რელიგია

შეიძლება თუ არა მაისში დაქორწინება.

საქართველოში არაერთი ცრურწმენა და ტრადიციაა გავრცელებული. ერთ-ერთი კი უკავშირდება მაისს, რომლის მიხედვითაც, ამ თვეში დაქორწინება არ შეიძლება, რადგან ეს წყვილს უბედურებას მოუტანს და მათი ოჯახური თანაცხოვრებაც ხანმოკლე იქნება. ამის გამო ბევრი შეყვარებული არ იწერს ჯვარს მაისში და არც ხელს აწერს. თუმცა, ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რა თქმა უნდა, ერთგვაროვანია: ეკლესია სიამოვნებით სწერს წყვილებს ჯვარს მაისში და ამის არანაირი აკრძალვა არ არსებობს. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელოების ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ დაიწეროს ჯვარი, მაგრამ დაარეგისტრიროს ქორწინება ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ საეკლესიო თვალსაზრისით, ანუ ღმერთის თვალში, ისინი ცოლ-ქმარი არიან, თუმცა იურიდიულად ისინი შეუღლებულებად ითვლებიან. ძველ საქართველოში, 1920-იან წლებამდე, არსებობდა კანონი, რომლის თანახმად, ეკლესიას გააჩნდა იურიდიული უფლება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ნათლობის, ჯვრისწერის დროს ეკლესია ასრულებდა სამოქალაქო რეესტრის ვალდებულებას, ანუ, ვინც იქორწინებდა ან მოინათლებოდა, საეკლესიო დავთარში ხდებოდა მათი აღრიცხვა, ანუ, იურიდიული სახე ჰქონდა ჯვრისწერისა თუ ნათლობის საბუთს.
– მაისში არა მხოლოდ ჯვრისწერაზე ამბობენ უარს, არამედ ხელის მოწერაზეც და ამის დასაბუთებული მიზეზიც არ გააჩნიათ.
– ამ სახის აკრძალვას ვერ ვპოულობთ ვერც საეკლესიო და ვერც საერო სამართალში. რა თქმა უნდა, ზოგადად არსებობს გარკვეული სახის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ქორწინებას. ესენია: ასაკი, როდესაც გოგონა და ბიჭი არასრულწლოვანები არიან და არ აქვთ თანხმობა მშობლებისგან ან მეურვეებისგან; ან, ადამიანს არ შეუძლია, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულად ემსახუროს ოჯახს, შეასრულოს თავისი მოვალეობები და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ არანაირი დამაბრკოლებელი მიზეზი არ არსებობს მათ დასაქორწინებლად. როგორც იცით, ეკლესია მოქმედებს თავისი კანონებით, ესენია მსოფლიო კრებების, ადგილობრივი კრებების დადგენილი კანონები, რომელთა შეცვლაც არ შეიძლება. ადგილობრივ კრებებსაც, მიღებული კანონებით, მსოფლიო კანონების მნიშვნელობა გააჩნია და ისინი წარადგნენ ეკლესიას, შესაბამისად, მათი რეპუტაცია საკმაოდ მაღალია. ერთ-ერთი ასეთი ადგილობრივი კრება არის ლაუდიკიის კრება, რომლის, თუ არ ვცდები, 52-ე კანონი ამბობს: ქორწინებისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა და გარდა დიდი მარხვებისა. ეკლესია ჯვრისწერასა და ქორწინებას კრძალავს მარხვის დღეებში, განსაკუთრებით კი – დიდმარხვაში.
ერთადერთი, შესაძლებელია ჯვრისწერის გადატანა, როდესაც ჯვრისწერის დღე ემთხვევა მარხვას. სხვა დაბრკოლება არ არსებობს ჯვრისწერისთვის, რა თქმა უნდა, თვეს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა; შესაბამისად, მაისში ჯვრისწერა დასაშვებია. ოდნავ რომ დავუკვირდეთ ასეთი საკითხებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას, მივხვდებით, რომ ჩვენ მართლმადიდებლობაში წარმართები ვართ. არანაირი საერო თუ საეკლესიო კანონი არ საუბრობს ამ თემაზე, ერთი წინადადებაც არ წერია არსად, რომ მაისში დაქორწინება არ შეიძლება. გასაგებია, რომ ეს არის ხალხის ცნობიერებაში, ჩვენს ტრადიციებში დაფუძნებული არასწორი, არაჯანსაღი დამოკიდებულება ამ საიდუმლოსა და ადამიანის მიმართ, მაგრამ, ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის ბედნიერებას არ განსაზღვრავს არც საათები, არც დღეები, არც თვეები?! ადამიანი თავად ქმნის თავის ბედნიერებას ამ დროში, ამ სივრცეში, იქ, სადაც მოუნდება და როგორც მოუნდება. ამისთვის კი მთავარია ის, რაც ქრისტემ მოგვცა ჩვენ მთავარ მცნებად: „იყვარებოდეთ ურთიერთსა.” თუ ერთმანეთი გეყვარებათ, ასე მიხვდებიან სხვა ადამიანები, რომ თქვენ ჩემები ხართ. რელგიური თვალსაზრისით, ქორწინების საიდუმლოს ყველაზე დიდი დატვირთვა გააჩნია, ისევე, როგორც სხვა საიდუმლოებს, რადგან აქ დგინდება ორი ადამიანის ერთად ცხოვრება. თუმცა, მოგვიანებით ეს ორი, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ოჯახის შექმნით მცირე ეკლესიას ქმნიან, ერთნი ხდებიან, ერთი ხორცი და მათ ერთმანეთი სიყვარულით, ურთიერთთავგანწირვით უნდა აღასრულონ ქრისტეს სჯული. და თუ ეს არის ცხოვრება, სიყვარული სიყვარულში, ურთიერთთავგანწირვა, მოთმინება, ერთგულება და ამ პრიზმიდან მივუდგებით საკითხს, მაშინ ყველანაირი ცრუ წარმოდგენები, მაისში დავიწეროთ თუ არა ჯვარი და, თუ მაისის თვეში ჯვარს დავიწერთ, რამე შეგვემთხვევა, უბედურები ვიქნებით – აზრს დაკარგავს. თუ ჩვენთვის მთავარია სიყვარული, თავდადება, ერთგულება, მაშინ, რა მნიშვნელობა აქვს, როდის დავიწერთ ჯვარს?! დღეს, სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილისთვის თვითონ ჯვრისწერამ დაკარგა მნიშვნელობა. და როცა ეს საიდუმლო აღესრულება, 100-იდან 80 აღესრულება აღსრულებისთვის და არა იმისთვის, რომ ჯვარდასაწერი ორი ადამიანი, ან მისი მეგობრები ამ ყველაფერს ბოლომდე აცნობიერებენ, მისადმი გარკვეული მოკრძალება აქვთ. ხშირად ჯვრისწერას იგივე ფუნქცია აქვს, რაც ქორწინების რეგისტრაციას – ჯვრისწერის საბუთიც საჭიროა, ანუ, მთლიანობაში დამოკიდებულებაც შეიცვალა. დღეს ჯვრისწერის შიგთავსმა იმდენად დაკარგა მნიშვნელობა, ზოგი საერთოდ აღარ იწერს ჯვარს, აღარ აქცევენ ამ საიდუმლოს მნიშვნელობას, რომ იმის ხაზგასმა – ვიღაც მაისში ჯვრისწერიგან თავს იკავებსო, აღარც არის აქტუალური.
მთავარია, ამ ორ ადამიანს მთელი შეგნებით ჰქონდეთ გააზრებული, რას აკეთებენ, რომ ღმერთს ავედრებენ ამ სიყვარულს და, თუ ეს სიყვარული ღმერთთან ცხოვრების სიყვარულზეა დაფუძნებული, მაშინ ეს მაისში მოხდება თუ სხვა თვეში, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ნათია უტიაშვილი. ჟურნალი ,,თბილისელები”.

თეგები
იხილეთ მეტი