მთავარი ბლოკიშოუ-ბიზნესი

სოფო ბედიას კულინარიული შედევრები – როგორ ინარჩუნებს ფორმას მომღერალი და რითი ანებივრებს მეუღლეს?!

როცა ქალი ბედნიერია, ეს აშკარად ემჩნევა – უფრო გაპრანჭული, ღიმილიანი, მოწესრიგებული და თავდაჯერებულია. როგორც მომღერალი სოფო ბედია ამბობს, ცხოვრებაში გაუმართლა, არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს და მათი დამსახურებაა, რომ ყოველი დილის გათენება სხვანაირად უხარია. გარდა იმისა, რომ სოფო არაჩვეულებრივ ფორმაშია, ხშირად ჩანს სცენაზე და ბოლო დროს თვალშისაცემად ჩადგა ფორმაში, არაჩვეულებრივი დიასახლისიცაა. თუმცა, მეგრულ საჭმელებს არ აკეთებს და თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.


სოფო ბედია:
პატარაობიდანვე დავიწყე დიასახლისობა და საკმაოდ, კარგად გამომდიოდა. თაფლის ნამცხვარი – „მედოკი“ გავაკეთე პირველად და მახსოვს, უგემრიელესი გამომივიდა. ადრე მიყვარდა ცომთან ურთიერთობა, თუმცა ახლა სალათებსა და ხორცეულზე გადავედი. არაჩვეულებრივ ვაშლის „პეროგს” და „ბრაუნს” ვაცხობ. თუ ვაკეთებ, მთელი მონდომებით ვაკეთებ და ამიტომაც, კარგი კულინარი ვარ. ისეთი კატლეტები, სოუზი და ჩახოხბილი ვიცი, თითებს ჩაიკვნეტთ (იცინის). სხვათა შორის, ჩახოხბილი ზამთრის და ზაფხულისაა. საზაფხულოს ვაკეთებ ქათმის ფილეთი და ტარხუნით, ზამთრისას კი, ჩვეულებრივად, ოღონდ სქლად, ჩათხლეშილი კვერცხებით. რეცეპტებით ხელმძღვანელობა არ მიყვარს. მირჩევნია, თვალის ზომასა და გემოვნებას ვენდო.

– ახლა, ტარხუნის სეზონი მოდის და იქნებ გაგვანდო ეგ შენი საფირმო ჩახოხბილის რეცეპტი?

– ძალიან მარტივია, მოკლედ, ქათმის ფილე დაჭერით, მოაყარეთ მარილი და მოთუშეთ კარაქში. დააყარეთ ხახვი. 1 კილოგრამ ფილეზე, 5 მოზრდილი, წვრილად დაჭრილი ხახვი დაგჭირდებათ. კარგად ჩათუთქეთ და ჩააყარეთ ტარხუნა. მოშუშეთ. დაუმატეთ ქინძი, ცოტა ოხრახუში, ტომატი და რამდენ წყალსაც მოითხოვს დაასხით ან ისე რომ დაიფაროს. წამოადუღეთ. უყავით დაჭყლეტილი ნიორი, მარილი გემოვნებით.  ცოტა ხანს შუშეთ, წამოადუღეთ და უგემრიელესია, თან უადვილესი გასაკეთებელი. გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი კარაქში კეთდება და საკმაოდ კალორიულია.

– ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაში ჩადექი და ასეთ კალორიულ კერძებს მაინც არ ერიდები?

– გურმანი ვარ, მიყვარს ჭამა. ამიტომ, კვირაში ერთხელ, განტვირთვის დღეს ვაკეთებ. ჩემს ოჯახშიც კარგი მჭამელი ხალხი ვართ. მეუღლესაც უყვარს გემრიელი კერძები. ამიტომ, თავის შეკავება მეც მიჭირს და ვცდილობ, განტვირთვის დღეებით შევინარჩუნო წონა. ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, სცენაზე დგახარ, მასწალებელი ხარ თუ დიასახლისი, ფორმაში უნდა იყო და აკონტროლო სხეულის წონა. ქალმა სულ უნდა იფიქროს, რომ ფორმაში იყოს. მაგრამ, როცა სცენაზე დგახარ, ორმაგი პასუხისმგებლობაა – მაყურებელსაც უნდა სცე პატივი და საკუთარ თავსაც. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვებრძვი კილოგრამებს და სულ დიეტაზე ვარ. ფიზიკურად ვერ ვვარჯოშობ, ძალიან ზარმაცი ვარ. საჭემაც ისე გამაზარმაცა, ლამის კორპუსის მესამე სართულზეც მანქანით ავიდე (იცინის). ფეხით ნაკლებად დავდივარ და ეს ჩემთვის პრობლემაა. საჭესთან ჯდომა ქალს ნამდვილად აზარმაცებს. თან, ყოველდღიურად მიწევს საჭმელების კეთება სახლში, მაგრამ ამის გამო არ ვწუწუნებ. თუ ქალმა მოინდომე, კარგი ცოლიც იქნები, კარიერაშიც წარმატებული, საუკეთესო დიასახლისი და დედა და თან, კარგ ფორმაშიც.

– ამ განტვირთვის დღეებში რას აკეთებ?

– 1 ლიტრი მაწონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სადილის კოვზი ხსნადი ყავა და შიგ 1 ჩაწურული დიდი ლიმონი. ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ და დღის განმავლობაში მიირთვათ. ამასთანავე, უნდა მიიღოთ ორი ლიტრი წყალი და ყავა და ჩაი უშაქროდ. ერთი დღე, ორ კილოგრამს მაკლებინებს. შემდეგ დღეებში, გადავდივარ ბოსტნეულზე, მოხარშულ კერძებზე და ვერიდები კარტოფილსა და  ბურღულეულს. ვიგონებ ბოსტნეულის სალათებს, ვაკეთებ და მივირთმევ. თან, არ ვარ პრეტენზიული მჭამელი, ყველაფერს შევჭამ, როცა მშია (იცინის). ჩემს მეუღლეს უყვარს ჩემი გამომცხვარი „ბრაუნი“, ამიტომ ხშირად ვაცხობ და მეც მეპარება ხელი და პირი (იცინის).

– მიშას, კარგი მჭამელობა ნამდვილად ემჩნევა, მაგრამ შენი გურმანობა წონაზე რომ არ აისახება?

– სკოლიდან მოყოლებული სულ დიეტაზე ვარ. პუტკუნა გოგო ვიყავი, მაგრამ უაზროდ მსუქანი  და მახინჯი არასდროს ვყოფილვარ, ფორმა არ დამიკარგავს. თუმცა, 20 წლის ასაკში, ვგავდი 35 წლის ქალს. ახლა, რაც ასაკი მემატება, უფრო ვპატარავდები. თუ მაკიაჟით არ ვარ, უფრო პატარა შესახედაობა მაქვს. რა ვქნა, მაკიაჟი, აუტანლად მიყვარს, თორემ ამის გარეშე, უფრო მაკლდება წლოვანება. მოკლედ, სულ ვიყავი დიეტაზე. მახსოვს, ელენე გიორგაძესთან მივედი და ტირილით წამოვედი იქიდან. მითხრა, 17 წლის ასაკში, ასეთი ლამაზი სახის პატრონმა, ასეთი წონა როგორ აკრიფეო. როგორია, ამ ასაკში, 83 კილოს რომ აარტყამ? მოკლედ, შენიშვნა მომცა, მიხედე თავსო. დავჯექი დიეტაზე. გავხდი, მაგრამ, დიეტას აქვს დიდი მინუსიც, თუ დაუბრუნდი ძველ კვებას, ორმაგად მოიმატებ. მეც ასე დამემართა – რაც დავიკელი, ორმაგად მოვიმატე. ძალიან მალე ვიკლებ, მაგრამ თუ კვება არ ვაკონტროლე, უცბად ვიმატებ. მახსოვს, დიეტაზე მყოფს სუფრასთან რომ მომიწევდა ჯდომა დამშეული თვალებით, მონატრებულს იმდენი მიჭამია, ვეღარ ვსუნთქავდი. არ დამავიწყდება, მასწავლეს დიეტური სუპი. დავიფიცე, რომ იმას ცხოვრებაში არ გავაკეთებ! ძალიან ეფექტურია, წმენდს შლაკებისგან და მართლა დავიკელი, მაგრამ სუპის ჭამა ჩემთვის კოშმარია. წვნიანზე მაძაგძაგებს, თან ისეთი უგემურია. ზიზღით დავიკელი 4 კილო ერთ კვირაში და არა დიეტით. ახლა, სასურველ წონაზე ვდგავარ, თუმცა ვაკონტროლებ კილოგრამებს, თან ისე ვიცვამ, არც დიდი ვჩანდე. რომ ვიცი, კონცერტზე ლამაზ კაბაში უნდა ვიყო გამოწკიპული, მოვკვდები დიეტით და მაინც დავიკლებ (იცინის).

ნონა დათეშიძე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები