მთავარი ბლოკირელიგია

უწმიდესმა შემომხედა და მითხრა, კაცო, მე თქვენ ცხვრებადა გზრდით, თქვენ კიდევ იზრდებით მგლებადა.

არქიდიაკვანი დემეტრე (დავითაშვილი): უწმიდესს ხილი უყვარს ძალიან. რამდენიმე წლის წინათ თაბორის მთაზე შევხვდი ფერისცვალებას. კაქტუსის ნაყოფი უცხო ხილია და წამოვუღე უწმიდესს, მივართვი. ძალიან საინტერესო გემო აქვს, სხვადასხვა ხილის. უწმიდესს ვკითხე, თუ მოგეწონათ-მეთქი. ჯერ არ გამისინჯავს გემო, ჩემს მშობლებს მივართვიო. უწმიდესს თავისი მშობლების სურათები საძინებელში კედელზე უკიდია და მათ წინ ჩაუქრობლად ანთია კანდელი. განსაკუთრებულ და იმ კერძებს, რომელიც მათ უყვარდათ, მიართმევს ხოლმე. კაქტუსის ნაყოფზეც ასე თქვა, ჯერ მშობლებს მივართვი და მერე შევჭამეო. როგორც მითხრეს, ძალიან მოეწონა.

საპატრიარქოს ეზოში ხშრად ჩადის ხოლმე და მარტო ჯდება ბაღში. როდესაც უცხოეთში ვართ, ვცდილობთ ხშირად დავტოვოთ ოთახში მარტო. საერთოდ, ბერებს ძალიან უყვართ მარტოობა. გარეთ იმდენი ქაოსია, რომ განმარტოება კარგი წამალია. უწმიდესი განსაკუთრებით ზამთრის ბაღით ამაყობს და არ არსებობს სტუმარი მიუვიდეს და საუბრის ბოლოს არ უთხრას, თქვენ არ გინახავთ არა ჩვენი ბაღიო და შემდეგ გაიყვანს და აჩვენებს. ეზოში უნიკალური მცენარეები აქვს, თითოეულის სახელი ზეპირად იცის, უვლის, უფრთხილდება. ერთხელ რაღაცას მოაყოლა – მე, რომ გარდავიცვლებიო. გავჯავრდი და საყვედური ვუთხარი, ასე ნუ ამბობთ, თქვენ, რომ რამე მოგივიდეთ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, შეიძლება, ერთმანეთი დავჭამოთ, ამიტომ თქვენ დიდხანს უნდა იცოცხლოთ-მეთქი. უწმიდესმა შემომხედა და მითხრა, კაცო, მე თქვენ ცხვრებადა გზრდით, თქვენ კიდევ იზრდებით მგლებადა. პირობა მივეცი, რომ ცხვრებად გავიზრდებით, მგლები არ ვიქნებით და არ დავჭამთ ერთმანეთს.

ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს, როგორც ნახატი, ასევე საგალობლებიც. მისი საგალობლები ხშირად ისმის სამებაში. როდესაც უცხოელებმა უწმიდესის „კირილეისონი“ მოისმინეს, თქვეს, გვეგონა ზღაპარში ვიყავით, ისეთი საოცარი ჰარმონია მოვისმინეთო. საერთოდ ამბობენ, როდესაც ადამიანი რაღაცას გადმოცემს, ეს წერილობითი იქნება თუ მუსიკალური, საკუთარ შინაგან მდგომარეობას, სამყაროს გადმოსცემს და უწმიდესი კი შინაგანად ყოველთვის სამოთხეშია. შესაბამისად, მისი მუსიკა, ნახატი, ქადაგება, მხოლოდ და მხოლოდ სამოთხის გარდამოცემა იქნება.
მოამზადა ნათია უტიაშვილმა.[hana-code-insert name=’br’ /]

თეგები
იხილეთ მეტი