ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგია

ღვთისმშობლის ხატი “დედოფალი” საქართველოს ტოვებს

ჩვენ უცვლელად გთავაზობთ მსწრაფლშემსმენელი და საკვირველმომქმედი ხატის “დედოფალის – სიხარულის მომნიჭებელის” მცველების სპეციალურ განცხადებას.

 “დედოფალი” საქართველოს ტოვებს!!!

“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ხატის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” გამთენიისას დატოვებს საქართველოს. ძალიან რთული იყო ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის, მაგრამ ხატის მცველები იძულებულნი გავხდით გადაგვედგა ეს ნაბიჯი. “დედოფალს”უცხოეთში ჩვენთვის ძალიან ახლობელი და სანდო ადამიანი წააბრძანებს. უდიდესი გულისტკივილით გავაცილებთ ხატს, რადგან ჩვენ საკუთარი ცხოვრება მას მივუძღვენით, “დედოფალთან” ერთად მარტოებმა გავიარეთ ურთულესი გზები, რათა უდიდესი სიყვარული და სიხარული მოგვეტანა ყოველი თქვენგანისთვის.
განსაკუთრებული მადლიერება გვინდა გამოვხატოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიმართ, რომელიც მუდამ გვედგა გვერდში, როგორც უდიდეს მამას და პატრიარქს შეფერის.

ზემოაღნიშნულის გამომწვევ მიზეზებზე ხატის მცველები მოგვიანებით გავაკეთებთ საჯარო განცხადებას. “დედოფლის” დაბრუნება თქვენს აქტივობაზე და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ჩვენ ყოველთვის ვიდექით თქვენს გვერდით, არასოდეს მიუტოვებიხართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და იმედს ვიტოვებთ, რომ ახლა თქვენც ჩვენს გვერდით დადგებით.

პატივისცემითა და სიყვარულით,
მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა “დედოფალისა – სიხარულის მომნიჭებელისა” ზურაბი და გიორგი”

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები