პოლიტიკა

სკანდალი – ძველი თბილისი საფრთხეშია? დაინგრევა თუ არა ძველი სახლები ახალი კორპუსების ნაცვლად?

თბილისის გენგეგმის კიდევ ერთი შეუსაბამო ფაქტორი

newposts.ge-ზე გამოქვეყნდა ვრცელი მასალა რომელიც თბილისის ახალი გენგეგმის კიდევ ერთ შედევრს განიხილავ. გთავაზობთ ამ მასალის მოკლე ვერსიას:

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მზადაა, მაგრამ მისი განხილვა არ დაწყებულა. წესით, თბილისის საკრებულოს გადასაწყვეტია, დაამტკიცებს თუ არა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი იტვირთვს ამას საკუთარ თავზე: ამ მოწვევის თუ საკრებულოს ახალი შემადგენლობა, რომლებიც დედაქალაქის კანონმდებლების სტატუსს 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღებენ.

იმ მარტივი მიზეზით, რომ დოკუმენტი სპეციფიკურია, ანუ სპეციალურ ცოდნას მოითხოვს შესაფასებლად, მისი განხილვა ურბანისტებთან ვცადეთ და მეტად სამწუხარო რეალობაც აღმოვაჩინეთ: ქვეყანა პროფესიონალი ურბანისტების მწვავე დეფიციტს განიცდის და ვინც არის, აზრის საჯაროდ გამოთქმას ერიდება, რადგან მათი ყოფნა-არ ყოფნა დედაქალაქის ოფიციალურ სამსახურებზეა დამოკიდებული და სავსებით ბუნებრივია, რომ ურთიერთობის გაფუჭებას უფრთხიან, რადგან ეს მათ პროფესიულ საქმიანობას წერტილს დაუსვამს.

მეორე მხრივ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული თბილისის, როგორც ქალაქის და თბილისის მოსახლეობის მომავალი როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე სოციალურ-ეკოლოგიური, შემოთავაზებული ვარიანტი კი, სპეციალისტების თქმით, ვერ ჭრის თბილისის წინაშე არსებულ პრობლემებს – უსისტემო მშენებლობებისა და გადატვირთული ქუჩების ჩათვლით, არც განვითარების სტრატეგიულ ხედვას გვთავაზობს, დღეისთვის არსებულ რიგ პრობლემებს საერთოდაც იგნორირებას უკეთებს და, სხვათა შორის, ძველი თბილისის იერსახის გაქრობის საფრთხის წინაშეც გვაყენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიონალი ურბანისტის მოსაზრება მნიშვნელოვანია, ჩვენი რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებთ, განგვიმარტავს, რატომ არ გამოგვადაგება მიწათსარგებლობის გეგმის შემოთავაზებული ვარიანტი და რა სჭირდება თბილისს, რომ არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ სრულფასოვან ქალაქად იქცეს, რაზეც თბილისის განვითარების გენერალური გეგმა არაფერს ამბობს.

– რა არის თბილისის მთავარი პრობლემა და მისი გადაჭრა როგორ გესახებათ?

– თბილისის, გნებავთ, საბჭოური და გნებავთ, პოსტსაბჭოური განაშენიანება მთლიანადაა გასაჯანსაღებელი ან, სულაც, გასარემონტებელი. თბილისს ახალი ნაგებობების აშენება არ სჭირდება, რადგან ქალაქში ისედაც ბევრი ცარიელი შენობაა. ასევე, შესაქმნელია ლანდშაფტის სისტემა. საერთოდ, ერთიანი ლანდაფშტის გეგმის შექმნა ცალკე პრობლემააა.

– ვიზუალურად ლამაზი თუ ეკოლოგიის თვალსაზრისით?

– ეკოლოგიისა და რეკრეაციის თვალსაზრისით, რადგან დიდი ქალაქების მცხოვრებლებს სჭირდებათ დასვენება იმ გამომფიტავი ცხოვრებისგან, რაც ახასიათებს ქალაქებს. აი, ამას ჰქვია რეკრეაცია. მთელ თბილისს უნდა ჰქონდეს ლანდშაფტური გეგმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ქალაქის გარე ტერიტორიებთან და უზრუნველყოფს გარე ლანდშაფტების შემოსვლას ქალაქში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ეს გენგეგმა არათუ ვერ პასუხობს, არამედ საერთოდ არც სვამს მსგავს პრობლემას.

– პროექტს – „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ გულისხმობთ?

– დიახ, ამ პროგრამით, ადგილობრივები უნდა გაეყვანათ და მათი საცხოვრებლები უნდა დაეთმოთ მდიდრებისთივს, რომლებსაც ექნებოდათ ფული საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ეს სოციალურ გენოციდს ჰგავდა, ქალაქმშენებლურ ფაშიზმს. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ისეთი ღონისძიებები უნდა გატარდეს, მათ შორის, გამჭიდროების, რომ გამოირიცხოს ადგილობრვი მოსახლეობის იქიდან გაყვანა. ერთი სიტყვით, ქალაქის გაჯანსაღება, გარემონტება არის დღევანდელი თბილისის მთავარი გამოწვევა, რაც გულისხმობს როგორც ჰიგიენურ, ისე ინფრასტრუქტურულ გაჯანსაღებას. თბილისის მთელი ტექნიკური ინფრასტრუქტურა არის დაძველებული და მოშლილი. ქალაქი უნდა შეკეთდეს, იმიტომ რომ ასე ვეღარ ვიცხოვრებთ. ადამიანებს უნდა შევუქმნათ უკეთესი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები. დიდი ხანია, ვაკვირდებით პროცესს, თუ როგორ ანაცვლებს არსებულ მოსახლეობას უფრო ღარიბი ახალმოსული მოსახლეობა. სახლები ინგრევა, ვისაც კი შესაძლებლობა აქვს, გარბის და იქ შედის ახალი, უფრო ღარიბი. ეს პროცესი როგორმე უნდა შეწყდეს, ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ მოსახლეობა დაფუძნდეს და წელში გაიმართოს. თბილისის ძველ უბნებში ძალიან ღარიბი ხალხი ცხოვრობს.

– ძველი, გასარემონტებელი შენობები დაავადებების წყაროცაა. დაავადებული შენობები აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობასაც. თბილისის ძველ უბნებში სუნიც კი დგას სინესტე-სიძველის.

– მთავარი პრობლემაა ობი, რომლის წიანაღმდეგაც აუცილებელია ბრძოლა. აი, ეს იგულისხმება ჰიგიენურ გაჯანსაღებაში, ობი გამოიწვია ნესტმა, ცუდმა განიავება-გამზეურებამ. ეს გამოსასწორებელია, რადგან ასეთი სახლი ისევ დგას. ამიტომ ის უნდა შეკეთდეს. არათა მთელი ქალაქი ასეთ მდგომარეობაშია. ამდენად, უზარმაზარი ღონისძიებებია გასატარებელი, რომ გადარჩეს.

– თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში დამთავრდება „ხრუშჩოვკების“ ეპოქა. ეს გენგეგმა ამ ტიპის განახლებას გულისხმობს?

– არა, გენგეგმა ასეთ რამეს არ ეხება, თუმცა მაგალითად, დიღმის მასივში მჭიდრო საცხოვრებელი ზონის შექმნას აპირებენ, თუმცა ისევ უცნობია, როგორ მოხერხდება მისი გამჭიდროება. თუმცა გენგეგმა ასეთ დეტალებს არ გეგმავს, განაშენიანების გეგმებით უნდა გადაწყდეს, რა ბედი ეწევა ასეთ ადგილებს. სად გაიყვანენ იმ ხალხს, რომლებიც იქ ცხოვრობს? როგორ უნდა გააუმჯობესო მათი საცხოვრებელი პირობები? გამოხშირო და სხვაგან გადაიყვანო და ამასობაში ნაგებობები გაარემონტო?! 50 წლის წინათ აშენებული შენობა ბევრ ენერგიას კარგავს, ის უნდა შეიფუთოს და რაგეგნულადაც გალამაზდეს, რადგან მახინჯი იერსახე აქვს. ამის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ ეს ფული დაჯდება. ვინ დადებს ამ ფულს?

– და როდის გამოჩნდება, ეს გეგმა რეალისტურია თუ არა?

– 15-20 წელიწადში გამოჩნდება, არის თუ არა რეალისტური… ეს გეგმა არ ლაპარაკობს, რა უნდა გაკეთდეს 2030 წლამდე. აქ მე ვხედავ ზონებს, რომ აქ და აქ იქნება ამდენი სიმჭიდროვე. მაგრამ არ არის ახსნილი, რისთვისაა საჭირო ეს სიმჭიდროვეები და რომ უნდა იყოს ამდენი. მოქმედი გეგმის პრობლემა იყო ის, რომ მშენებლობებს სახავდა ინვესტორის სარგებლიანობის მიხედვით. მაგალითად, ვერეს ხეობაში იყო ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე იმიტომ, რომ იქ კარგ ფულს იშოვიდა ინვესტორი. ახალ გენგეგმაში ასეთი მიდგომა ნაწილობრივ შენარჩუნებულია. გეგმაში არ ჩანს, რას უპირებენ ძველ ქალაქს. იმ მონაცემებით, რაც მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია, შეიძლება, ძველი ქალაქის დანგრევასაც აპირებდნენ და ახალი სახლების აშენებასაც.

– იმის თქმა გინდათ, რომ დაგეგმილია ძველ თბილისში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა რაც გულისხმობს მის ნაცვლად სხვა ნაგებობების აშენებას? ძველი უბნების გარდა ამ ქალაქში აღარაფრისთვის შეიხედება?!

– დიახ, რუკაზე ასე ჩანს. მე ვამბობ, რასაც ვხედავ: გეგმა არ ამბობს, როგორ უნდა გაიზარდოს სიმჭიდროვე. უნდა დაანგრიონ ძველი თბილისი და ახალი ააშენონ?! ეს ხომ უკვე სხვა ქალაქი იქნება?!

წყარო: Newposts.ge – მასალის სრული ვერსიის სანახავად გადადით ლინკზე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *