ბლოგერებიპოლიტიკასიმონ კილაძე

სიმონ კილაძის facebook-ის გვერდიდან – რას წერს რუსული პრესა საქართველოზე.

Simon Kiladze
15 აპრილი, 9:37-ზე ·
«Комсомольская правда» (რუსეთი), 14 აპრილი, 2015 წელი
http://www.kp.ru/daily/26366/3247811/
ქართველებს უკრაინელები ეცოდებათ: „მიშა მათ ისე დაარეფორმებს…“
„კომსომოლსკაია პრავდას” სპეციალური კორესპონდენტი ვლადიმირ ვორსობინი თბილისში ჩამოვიდა, რათა ენახა, თუ როგორ ცხოვრობს, რით სუნთქავს საქართველო ყოფილი „პრეზიდენტ-რევოლუციონერის” გარეშე და რას ფიქრობენ ქართველები მიხეილ სააკაშვილის კიევურ საქმიანობაზე.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
„თბილისში ვარ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მე საქართველოში სროლების, დაპატიმრებების ან ვიღაცის ცემის გამო არ ჩამოვსულვარ (ათი წლის განმავლობაში ამ მიზეზებით იმდენჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში, რომ უკვე ყელში ამომივიდა).
პირიქით. დღეს საქართველოში რაღაც უჩვეულო სიჩუმე იგრძნობა..
ქართველები ვეღარ მიცვნია!
მთელი მსოფლიო უკრაინის გამო გაცოფებულია, საქართველოში კი, სადაც ჩვეულებრივ ყველაფერზე ხმაურიანი განცხადებები კეთდებოდა ხოლმე, ჩამი-ჩუმი არ ისმის. თითქოს ნეიტრალურ შვეიცარიაში მოვხვდი… თუმცა არა, აი, ვიღაცას აპატიმრებენ თუ უკვე დააპატიმრეს: აეროპორტის დარბაზიდან ვხედავ, რომ პოლიციელებს მგონი „კანონიერი ქურდი”, მეტსახელად „ლევიკ ზუგდიდსკი” მიჰყავთ. ჩემს თვალწინ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მოფიქრებული სისხლის სამართლის საქმე განხორციელდა: ეჭვმიტანილმა საკმარისია თქვას „მე ქურდი ვარ” (და „კანონიერი ქურდი” სწორედ ამას იტყვის), რომ იგი ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებს. ყველაფერი მარტივადაა. ეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ახლა კი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის და მთავარი რეფორმატორის მიშიკოს საფირმო ხელწერაა.
მივსეირნობ თბილისის მშვიდ ქუჩებში, ვცდილობ გიგანტურ სავაჭრო ცენტრში შესვლას, იქ კი პრაქტიკულად არაფრით ვაჭრობენ – ყველგან ვხედავ მხოლოდ კომპიუტერებს, მანათობელ ტაბლოებს…
– ა-ა-ა, ეს რას ნიშნავს? როგორ აგიხსნა… – ჩემი ქართველი მეგობარი, ფერმერი სოსო შუბლს იჭმუხნის და ცდილობს, დავიწყებული რუსული სიტყვები გაიხსენოს, – აქ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია – გადასახადების გადახდა, ყველანაირი დოკუმენტის გაფორმება… მარტივად და მოხერხებულად.
– ისე, როგორ ცხოვრობ? – ვეკითხები.
– აი, ასე (მაღლა აწეულ ცერა თითს მაჩვენებს). ვამპირ მიხეილ სააკაშვილის გარეშე თავისუფლად ვსუნთქავ… ვინც გინდა აკრიტიკე, რაც გინდა ილაპარაკე… თავისუფლება! ადრე სახლიდან გამოხვიდოდი და ფიქრობდი – ნეტავ თუ დავბრუნდები… კარზე კაკუნისა გეშინოდა, პროკურატურამ ხომ არ მომაკითხაო, ან „ნაციონალების” გადასახადის ამკრეფნი ბრძანების შესასრულებლად ხომ არ მოვიდნენო. იცი, ახლა ვინ მეცოდებიან?
თბილისში პირველი დღეა ვარ და უკვე ვიცი.
– უკრაინელები, – ორივე ერთდროულად ვამბობთ.
– შენი აზრით, სააკაშვილი უკრაინაში წესრიგს დაამყარებს?, – თავს სინანულით აქნევს სოსო, – ჰმ, რა ჩემს ფეხებადაა საჭირო ამგვარი წესრიგი! ღმერთმა ნუ ქნას, რომ მიშა დაბრუნდეს.
ზუსტი ნათქვამია.
საქართველოში ტელევიზორს ჩართავ და იქ იმწუთში „ღმერთმანუქნა მიშას” შესახებ იწყებენ ლაპარაკს.
– მიხეილ სააკაშვილს ჩვენთან ახალი რევოლუციის მოწყობა სურს, კიევური მაიდნის სცენარით, – ამბობს მიშიკოს ძველი მოკავშირე, ქართველი „რკინის ლედი” ნინო ბურჯანაძე.
– ღმერთმა ნუ ქნას სააკაშვილის დაბრუნება, ეს რუსეთთან ახალ ომს ნიშნავს! – გვაფრთხილებს ეკრანიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
– ყოფილი პრეზიდენტის რჩევები უკრაინისათვის სახიფათო იქნება, – აფრთხილებს უკრაინელებს ექს-პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
– რატომ გეშინიათ ასე მიხეილ სააკაშვილისა?, – ვცდილობ, გავარკვიო თბილისელ მეგობრებთან საუბარში. რატომ დარდობს უკრაინელებზე ქართველი საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გამო, როცა წლების წინ თვითონ ქართველები დიდი სიხარულითა და აღფრთოვანებით შეხვდნენ „ქართული მიწების გამაერთიანებელი” მიშიკოს პრეზიდენტად არჩევას? მე ხომ კარგად მახსოვს ალისფერი ვარდები (ქართული რევოლუციის სიმბოლო), გაცისკროვნებული სახეები, ომახიანი შეძახილები „მიშა-მიშა!”. ისე ჩანდა, რომ მაშინდელ საქართველოში, გაძვალტყავებულ და დაშლილ ქვეყანაში, რომელიც კორუმპირებულობით დღევანდელ უკრაინას ტოლს არ უდებდა, არ იყო ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილისა არ სჯეროდა და მისი იმედი არ ჰქონდა.
გავიდა დრო და საქართველო სისხლში აღმოჩნდა… ჯერ იყო რუსთაველის გამზირი, მიტინგის დარბევისას. ახლაც თვალწინ მიდგას პოლიციელის სახე, რომელიც ზურგზეხელამოტრიალებულ ჟურნალისტს მიყურებდა და ფიქრობდა: სახეში ვთხლიშო, წიხლი დავარტყა თუ ხელკეტი დავცხო? იქვე ახლოს კი ასფალტზე პირქვე დაწვენილ მომიტინგეებთან ერთად, ყოველი წიხლის დარტყმაზე, ერთ-ერთი ჩვენი თბილისელი კოლეგა იგინებოდა… შემდეგ იყო ცხინვალის საომარი ამბები…
– სოსო, შენ ავტომანქანის ჩაკეტვა ისევ დაგავიწყდა, იქ ხომ ჩემი დოკუმენტები და ბარგია, არავინ მოიპაროს, – მექანიკურად ვამბობ.
ქართველს ეცინება.
– მოდი, დავნიძლავდეთ: მე აქ მანქანას ღიას დავტოვებ, გასაღებით, ორი დღის შემდეგ კი პოლიციიდან დამირეკავენ და მეტყვიან – „გენაცვალე, მანქანა დაგიტოვებია და წაიყვანეო”.
– მოიცა, კაცო… განა სალონიდან არაფერს წაიღებენ? (მახსენდება აფხაზეთი, სადაც მანქანა თუ არ გენანება, სამ წუთზე მეტ ხანს უყურადღებოდ არ უნდა მიატოვო).
სოსო პირველად მიყურებს ასეთი შესამჩნევი ქედმაღლობით.
– მობილური ტელეფონის მოპარვისთვისაც კი ათი წელი ციხეა… აი, ეს ქაღალდი ახლა ურნაში უნდა ჩავაგდო. გაზონზე გადაგდებისათვის ჯარიმა 80 ლარია.
თბილისში როგორც კი მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე დაიწყებ საუბარს, იმწუთში გრძნობ, რომ ლაპარაკი არ გაგრძელდება, ან შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, ან მასზე და რუსეთზე ერთად.
– სად დაინახეს [უკრაინელებმა] რეფორმები? სად? ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა… – აღშფოთებით ლაპარაკობს „კომსომოლსკაია პრავდასთან” ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე, ოდესღაც პროდასავლური პოლიტიკოსი, ახლა კი…
ახლა რომ ვინმე რუსმა იმპერიისმოყვარულმა მოისმინოს, თუ რას ლაპარაკობენ თბილისში, სიხარულისგან დაუსტვენდა და გადაჭარბებული ოპტიმიზმით იტყოდა: „აი, ქართველები აზრზე მოსულან! აბა, ჩქარა, საბაჟო კავშირში”.
– „და რატომ არ უნდა გავწევრიანდეთ კავშირში”, – ამბობს თითქმის ერთადერთი პრორუსული ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში, „ერეკლე მეორის სახელობის საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში უკვე რამდენიმე აქცია ჩაატარა. – „ერთი წლის განმავლობაში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ექვსჯერ გაიზარდა. თუ საბაჟო კავშირში შესვლა ისრაელს სურს, რატომ არ უნდა სურდეს საქართველოს? სავაჭრო ბარიერების მოხსნის შესაძლებლობის განხილვის დონეზე მაინც?”
პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა გოგი თოფაძემ კი მარტივად და უბრალოდ თქვა ის, რასაც თბილისელები „სამზარეულოში” აგერ უკვე ათი წელია ლაპარაკობენ.
– არ მინდა NATO-ში შესვლა! არცერთ სამხედრო ბლოკში! ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის 80%, – განაცხადა დეპუტატმა და ამით ტაბუ დაარღვია – „დასავლეთზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი”.
თუ ამ ყველაფერს იმას დავამატებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა თითქმის ყოველთვიურად ითხოვს უკრაინისაგან ქვეყნის მთავარი რეფორმატორისა და მისი გუნდის ექსტრადირებას („ჩვენი მეგობრობის სახელით ცუდი არ იქნება, მიშა ჩავსვათო”), მაშინ საინტერესო სურათი იკვეთება.
დასავლეთი მიშას თბილისს არ გადასცემს. თავიდან იცილებს რა ცვალებადი მოკავშირის – საქართველოს თხოვნებს, დასავლეთი უკვე დარწმუნებული აღარაა, კვლავ მისი ერთგულები არიან თუ არა ქართველები. მოსკოვი, მართალია, ჩუმად შესცქერის სიტუაციას, მაგრამ გულში საქართველოს მხარს უჭერს: ყიდულობს „ბორჯომსა“ და „ქინძმარაულს“ (ბოლო დრომდე ამ პროდუქციის თითქმის 60% რუსეთის ბაზარზე გადიოდა)…
ამიტომაც ნინო ბურჯანაძე „კომსომოლსკაია პრავდასთან“ საუბარში თამამად ამბობს:
– ახლა მე საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად – თვითონ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება იყო… ვფიქრობ, რომ ეს ამერიკული პროექტის ნაწილია – ის, რაც საქართველოში ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, უკრაინაში უნდა დასრულდეს.. დასავლეთში ასეთი პრინციპი მოქმედებს: თუ შენ პრორუსი ხარ, მაშინ შეიძლება მოგკლან, დაგაპატიმრონ და თუ პროდასავლელი ხარ და რუსეთს ლანძღავ, მაშინ ყველაფრის ნება გაქვს. მე ყოველთვის მჯეროდა დასავლური ფასეულობებისა, მაგრამ როცა ჩვენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიტინგები დავიწყეთ, დასავლეთმა ის დაიცვა – ამერიკის ელჩმა მწვანე შუქი აუნთო ჩვენი დემონსტრაციის დარბევას. და როცა ქალბატონი ნულანდი კიევის მაიდანზე ნამცხვრებით ხელში დავინახე – ეს ამაზრზენი იყო! (იგულისხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნოლანდის მიერ 2013 წლის დეკემბერში კიეველი მაიდნელებისათვის ნამცხვრისა და პურის დარიგების ფაქტი – ს.კ.).
მკითხველი დამეთანხმება, რომ შემდეგი კითხვა ბუნებრივად გაჩნდა.
– დავუშვათ და თქვენ საქართველოს პრეზიდენტად აგირჩიეს. ყირიმს რუსეთის ტერიტორიად თუ აღიარებდით? – გამოვცადე „პრორუსულობაზე“ ნინო ბურჯანაძე.
– ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. ეს შეუქცევადი პროცესია! – მპასუხობს ნინო.
– და მაინც, – შევნიშნავ მე, – ედუარდ შევარდნაძის დროს მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს და თუ ახლანდელ თქვენს ქვეყანას მაშინდელს შევადარებთ, ისე განსხვავდებიან, როგორც ცა და მიწა. დღეს საქართველოში უფრო უკეთესი გზებია, ვიდრე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (ალბათ, ბელარუსისა და ბალტიისპირეთის გამოკლებით). უკეთესი პოლიციაა. და თუ სააკაშვილი ასეთ ფოკუსებს უკრაინაშიც გაიმეორებს, მაშინ…
– დიახ, ჩვენ რაღაც-რაღაცებს მივაღწიეთ, მაგრამ როგორი ფასით! – კვლავ აენთო ნინო ბურჯანაძე, – კი, „გაიშნიკებმა“ (საგზაო პოლიციამ) ქრთამის აღება შეწყვიტა, ეს დიდი დამსახურებაა, მაგრამ იგივე პოლიციელები უდანაშაულო ხალხს იჭერდნენ. ათობით დემონსტრანტი დააპატიმრეს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე: „მომიტინგემ წინააღმდეგობა გაგვიწია და მეოთხე ღილი აგვაწყვიტა“. მხოლოდ მეოთხე ღილი ყველას. რა, ყველა ერთმანეთისაგან იწერდა?
– საშინელებაა, – ვეთანხმები მე.
– მოიცა-მოიცა, – ეჭვით შემომხედა ნინომ და ყურადღება დაძაბა, – აბა, თქვენი აზრით, რომელი უკეთესია: ის, რომ პატრული იღებს ქრთამს (ან არ იღებს), თუ ის, რომ პოლიტიკური პოლიცია ხდება?
– გულახდილად გითხრა? – ჩავფიქრდი და ვგრძნობ, რუსული პოლიციის კორუმპირებულობაზე ნოსტალგია მომაწვა, – განა ჩვენთან სხვაგვარად ხდება? ყველაფერისთვის ფასის გადახდაა საჭირო.
და მაინც ნელ-ნელა დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ რატომ ეცოდებათ ქართველებს უკრაინელები… და რატომ არ სურთ, რომ უკრაინელებმა ქართველთა ბედი გაიზიარონ.
ირწეოდნენ რა ქანქარასავით იმედებს, მოლოდინსა და იმედგაცრუებას შორის, ჯერ მარჯვნივ – ისტერიკიან რეფორმატორ მიხეილ სააკაშვილსა და შემდეგ მარცხნივ – ფრთხილ კონსერვატორ ბიძინა ივანიშვილს შორის, ქართველები საბოლოოდ იმედგაცრუებულნი დარჩნენ ერთშიც და მეორეშიც. ან საერთოდ, საკუთარ პერსპექტივაზეც.
მიხეილ სააკაშვილი ამბიციური პიროვნება იყო, მოსწონდა ფართომასშტაბიანი მშენებლობები და თვითპიარი. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გაჩნდა საუკეთესო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში (ამისათვის საკმარისია, ბორჯომ-ბათუმს ეწვიოთ და დარწმუნდებით), ეფექტური სახელმწიფო მმართველობა, პოლიცია.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უპრინციპო იყო, თავხედი და სტალინივით უმოწყალო, დაუნდობელი. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ სტალინს, როგორც ევროინტეგრატორს, მაშინ იგი მიშიკოა, რომელიც საკუთარ თავს ევროიმპერატორად და საქართველოს ბედის განმგებლად თვლიდა.
მიშიკოს შეშლილობის სიმპტომი: ისტორია, რომელიც დეპუტატ-ოლიგარქს ვალერი გელაშვილს გადახდა. მან გაბედა და თქვა: „როცა პრეზიდენტს ცოლი გაექცევა (იმ დროს პრეზიდენტის ჰოლანდიელი მეუღლე მართლაც წავიდა თბილისიდან – ავტ.), როგორ ფიქრობთ, ის კარგი პრეზიდენტია?“. პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი სასტიკად სცემეს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა – კონდახებით, თბილისის ცენტრში. ოლიგარქი, რომელმაც საკუთარი მიწა პრეზიდენტს რეზიდენციის ასაშენებლად მისცა, იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. და როცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო თავისი შეხედულობით „ლამაზად“ მოაწყო და ყველას ლაგამი ამოსდო, ხალხმა შვებით ამოისუნთქა: ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა.
რათა თავისუფლება მოეტანა და (როგორც ქალურად ზუსტად გამოთქვა ნინო ბურჯანაძემ) „იმპოტენტი მთავრობა“ მოეყვანა.
დიახ, ქვეყანაში შიში აღარ მეფობს, მოსამართლეებმა გამამართლებელი განაჩენების გამოტანა დაიწყეს („ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში ასეთი რამ თითქმის არ ხდებოდა), მოსახლეობას სამედიცინო პოლისები დაურიგეს, გლეხებს – მიწის უფასოდ მოხვნის ტალონები და პლუს იაფი, ექვსპროცენტიანი კრედიტები…
მაგრამ ქვეყანას, რომელსაც მიშიკომ დიდი საგარეო ვალი აჰკიდა (შიდა საერთო პროდუქტის 70%), დღეს ინვესტიციები და პერსპექტიული იდეა-პროექტები არ ჰყოფნის…
თავისუფლების მუდმივმა თანამგზავრმა – კორუფციამ ისევ თავი წამოჰყო. რის გამოც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგი სწრაფად ეცემა, „ნაციონალებს“ კი, სრულიად შესაძლებელია, მოემატებათ, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება.
ქართველები სწორედ ამიტომ ნერვიულობენ. მათ კარგად ესმით: მიხეილ სააკაშვილი უმოწყალო ქირურგია და თუ ის ხელისუფლებაში დაბრუნდება, უარესი იქნება… მერე კი მაინც იმედგაცრუება, რადგან სასწაულები არ ხდება, ყველაფერს თავისი ფასი აქვს.
სწორედ ამიტომ ნერვიულობენ „მეოცნებეებიც“, რომელბიც „ნაციონალების“ მემკვიდრეობით კარგად სარგებლობენ და სინამდვილეში მხოლოდ ერთზე ოცნებობენ – მიშა სამუდამოდ „დამარხონ“.
„ეს ისეთი შემთხვევაა, როცა სტალინის მიერ მოცემულ კომფორტულ ბინაში ცხოვრობ და იმავდროულად სტალინი გძულს“, – ენამახვილობენ თბილისელები.
„ქართველების განწყობა ამინდივით ცვალებადია, მახსოვრობა კი – მოკლე“, – მხრები აიჩეჩა დიპლომატიური აკადემიის რექტორმა სოსო ცინცაძემ, – ორიოდე წლის შემდეგ აქ უკვე სხვა პოლიტიკური ქარი იქროლებს და ვინ მოვა ხელისუფლებაში – „პრორუსი“ ნინო ბურჯანაძე თუ „მედასავლეთე ნაციონალი“ მიშიკო – ამის გამოცნობა ჯერ შეუძლებელია. თუმცა ერთი რამ აშკარად ნათელია: მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში არაფერი გამოუვა.
– რატომ?
– უკრაინა მისთვის ძალიან დიდი ქვეყანაა, უკრაინელები კი ქართველებზე უფრო რთული ხალხია.
– ?!
– ისინი უფრო მეტს იპარავენ.
———–
(სტატიის დასასრულს ავტორის მიერ ჩამოთვლილია ის ყოფილი ქართველი ჩინოვნიკები, რომლებიც უკრაინის დღევანდელ მთავრობაში თანამდებობებზე დაინიშნენ)[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები