სპორტი

ტრაგიკული, სევდიანი, საოცარი ისტორია – როგორ გახდა დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი

ალბათ, ბევრს გახსოვთ დანიის ნაკრების სენსაციური გამარჯვება ევრო 92-ზე. ამ ისტორიას აქვს სხვა მხარეც, ძალიან სევდიანი და ტრაგიკული, მაგრამ ამასთან, სრულიად საოცარი.

1992 წლის ზაფხულში იუგოსლავიის ნაკრები პოლიტიკური მიზეზებით მოკვეთეს შვედეთში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატიდან და მისი ადგილი მოულოდნელად ერგო დანიის ნაკრებს, როელიც ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და მისი წევრები მშვიდად ისვენებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კურორტზე. თავიდან, დანიაში ეს არავინ დაიჯერა. ყველას ხუმრობა ეგონა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიჰარდ მელერ-ნილსონის ჩათვლით, რომელიც, როდესაც აღმოაჩინა, რომ ხუმრობა არ იყო, სასწრაფოდ შეუდგა ფეხბურთელების შეგროვებას. ეს არ გამოდგა ადვილი საქმე, რადგან ფეხბურთელებსაც არ ჯეროდათ, ეგონათ აშაყირებდნენ და ტელეფონს უთიშავდნენ მწვრთნელს. მელერ-ნილსონს დიდ ჯაფად დაუჯდა ნაკრების შეკრება. არავის უნდოდა შვებულების შეწყვეტა, ყველამ იცოდა, რომ უვარჯიშებელი და შეუთამაშებელი დანიის ნაკრები დამარცხებისთვის იყო განწირული. გუნდს არ გააჩნდა არც ფიზიკური ფორმა, არც თამაშის გეგმა, არც მოწინააღმდეგეთა ანალიზი. ეს მწვრთნელსაც კარგად ესმოდა და ფეხბურთელებს სთხოვა არ შეეწყვიტათ შვებულება. ჩამოსულიყვნენ რამდენიმე დღით, ეთამაშათ ჯგუფური ეტაპის სამი სავალდებულო თამაში და მშვიდად გაეგრძელებინათ დასვენება. ზოგმა მაინც იუარა. მაგალითად, მიქაელ ლაუდრუპმა, რომელიც არ ჩამოვიდა შვებულებიდან და მიზეზად მწვრთნელთან კონფლიქტი მოიმიზეზა.

თავდაპირველად, თამაშზე უარი თქვა კიმ ვილფორდმაც, თუმცა მისი მიზეზი გაცილებით სევდიანი იყო – კიმის პატარა ქალიშვილი წარუმატებლად ებრძოდა კიბოს საავადმყოფოს პალატაში. გუნდს და მწვრთნელს ესმოდათ, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა ვილფორდი. მას შესთავაზეს ნებისმიერი პირობა, რასაც მოისურვებდა, მაგრამ ვერ დაითანხმეს. მოულოდნელად, უკანასკნელ დღეებში პატარა ლინის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შვილმა და მეუღლემ ერთდროულად თხოვეს კიმს წასულიყო ჩემპიონატზე. მწვრთნელმაც ნება დართო ვილფორდს ყოველი თამაშის მერე დაბრუნებულიყო დანიაში, შვედეთიდან კოპენჰაგენი ხომ იქვე იყო.

დანიამ პირველი მატჩი ფრედ ითამაშა ინგლისთან, მეორეში – მასპინძელ შვედებთან დამარცხდა. მოულოდნელად, პატარა ლინის მდგომარეობა მძიმდება და შესვენებაზე მეუღლე თხოვს ვილფორდს სასწრაფოდ დაბრუნდეს კოპენჰაგენში. ვილფორდი ალაგებს ბარგს და მიემგზავრება. თანაგუნდელებს თხოვს აღარ ელოდონ – ჩემპიონატი მისთვის დასრულებულია. საფრანგეთთან მატჩს ის უკვე საავადმყოფოში უყურებს ლინთან ერთად.
ანგარიშს დანია ხსნის. საფრანგეთი ათანაბრებს და დანია გავარდნის პირასაა, მაგრამ თამაშის მიწურულს ელსტრომს გააქვს გამარჯვების გოლი.

ვილფორდი ხედავს, როგორ ცოცხლდება მთელი კლინიკა. გამხდარი, თმაგაცვენილი, გატანჯული ადამიანები უეცრად ივიწყებენ სიკვდილსა და ტკივილს და მხიარული შეძახილებით იკლებენ საავადმყოფოს. ისინი ბედნიერები არიან. ლინიც ბედნიერია. მასაც ავიწყდება სასიკვდილო დაავადება, თუნდაც 90 წუთით. ვილფორდი საავადმყოფოს ტუალეტში იკეტება და ტირის. ტირის ტკივილისა და სიხარულისგან.

ნახევარფინალში დანიას ხვდება ჰოლანდიის საოცარი ნაკრები, ჩემპიონატის უპირველესი ფავორიტი. ვან ბასტენს, კუმანს, გულიტს, ბერგკამპს, ბლინდს, დე ბურს, ვან ბრეკელენს გამარჯვება წყურიათ. ვილფორტი შვილის თხოვნით ნაკრებში ბრუნდება. მას ახსოვს ვისთვის თამაშობს, ვისთვის უნდა გაიტანოს. იცის, როგორ უნდა გააბედნიეროს პალატის ბინადრები, თუნდაც რამდენიმე წუთით. ძირითადი დრო 2-2 სრულდება.
იწყება პენალტები. ვან ბასტენი საშინლად ურტყამს. ნიშნულთან მიდის ვილფორდი. დაღლილი, გამხდარი, საშინელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. თვალცრემლიანი იყურება ცაში, იყურება კოპენჰაგენისკენ. იცის, რომ იქ, სიკვდილის პალატებში, ლინი და სხვა ბავშვები ცდილობენ ტელევიზორის წინ ცოტახნით მაინც დაივიწყონ თავიანთი გასაჭირი.
დანია ფინალშია. ეს ყველაფერი ზღაპარს გავს.

მატჩის შემდეგ, ვილფორტი სასწრაფოდ მიემგზავრება დანიაში. შვიდი წლის ლინის მდგომარეობა გაუარესდა, გოგონა ფაქტიურად მომაკვდავია. კიმი კატეგორიულად უარს ამბობს თამაშზე, მაგრამ ოჯახის წევრები და კლინიკაში მყოფი პაციენტები ემუდარებიან დაბრუნდეს და მოიგოს მათთვის ევროპის თასი. ამავეს სთხოვს ლინიც, როცა ლაპარაკს ახერხებს.

ალბათ, ბევრს გახსოვთ ფინალი გერმანიის წინააღმდეგ. დანიელებმა დასაწყისშივე გახსნეს ანგარიში. ამის შემდეგ, გერმანელები მასირებულად უტევდნენ და ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან, მაგრამ 79-ე წუთზე კიმ ვილფორტს გააქვს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი და მთელი ერის ოცნებას რეალობად აქცევს. ამ დროს ის ფიქრობდა მხოლოდ მათზე, ვინც უკანასკნელ ტკივილებს უმკლავდებოდა პალატებში და მაინც ზეიმობდა გამარჯვებას. მას სჯეროდა, რომ ფეხბურთს და გამარჯვებას შეეძლო თუნდაც სულ ცოტა ხნით მათი გამოხსნა ამ მტანჯველი ჯოჯოხეთიდან. კიმმა და მთელმა გუნდმა ეს სწორედ ამ ადამიანებისთვის და მომაკვდავი ლინისთვის გააკეთა.

კიმ ვილფორტის ფინალში გატანილი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ერთერთ ყველაზე ემოციურ და ტრაგიკულ გოლად ითვლება.

დანიის ნაკრების „ზაფხულის ზღაპარი“ სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ოქროს ფონდში.

ლინ ვილფორტი ფინალიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მან თქვა, რომ ამაყობდა მამით. რომ მისი ოცნება ასრულდა, დანიამ გაიმარჯვა და მამა ყველაზე ძლიერი იყო. ის ოცნებობდა სიკვდილის წინ ენახა დანიის ნაკრების „ზაფხულის ზღაპარი“ და ნახა კიდეც. ეს ზღაპარი მისთვის და მისნაირებისთვის დაიწერა. იმ ზაფხულს ისინი ყველა ბედნიერები იყვნენ.

ჩემპიონატიდან 1 წლის შემდეგ კიმ და მინა ვილფორტებს ქალიშვილი რიკე შეეძინათ.

თეგები
იხილეთ მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *