პოლიტიკა

ფრანგის შემდეგ ბრიტანელი ექსპერტის მიერ შეფასებული თბილისის გენგეგმა და ხარვეზები

თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის ყოფილი საწარმოო ტერიოტორიების (ბრაუნფილდების) პირველადი ანგარიში მომზადდა. ეს ანგარიში 2018 წლის 15 იანვარს სამსახურის ვებ-გვერდზე (www. tas.ge ) გამოქვეყნდა.

აღნიშნული კვლევის და ანგარიშის ავტორი გახლავთ მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეული ბრიტანელი ექსპერტი ჯონ ბეროუზი. იგი გახლავთ 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე სპეციალისტი ურბანული დაგეგმარების, ურბანული რეგენერაციის და ყოფილი საწარმოო ტერიტორიების („ბრაუნფილდების“) გარდაქმნის სფეროში. მას ურბანული განვითარების ბევრ საერთაშორისო პროექტში აქვს მონაწილეობა, ლონდონის მაღალი აქტუალურობით გამორჩეულ სატრანსპორტო პროექტების და სარკინიგზო პროექტების ჩათვლით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯონ ბეროუზი იყო ადგილობრივი მთავრობის/მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი პირი და ამდენად მისთვის კარგადაა ცნობილი ქალაქის გადაწყვეტილების მიმღებ პირთა წინაშე არსებული გადასაჭრელი პრობლემები.

მსოფლიო ბანკის ხელშოწყობით მიმდინარე პროექტი „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაცია” ითვალისწინებს თბილისის ყოფილი საწარმოო ტერიტორიებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების დეტალურ ანალიზსა და მათი ახალი ფუნქციით გამოყენების სტრატეგის შემუშავებას, რაც მყარ საფუძველს შექმნის აღნიშნული ტერიტორიების დეტალური დაგეგმარების პროექტების მომზადებლად.

აღნიშნული დოკუმენტი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში უარყოფითად არის შეფასებული „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ (მგგ) ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატი – ქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ლიანდაგების აღების წინადადება. საინტერესოა ისიც, რომ ამ ანგარიშის გამოქვეყნება დროში დაემთხვა თბილისის მერის ბ-ნი კალაძის გადაწყვეტილებას, გენგეგმის საბოლოო შეფასებისთვის უცხოელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი ჯგუფის შექმნის შესახებ. ეს ყოველივე გვაფიქრებინებს, რომ მგგ-ს 3 წლიანი ეპოპეა ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და დიდია ალბათობა, რომ ბ-ნმა კალაძემ უარი თქვას მის დამტკიცებაზე.

მგგ-ს არაკვალიფიციურობიდან გამომდინარე ბ-ნი ჯონ ბეროუზის უარყოფითი შეფასება სავსებით მოსალოდნელი იყო. მისი მოსაზრებები ფაქტიურად დაემთხვევა ფრანგი ექსპერტის ერიკ ჰიუბრეხტის და ქართველი სპეციალისტების აზრს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი და რომ დაუშვებელია მისი დამტკიცება..

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გთავაზობთ შენიშვნების ამონარიდებს ბ-ნი ჯონ ბეროუზის მიერ მომზადებული ანგარიშიდან.

შენიშვნა 1.

„მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მიწათსარგებლობის საკითხებზე მომუშავე კონსულტანტების მიერ მუნიციპალიტეტისთვის, „ბრაუნფილდების“ შესახებ წარმოებული ამ კვლევის საველე სამუშაოების მიმდინარეობისას. საველე სამუშაოების დროს ფართო დისკუსია გაიმართა გეგმასთან დაკავშირებით და ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ გეგმის ახალი პროექტის საბოლოო ვერსია არ ყოფილა ხელმისაწვდომი 2017 წლის მაისისთვის, როცა წარმოებდა საველე სამუშაოები.“

(ცნობისათვის მგგ-ზე მომუშავე „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ საბოლოო სახით დოკუმენტი 2017 წლის აპრილში უნდა წარედგინა დამკვეთისათვის. (ავტ.))

შენიშვნა 2.

„ქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ლიანდაგების აღების წინადადება და მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოშლა არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, ყველაზე გასაოცარი წინადადებაა რკინიგზის და სარკინიგზო კავშირების მზარდი მნიშვნელობის ფონზე მსოფლიოს მთავარ ურბანულ დასახლებებში. წინადადება თბილისის ცენტრში მთავარი სარკინიგზო ლიანდაგის მოშლის შესახებ შეანელებს მგზავრობას და გაართულებს პროცესს რაც არ არის თბილისის და მისი გარეუბნების, ისევე როგორც „ბრაუნფილდების“, სამომავლო დაგეგმარების და სატრანსპორტო სტრატეგიის ინტერესებში. ეს საკითხი უნდა გახდეს ქალაქის მერიის ყურადღების საგანი და მისი “ბრაუნფილდების“ სამომავლო სტრატეგიის ნაწილი.“

შენიშვნა 3.

„დიდ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არ არსებობს თბილისის ცენტრში სარკინიგზო ლიანდაგების აღების შესახებ წინადადების შეფასება (ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტის, მიწათსარგებლობის და ეკონომიკური თავლსაზრისით), რომელიც გაცემული იქნებოდა დაგეგმარების და ტრანსპორტის აღიარებული კონსულტანტის მიერ, რომელიც მოთხოვნის საფუძველზე მოამზადებდა წინადადების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებას და რეკომენდაციას მიწოდება ქალაქის და ქვეყნის მთავრობას ამ სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით ადეკვატური მიდგომის შერჩევის შესახებ.

როგორც ჩანს, კონსულტანტებმა რომლებიც მუშაობდნენ მიწათსარგებლობის გეგმაზე, საერთაშორისო კონსულტანტების ჩათვლით, „მიიჩნიეს“, რომ ლიანდაგების აღებასთან დაკავშირებული წინადადება გრძელვადიანი პოლიტიკური ნებაა და გაითვალისწინეს ის გეგმაში მაგრამ მათ არ შეუფასებიათ წინადადება. მათ ჩამოთვალეს ზოგიერთი სარგებელი მაგრამ არ წარმოუდგენიათ რაიმე ანალიზი ხარჯების და უარყოფითი მხარეების შესახებ. ასევე, პროცესში ჩართულ საერთაშორისო კონსულტანტებს არ მოუწონებიათ წინადადება ან, რაც უფრო მნიშვნელოვანია, არ ურჩევიათ კლიენტისთვის ლიანდაგების აღება. თუ საერთაშორისო კონსულტანტები მომზადებულნი არიან, რომ გასწიონ კონსულტაცია რკინიგზის ლიანდაგების აღებასთან დაკავშირებით, მაშინ მათ უნდა წარმოადგინონ სრული ანალიზი და ხარჯთსარგებლიანობის შეფასება და ასევე ინფორმაცია უარყოფითი მხარეების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს ლიანდაგების აღებას.“

ამ შენიშვნიდან გამომდინარე კიდევ უფრო ძლიერდება ეჭვი, რომ საერთაშორისო (გერმანელი) ექსპერტები მხოლოდ ფორმალურად (მათი სახელი გამოიყენეს) ფიგურირებდნენ მგგ-ს სატრანსპორტო სტარტეგიის შექმნაში.

შენიშვნა 4.

„სარკინიგზო ლიანდაგების აღება აღწერილია სამომავლო ხედვის დეკლარაციით როგორც “ურბანული განვითარების უდიდესი მასშტაბის მეგაპროექტი“, მაგრამ არ არსებობს კვლევა, რომელიც ასეთი სიდიდის პროექტის შესაბამისი იქნებოდა. მიზანშეწონილი იქნება არსებობდეს მინიმუმ 20 ან 30 გვერდისგან ან შესაძლოა 100 გვერდისგან შემდგარი კვლევა, ანალიზით, კომენტარებით და სხვადასხვა ისეთი მაჩვენებლით, მაგალითად როგორებიცაა: ხარჯთსარგებლიანობა; მგზავრობის დრო; ლიანდაგების აღების ხარჯები; ახალი ბოლო სადგურების მშენებლობის ხარჯები; სამგორის და დიდუბის სადგურებში გადასასვლელების მშენებლობის შესაძლებლობა; საქართველოს რკინიგზის მოსაზრებები და ოპერაციული მოთხოვნები; ახალი მექანიზმების ოპერირების ხარჯები; ზეგავლენა ადგილობრივ და ეროვნულ ეკონომიკაზე და საერთაშორისო შესაძლო შედეგები; და შემდეგ სქემის სავარაუდო სარგებლის ღირებულება და წინადადების სარგებლის და უარყოფითი მხარეების შეფასება პროფესიონალის მიერ სქემის და ვარიანტების შესახებ.

სათანადო კვალიფიკაციის მქონე ტრანსპორტის და დაგეგმარების ადგილობრივი ან საერთაშორისო კონსულტანტის შეფასების და რეკომენდაციის არარსებობა გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ წინადადება ეწინააღმდეგება საუკეთესო პრაქტიკას მსოფლიოში და კერძოდ ევროპაში, სადაც სარკინიგზო კავშირები ქალაქებში მიიჩნევა მასობრივი ტრანსპორტის ყველაზე მდგრად ფორმად და ფართოვდება ურბანულ დასახლებებში შეკვეცის ნაცვლად.“

შენიშვნა 5.

„ლიანდაგის ნაწილი თბილისის ცენტრში, რომლის აღებაც შემოთავაზებულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, წარმოადგენს საქართველოს მთავარი სარკინიგზო სტრუქტურის ნაწილს. ის არ არის განშტოება ან პარალელური ლიანდაგი სხვა მეორე ლიანდაგის მიმართ, რომელიც შესაძლოა იმავე ფუნქციას ასრულებდეს – ეს არის მთავარი მაგისტრალი საქართველოში და მისი მთავარი სადგური საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მდებარეობს. რთული იქნება საქართველოს რკინიგზის განახლების სტიმულირება (რომელიც 1877 წლიდან არსებობს) ქვეყნის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის ცენტრალური ნაწილის აღების პარალელურად.“

შენიშვნა 6.

„ქალაქის (და ქვეყნის) მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის აღება არ უზრუნველყოფს არჩევანის შენარჩუნებას, არამედ ახშობს მას შესაძლოა სამუდამოდაც. ქალაქს ჰქონდა ცენტრში გამავალი მთავარი სარკინიგზო მაგისტრალი თითქმის 140 წლის განმავლობაში და წელს უნდა გადაწყდეს მისი მოშლა და მთავარი ლიანდაგის ქალაქის ცენტრიდან აღება, როცა ყველასთვის ცნობილია რომ ევროპულ ქალაქებში ხდება სარკინიგზო ხაზების დაბრუნება უკანასკნელი წლების განმავლობაში და ის წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრად ფორმას, რომელსაც მომავალი აქვს?

არცერთი დასაბუთება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა ამ იდეის საფუძვლიანობას და მიზანშეწონილობას და მაინცდამაინც წლევანდელი წელი ან ეს ათწლეული არის უნიკალური წელი და ათწლეული ბოლო 140 წლის მანძილზე, როცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამუდამოდ მომავალი თაობებისთვის? აღნიშნული იდეა ეწინააღმდეგება ევროპის და აზიის ქალაქების გამოცდილებას. ძალიან ძვირადღირებული იქნება და შეიძლება შეუძლებელიც კი ყველაფრის შეცვლა მომავალში. მიწათსარგებლობის მდგრადი გეგმა უნდა იცავდეს რკინიგზას მომავლისთვის და არ უნდა მოითხოვდეს მის გაუქმებას.“

შუალედური დასკვნა

„ უახლოესი თვეების მანძილზე ქალაქისთვის უდიდესი ამოცანა იქნება შეაფასოს წინადადებები, რომლებიც წინ უძღოდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს და მიიღოს გადაწყვეტილება მათ შესაბამისობაზე მიზნებთან და ასევე უნდა მიიღოს თუ არა მერიამ გეგმაში წარმოდგენილი წინადადებები.

აღნიშნულმა კვლევამ უკვე კითხვის ქვეშ დააყენა და წარმოადგინა რეკომენდაცია გეგმაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადების წინააღმდეგ, რომელიც ეხება რკინიგზას თბილისის ცენტრში, მაგრამ აქ შეიძლება იყოს ბევრი სხვა წინადადებაც, რომელიც საეჭვოა და ბევრი სხვა წინადადება რომელთა მიღებასაც ქალაქი ისურვებდა. ეს ყველაფერი შესასწავლია და საჭიროებს განხილვას უახლოესი თვეების განმავლობაში.“

ამ პროცესის ექვს თვიანი მონიტორინგის განმავლობაში ჩვენ ბევრი ქართველი სპეციალისტის და ადგილობრივი ორგანიზაციების უარყოფითი შეფასება მოვისმინეთ მგგ-ს შესახებ, მაგრამ მათთან შედარებით, ზოგადად დელიკატური ფრანგების და ბრიტანელების შეფასებები განსაკუთრებული კატეგორიულობით გამოირჩევიან, რაც აშკარად მიუთითებს ამ დოკუმენტის სისუსტეზე.როგორც ჯერ-ჯერობით ჩანს, ასეთი ფორმით მგგ-ს მიღება არანაირად არ მოდის შესაბამისობაში ბ-ნი კალაძის ინტერესებთან. სწორედ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად და მგგ-ს ლობისტების გასანეიტრალებლად შექმნა მან, გენგეგმის საბოლოო შეფასებისთვის უცხოელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი ჯგუფი.

ხოლო იმის მოლოდინი, რომ ეს ჯგუფი უარყოფით დასკვნას დადებს აშკარაა და ამის საფუძველია ის რომ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ცალსახად თანხმდებიან წარმოდგენილი დოკუმენტის არაკვალიფიციურობაში და წინააღმდეგი არიან მისი დამტკიცებისა. იგივე პოზიცია აქვს მერიის არქიტექტურის სამსახურმის უფროსსაც, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარვეზებიდან გამომდინარე, შეიძლება წარმოდგენილი დოკუმენტი საერთოდ არ დამტკიცდეს და შეწყდეს კონტრაქტორთან ხელშეკრულება.

გოგი ლორთქიფანიძე – “სახალხო თვითმმართველობა”

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *