დღეების კალენდარირელიგია

ღირსი საბიანა, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი

31 (13.01) დეკემბერი

საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალი სიწმიდით. საქართველოს დედათა მონასტრებში მოღვაწე ქალები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ: გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი მოვალეობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც.

განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა – მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას – „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბიანამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და კეთილად აღზარდა“.

შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“.

წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 12,33). წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები