელებს ამ ხელშეკრულებების გასაჯაროება?! ვითომ შემოსავლებს უმალავენ ბიუჯეტს?!

თუმცა ისიცაა, თუკი ყველას ეპარება ეჭვი უცხოელების თანამონაწილეობაში, ვითომ რა დაშავდება, თუკი თანდართულ ხელშეკრულებებს გამოაქვეყნებდნენ ისე, რომ იმ ადგილს, სადაც ჰონორარების ოდენობაა მითითებული, შავ ჩარჩოს დააფარებდნენ.

საინტერესო დეტალია, რომ გენგეგმის პროექტის შემუშავებაში უცხოელი სპეციალისტების თანამონაწილეობაში ეჭვი შეიტანა მსოფლიო ბანკის ბრიტანელმა ექსპერტმა ჯონ ბეროუზიმ. რატომ? იმიტომ რომ უცხოელი ექსპერტები, თუკი ისინი მონაწილეობას იღებდნენ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლებაზე, იმ შეთავაზებებს, რაც პროექტშია, არ დაეთანხმებოდნენო.

ერთი სიტყვით, „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი აცხადებს, რომ ანგარიშვალდებულები მხოლოდ მერიის წინაშე ბრძანდებიან და ამიტომაც არავისთვის არაფრის ახსნას არ აპირებენ. ჩვენთვის ცხადია, უცნობია, რატომ ხელმძღვანელობენ ამ ჩვენი დედაქალაქის გენგეგმის პროექტის ავტორები ავტორიტარიზმის პრინციპებით და რატომ უკეთებენ იგნორირებას დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს. და, თუკი ასეთი მჭიდრო კავშირი აქვთ უცხოელ პარტნიორებთან, იქნებ მათთვის ეკითხათ, არის თუ არა საზოგადოების საქმე, იცოდეს ვინ და რისთვის დახარჯა ამ საზოგადოების, ანუ ბიუჯეტის ფული.

ხოლო, სანამ ჩვენ უცხოურ კვალს ვეძებდით გენგეგმის პროექტში და იმის იმედი გვქონდა, რომ ჩვენებური „სიით ინსტიტუტელები“ მათგან, თუ ხეირიანი გენგეგმის პროექტის წერას ვერ ისწავლიდნენ, დემოკრატიის ანა-ბანაში მაინც მიიღებდნენ საყველპურო ცოდნას, ორიოდე დღის წინათ „სითი ინსტიტუტმა“ თითქოს თავიანთ გერმანელ პარტნიორებს საჯარო ბიბილიოთეკაში უმასპინძლეს, ოღონდ შეხვედრა თარჯიმნის გარეშე ჩატარდა. შესაბამისად, სცენა შემდეგნაირი იყო: გერმანელი სტუმარი ლაპარაკობდა გერმანულად, არავინ თარგმნიდა, „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი კი თავს უქნევდა (ცხადია, თანხმობის ნიშნად).

ეს სტილი სიახლე არ არის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მუშაობაში, იმიტომ რომ გენგეგმის პროექტის სხვადასხვა ეტაპის წარდგენისას, ბოლო ორზე მეტი წლის განმვლობაში, განხილვაზე, ძირითადად, ისწრებდნენ ან  მათდამი ლოიალურად განწყობილ საზოგადოებას, ან ისეთი სახის განხილვებს აწყობდნენ, რომელზე მიწვეულებიც მაინც ვერაფერს გაიგებდნენ (იმიტომ რომ გენგეგმის სპეციალისტები არ იყვნენ).

მაგრამ, როგორც ჩანს, „სითი ინსტიტუტი“ ისე შევიდა როლში, რომ საკუთარი თავი, თუ მთლად ღმერთთან მებრძოლ იაკობად არა, კონსტანტინე არსაკიძედ წარმოიდგინა და მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა დედაქალაქის მომავალი (სხვათა შორის, ისე, რომ თბილისის დედაქალაქობა, ანუ მისი მნიშვნელობა სახელმწიფოსა და რეგიონისთვის არათუ გათვალისწინებული, ნახსენებიც არ აქვთ).

და კიდევ ერთი დეტალი, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, „სითი ინსტიტუტის“ მიერ უცხოელი პარტნიორების ჰონორარების გასაიდუმლოების კონტექსტში: მართალია, უცხოური კერძო კომპანიების უფლებებს უფრთხილდებიან (ყველაფერი კერძო ხელშეუხებელია, მაშინაც კი, თუ თქვენს ფულს ხარჯავენ, არ უნდა იცოდეთ, რაში და რამდენიო), სამაგიეროდ, თავიანთ გენგეგმის პროექტში 20 000-25 000 კერძო მესაკუთრის საკუთრების უფლებას ზღუდავენ. როგორც მთავარი შემზღუდველი, ანუ „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი აცხადებს, ისეთი კეთილშობილური მოტივით, რომ იხეირებსს მთელი თბილისი და სრულიად თბილისური საზოგადოება.

მეორე მხრივ, მართლაცდა, თუკი ისე გამზიანდება თბილისის მომავალი, რომ ევროპული ქალაქები შურით გასკდებიან (მანამდე არაფერი გეტკინათ, ეს რომ ამ გენგეგმის პროექტითაა შესაძლებელი),  იქნებ ღირდეს კიდეც 25 000 დაზარალებულ მესაკუთრედ, მაგრამ აქაც არის ერთი დიდი „მაგრამ“, მაგალითად, საქართველოს რკინიგზას, რომელიც ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული ობიექტი და მისი უსაფრთხოების გარანტიაა, უყოყმანოდ სწირავენ იმისთვის, რომ იხეირონ დეველოპერებმა, რომელთათვისაც თბილისის რკინიგზის გადატანის ზოლში 75 ჰექტარ მიწას ათავისუფლებენ და სულაც, არ ფიქრობენ პირიქით – რომ დეველოპერების მადა მოარგონ სრულიდ ქვეყნის ინტერესს.

ხოლო, თუ დამატებით იმასაც გავიხსენებთ, რომ კვლევას წამლად ვერ იპოვით გენგეგმის პროექტში (მარტო ის რად ღირს, რომ 2002 წლის აღწერის მონაცემებს ეყრდნობიან, მე რომ მკითხოთ, 1930 წლის აჯობებდა, ვინაიდან მაშინ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის 45 პროცენტს ქართველები შეადგენდნენ და გული მაინც მოგვეფხანებოდა) და რეკომენდაციები ყოველგვარი დასაბუთების გარეშეა გაცემული (იმასთან ერთად, რომ არც ფინანსური ნაწილია დათვლილი), ჩნდება ეჭვი, რომ „სითი ინსტიტუტის“ მესვეურები უბრალოდ ნათელხილვის ნიჭით არიან შემკობილები. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება იმედიც, რომ დედაქალაქის მერია, თუ მაინცდამაინც, ვანგას წინასწარმეტყველებებს დაუჯერებს და ასე ბრმადაც არ ენდობა „სითი ინსტიტუტის“ ხილვებს.

ნინო ჩხაიძე – www.Fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *