მთავარი ბლოკიპოლიტიკასიმონ კილაძე

სიმონ კილაძის facebook –ის გვერდიდან –,, აშკარაა, რომ სტრატეგიული მოკავშირე რაღაცას გვატყუებს, ბოლომდე გულწრფელი არ არის…”

«Day.az» (აზერბაიჯანი), 2 ნოემბერი, 2015 წელი
http://news.day.az/politics/712943.html
მილერის მზრუნველობის ქვეშ: სომხურ-ქართული საიდუმლო ფუსფუსი აზერბაიჯანის წინააღმდეგ
ელხან ალესკეროვი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის დოქტორი
(თავისუფალი თარგმანი)
———
აზერბაიჯანს უკვე ჰქონდა იმის პრეცედენტი, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი მეზობლები, მათ შორის სტრატეგიული მოკავშირეებიც კი, ბაქოსაგან მალულად, რაღაც მოლაპარაკებები აწარმოონ სომხეთთან – ჩვენი მიწა-წყლის ოკუპანტ ქვეყანასთან. ასე იყო თურქეთ-სომხეთის ე.წ.„ციურიხის მოლაპარაკების“ დროს და როცა საიდუმლო დიპლომატია აზერბაიჯანისათვის გახდა ცნობილი, შეხვედრები სკანდალურად ჩაიშალა, „ციურიხის ოქმებმა“ კი „ჩაილურის წყალი“ დალია. სამწუხაროდ, ეს ისტორია სხვებისთვის გაკვეთილი ვერ გახდა. ამჯერად საიდუმლო მოლაპარაკების არენაზე კიდევ ერთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე – საქართველო გამოვიდა.
გასული სექტემბრის თვის ბოლოს, თბილისის ინიციატივით, ბრიუსელში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძისა და რუსეთის გაზის სახელმწიფო კომპანიის „გაზპრომ“-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ალექსეი მილერის შეხვედრა გაიმართა. როგორც ცნობილია, „გაზპრომი“ დღეს გამალებით ეძებს თავისი გაზის კლიენტებს – ევროპას რუსული გაზის ყიდვა აღარ სურს, ჩინელებიც კი უარს ამბობენ. საინტერესოა, რომ ბრიუსელში შეხვედრის დროს რუსული გაზის მიწოდების გაფართოების ინიციატივა თვითონ საქართველომ გამოიჩინა და ეს უნდა მოხდეს იმ სატრანზიტო მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, რითაც გაზს სომხეთი იღებს.
იმავდროულად თბილისმა მოლაპარაკება დაიწყო ირანთანაც, ისევ გაზის ტრანზიტის თაობაზე. როგორც ქართველები აცხადებენ, „ჩვენ რუსებთან და ირანელებთან მოლაპარაკებას მხოლოდ გაზის ტრანზიტზე ვაწარმოებთ და არა საკუთრივ გაზის ყიდვაზეო“. არადა, რადგან გაზის ტრანზიტი სომხეთის ტერიტორიით განხორციელდება, ყველა შემთხვევაში ეს აზერბაიჯანის ინტერესებს ეხება.
საწყენია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ენერგეტიკულ პროექტებს ბაქოსაგან მალულად იხილავს. საქმე ჩვენს კონკურენტს – რუსეთს იმდენად არ ეხება, რამდენადაც მთიანი ყარაბაღის ოკუპანტ ქვეყანას – სომხეთს. ერევანი ენერგორესურსების ძიებაშია და ხან რუსებს ეხვეწება, ხან ირანელებს. სომეხი სტრატეგების ოცნებაა ირანული გაზის გადაქაჩვა შავი ზღვისაკენ, სომხეთის ტერიტორიის გავლით, იქიდან კი ევროპაში, მაგრამ ეს ვარიანტი არ აწყობს სომხეთის „ხაზეინს“ – რუსეთს და კერძოდ, „გაზპრომს“, რომელიც თავის ვასალს – ერევანს ნებას არ მისცემს მოსკოვის დაუკითხავად რაიმე გააკეთოს.
ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ სომხეთი „გაზპრომის“ მამულს, ანუ „ვოტჩინას“ წარმოადგენს. მოსკოვი მას თავის ვარიანტს სთავაზობს: გამოიყენოს სომხურ-ქართული ტრანზიტი რუსეთიდან ირანისაკენ ციმბირული გაზის გადასაქაჩად, ჩანაცვლების პრინციპით (ირანის ჩრდილოეთი რაიონებისათვის), ხოლო ირანი იგივე რაოდენობის გაზს სპარსეთის ყურედან გაჰყიდის. ეს არის ეკონომიკურად არამომგებიანი პოლიტიკური ავანტიურა, რაც ნიშნავს იმას, რომ გაზი ირანიდან კი არ წამოვა, არამედ რუსეთიდან ირანში წავა. ეს გეგმა საბოლოოდ მარხავს სომხურ-ქართულ ტრანზიტს, ირანული გაზის ევროპაში გატანის მიზნით.
სხვათა შორის, ამ ორიოდე დღის წინათ, საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ქართველი „რუხი კარდინალი“ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა, რაც, აშკარაა, რომ „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის მიერ შემუშავებული „საიდუმლო დიპლომატიის“ ნაწილს წარმოადგენს.
შეიძლება გავაკეთოთ პროგნოზი, რომ საქართველო, ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაძლოა რაღაც მოგებას მიიღებს, მაგრამ პოლიტიკურად მოსკოვის გაზის პოლიტიკის გამტარებელი გახდება, რომელიც, თავის მხრივ, ძირს უთხრის ირან-ევროპის პროექტს. ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ რუსულ კომპანიასთან საქმის დაჭერა არ სურთ და განმარტავენ, რომ შეხვედრისას საკითხი ეხებოდა გაზის შესყიდვას არა საქართველოსთვის, არამედ მხოლოდ სომხეთისთვის…. დავიჯეროთ? მაგრამ მოლაპარაკების „საიდუმლო“ ხასიათი და თბილისში სერჟ სარგსიანის ვიზიტის დროს სომეხი სტრატეგების მოუსვენარი ფაცი-ფუცი ბაქოს ეჭვებს იწვევს: აშკარაა, რომ სტრატეგიული მოკავშირე რაღაცას გვატყუებს, ბოლომდე გულწრფელი არ არის…
საქართველო აზერბაიჯანისათვის თურქეთსა და ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია, მაგრამ აზერბაიჯანული გაზის ალტერნატივის ძიება საბოლოო ჯამში ბუმერანგივით ისევ ქართულ ეკონომიკას დაარტყამს. ამიტომაც ბაქოში დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი და სომხეთი აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებში სოლს ვერ ჩაარჭობენ და ყველა მცდელობა ამისათვის წინასწარაა განწირული. ამასთან, საწყენია, რომ ისევე როგორც სომხურ-თურქულ მოლაპარაკებების დროს, ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ამბებს ჩვენ მხოლოდ რუსული წყაროებიდან ვგებულობთ. ამ შემთხვევაში ბაქომ, რომელიც გაზის სფეროში დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, კიდევ ერთხელ უნდა მიუთითოს მეზობლებს „გაზპრომ“-თან იმ „საიდუმლო“ მოლაპარაკების უპერსპექტივობაზე, რომელსაც ისინი აზერბაიჯანთან შეუთანხმებლად აწყობენ. როგორც ერთ ცნობილ ფილმშია ნათქვამი, „არ შეშინდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენზე ჰენრიხ მიულერი ზრუნავს“.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები