პოლიტიკა

ქალაქის გენგეგმის მიხედვით თბილისს არ სჭირდება დამატებითი ქუჩები და არც ე.წ “ხრუშჩოვკების” პროექტია შესული?!

გიორგი ბათიაშვილი: უზუსტესად გაზომეს ყველა ქუჩა – სიგრძე-სიგანეში, შეკრიბეს მონაცემები და შეადარეს ქალაქის ფართს და დაასკვნეს, რომ თბილისს არ სჭირდება დამატებითი ქუჩები!!!

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კვლავ ჰაერშია გამოკიდებული, თუმცა ეს მდგომარეობა მთლად ურიგოც არ არის, რადგან დარგის სპეციალისტები ლამის ერთხმად ამბობენ, რომ გეგმა ვერ პასუხობს თბილისის გამოწვევებს და არ არის ორიენტირებული ქვეყნის დედაქალაქის განვითარებაზე. უცნაურია ისიც, რომ მასზე, უპირატესად, უცხოელმა სპეციალისტებმა იმუშავეს (მეტიც, ეს ტენდერის აუცილებელი პირობა იყო). არქიტექტორი და თბილისის საპატიო მოქალაქე გიორგი ბათიაშვილი განგვიმარტავს, თუ რა ხარვეზები აქვს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმად წოდებულ დოკუმენტს და რატომ ვერ იქნება შესაძლებელი მისი მეშვეობით თბილისის, როგორც ცენტრის, განვითარება.

–ნებისმიერი გეგმა, წესით, უნდა ემსახურებოდეს პროგრესს. თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა გენერალური გეგმა, რომლის შემუშავებაც ორი მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა, მოუგვარებს თბილისსა და თბილისელებს არსებულ პრობლემებს.

–ქვეყნის ადამიანური რესურსი გადანაწილება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ამის გარეშე როგორ უნდა დააპროექტო დედაქალაქის გენერალური გეგმა?! არქიექტურა იმდენადაა შემოქმედებითი საქმიანობა, რამდენადაც სამეცნიერო. არქიტექტურის ანალიტიკური ნაწილი მაინც მეცნიერული კვლევის პროდუქტია. ამ გეგმას დაარქვეს მიწათსარგებლობის გეგმა, რაც ანეგდოტია, ვინაიდან მიწათსარგებლობის გეგმა იქმნება გენგეგმის საფუძველზე და არა წინსწრებად.

–აქ ერთადაა სახელწოდებაში: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

–ეს არის მიწათსარგებლობის პროექტი და შემდეგ დაარქვეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როდესაც პრეტენზია გამოვთქვით. არადა ასეთი რამ წარმოუდგენელია: მიწათსარგებლობისა და გენერალური გეგმა სხვადასხვა გეგმაა. აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ეს მიწათსარგებლობის გენგეგმა არ ივარგებს.

რაც მთავარია, როდესაც კონკურსი გამოაცხადეს, პირობაში ეწერა უცხოელი სპეციალისტების თანამონაწილეობა. შემდეგ კი, როდესაც დადგა კონკურსში მონაწილეთა დაშვების ეტაპი, თუ ვინ გააგრძელებდა მუშაობას, შეიქმნა საკონკურსო-შემფასებელი კომისია, რომელიც მხოლოდ უცხოელებისგან შედგებოდა.

–უცხოელი სპეციალისტების აპრიორი უპირატესობა ადგილობრივებთან შედარებით იწვევს ხოლმე გაღიზიანებას, თუმცა თბილისში დგას უცხოელი არქიტექტორების მიერ შექმნილი შენობები.

–ჩვენ ახლა ძალიან საინტერესო უბანში ვართ, მთაწმინდა-სოლოლაკი… სალალაკი და მთაწმინდის დიდი ნაწილი შეიქმნა მაშინ, როდესაც კაპიტალიზმის ყლორტები გაჩნდა საქართველოში, რაც ბაქოს ნავთობის ბუმის გამოძახილი იყო. თბილისში მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპული კულტურის გენების მქონე უბნები შექმნილია ევროპელი არქიტექტორების მიერ. შედით ძველი თბილისის ნებისმიერ სადარბაზოში: ეს არის ევროპული პეწის ქართული ორგანიზმები; თბილისური შენობების ყველა ავტორი წლების განმავლობაში მსახურობდა თბილისში, ზოგნი დაოჯახდნენ თბილისში, იყვნენ ქართული სუფრის წევრები, ამიტომ მათ მიერ შექმნილ არქიტექტურაში არის ევროპული ფორმა და ქართული სული. და რა ხდება მოწათსარგებლობის გენგეგმის შემთხვევაში?! ის შეაფასებინეს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ მაშინ გაუმასპინძლდნენ ხაჭაპურით, როდესაც აქ ჩამოიყვანეს. იმ უცხოელმა სპეციალისტებმა არ იციან, რა არის თბილისი, როგორია ის, მერიამ კი ისინი თბილისის გაჯანსაღების პროცესში ჩართო.

–ამ მიწათსარგებლობის გენგეგმაში გადმოტანილია ძველი გზები, შესაძლებელი არის ქალაქის განვითარება ძველი გზებით?

–ჩამოიყვანეს გერმანელი სპეციალისტები: გერმანელები კი ძალზე საპატივსაცემო ერია უამრავი თვისების გამო. მე ეჭვს ვერ შევიტან მათ პროფესიონალიზმში, მაგრამ მათ არაფერი იციან თბილისზე, ამდენად, როგორც გერმანელებს შეშვენით, მათ უზუსტესად გაზომეს ყველა ქუჩა – სიგრძე-სიგანეში, შეკრიბეს მონაცემები და შეადარეს ქალაქის ფართს და დაასკვნეს, რომ თბილისს არ სჭირდება დამატებითი ქუჩები. არადა თბილისის ორი მესამედი საურმე გზებითაა აკინძული და ამ დროს ისინი გვეუბნებიან, გზები არ გჭირდებათო?! მაშინ, როდესაც თბილისში არც ერთი ქუჩა განივი მიმართულებით არ არის გამჭოლი და ათიდან მხოლოდ რვა ხიდი მუშაობს ქალაქზე.

–რომლებიც სანაპიროებს აკავშირებს.

–ჩვენ გვაქვს გრძივი მიმართულების ოთხი გზა და არც ერთი განივი გზა არ არის გამჭოლი. ისევე, როგორც ადამიანის სხეულია აკინძული ხერხემალზე, ასევეა ასაკინძი თანამედროვე ქალაქი სატრანსპორტო სტრუქტურაზე, რაც ამ გეგმაში სრულადაა უგულებელყოფილი, იმიტომ რომ ეს არის მიწათსარგებლობის და არა – გენერალური გეგმა!

–რა შეიცვალა მხოლოდ სახელწოდების დარქმევით? რაღაც მიზანი ხომ აქვთ, მე ვერ ვიჯერებ, რომ ამ ქალაქის მტრები არიან, თუმცა ისიც ფაქტია, რომ, როდესაც ამდენი პროფესიონალია უკმაყოფილო, გეგმა არ ვარგა.

–ეს არის არასწორი მიდგომის შედეგი: რადგან განმკარგავ პერსონას გააჩნია სათანამდებობო სკამი, ესე იგი ყველაფრის მცოდნეა. არადა კიდევ არიან ცოცხლები ადამიანები, რომლებმაც იციან ეს საკითხები და სწორედ მათ უნდა შეაფასონ. სხვათა შორის, ასევე, უცხოელი სპეციალისტების დაგეგმილია ესტაკადებიც გმირთა მოედანზე. ჩვენთან ამ ესტაკადებმა მოსპეს სანაპიროების ცალმხრივ მაგისტრალებად გადაკეთების შანსი, რაც ქალაქის ამ ზონაში, დიდუბის ხიდიდან ორთაჭაჰესამდე მოძრაობის განსამუხტავად ერთადერთი საშუალებაა. ესტაკადამ უნდა განტვირთოს მოძრაობა. ჩვენთან კი მოხდა პირიქით: გაჭედა მოძრაობა, როგორც ორთაჭალისკენ მიმავალი, ისე დიდუბიდან წამოსული. ახლაც კი, როდესაც თბილისი ცარიელია, ესტაკადაზე მაინც საცობია. და მხოლოდ იმიტომ, რომ სწორად არ არის გათვლილი.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არ არის ასახული გეგმაში, მაგრამ ბატონი კახი კალაძის წინადადებაა და მე მას მხარს ვუჭერ: ეგრეთ წოდებული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების, მაგრამ უნდა მოხდეს არა ჩანაცვლება, არამედ მთელი ზონის გადაგეგმარება, რადგანაც ეს რაიონები პრაქტიკულად წარმოადგენენ ე.წ. საძილე რაიონებს. ამ საძილე რაიონებში მხოლოდ არის ის, რაც ადამიანს გამოღვიძების შემდეგ და დაძინებამდე სჭირდება: სკოლა, საბავშვო ბაღი, პირველადი ჯანდაცვის ობიექტი, მარკეტი და სხვა. ეს დიდებული წამოწყებაა, ოღონდ საჭიროა ტერიტორიის ფუნქციური გადაგეგმარება და ამ დაგეგმვით შენობების ჩანაცვლება და რა თქმა უნდა, ეს უცილებლად უნდა აისახოს გენგეგმაში.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომლის ბაიბურშიც არ არიან ამ გეგმის შემდგენლები: თბილისს აქვს სახელმწიფო დაცვითი ზონა, რომელიც შეიქმნა 1975 წელს. შემდეგ ეს ზონა გაფართოვდა და „დინამოს“ სტადინამდე მივიდა. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და მოიცავს ტერიტორიას პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან, ხარფუხს, აბანოთუბანს, ლესელიძის ქუჩას, თავისფლების მოედანს, კალას უბანს, სოლოლაკს, მთაწმინდას, რუსთაველის პროსპექტს მელიქიშვილის ქუჩამდე, მარცხენა სანაპიროდან კი საარბრიუკენის მოედნიდან „დინამოს“ სტადიონამდე. ამ ტერიტორიაზე არის ოთხი პრინციპულად განსხვავებული ზონა და მის მიმართ ერთი საზომით მიდგომა სიკეთეს არ მოიტანს.

–ვთქვათ, მაინც მიიღო ეს გეგმა საკრებულომ, რომელსაც, როგორც თქვენ ამბობთ, ჰქვია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც ნონსენსია და, რეალურად, არის მხოლოდ მიწათსარგებლობის გეგმა?

–ეს იქნება უვარგისი გეგმა და არასწორად წარიმართება დედაქალაქის განვითარება.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ლინკზე

მიხეილ ბოლქვაძე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *