ეკონომიკა

შექმნის თუ არა ლევან ბოძაშვილი ბლოკჩეინის მოძრაობას? – საბანკო მონოპოლიის მტერი!

რა არის ბლოკჩეინი და რა უპირატესობები აქვს?

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის მსოფლიოს უახლეს ბლოკჩეინ სისტემას იყენებს. 
ამის შესახებ საჯარო რეესტრსა და BLOCKCHAIN-ის ტექნოლოგიის კომპანია BitFury Group-ს შორის მემორანდუმიც არის გაფორმებული. ამ ჯგუფს თბილისში დატა ცენტრიც აქვს, რომლის ძირითადი საქმიანობაც ე.წ. “მაინინგი” ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება და სხვა კომპანიებისთვის ბლოკჩეინ სერვისის მიწოდებაა. 

რა არის ბლოკჩეინი და რა უპირატესობები აქვს – ამის შესახებ „ფაქტორი.გე“ ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის მიწვეულ პროფესორს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

  • ბ-ნ ლევან, იქნებ ყველასთვის მარტივ და გასაგებ ენაზე აგვიხსნათ – რა არის ბლოკჩეინი და როგორ შეიძლება ის გამოგვადგეს?

ბლოკჩეინი წარმოადგენს ახალ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რევოლუციურ სისტემას, რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში უამრავ ინდუსტრიაზე იქონიებს არსებით გავლენას და შეცვლის მსოფლიო კომერციას არსებითად. თუმცა მისი სარგებელი გაცილებით უფრო მომგებიანი და სასარგებლო იქნება სახელმწიფო სერვისების თვალსაზრისით. ეს არის დეცენტრალიზებული, ინდივიდუალურად მართვადი, არაგაყალბებადი და გარეშე ჩარევისგან თავისუფალი ქსელი, რომელიც რამდენიმე კომპონენტს ემყარება. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ – ნებისმიერ ელექტრონულ მოქმედებას ჭირდება ვინმე, რაიმე სუბიექტი რომელიც არის შუამავალი და თქვენსა და მეორე პირს შორის, მარტივად – გამტარია. მაგალითად, თუ თქვენ გზავნით ელექტრონულ ფოსტას კონკრეტულ ადრესატთან, მან უნდა გაიაროს ჯერ საშუამავლო სერვერი და შემდეგ მივიდეს მიმღებთან. მაგალითად, თუ თქვენ ცვლით პირადობის მოწმობას იუსტიციის სახლში, თქვენ უნდა გადაიხადოთ მისი ღირებულება იქვე ბანკის ფილიალში და ბანკის საშუამავლო დამატებითი თანხა 1 ლარი. ბლოკჩეინის შემთხვევაში თქვენ საბანკო შუამავალი არ გჭირდებათ და ამ ერთ ლარსაც აღარ გადაიხდით. ასევეა ნებისმიერ სხვა სფეროში, რომელსაც ელექტრონული ან სხვა მომსახურებისთვის საშუამავლო თანხებს ვუხდით. ეს ეხება ყველა სფეროს არა მხოლოდ გადახდის სფეროში არამედ ყველას, სადაც სისტემური შაუამავალია საჭირო.

ბლოკჩეინს აქვს პოტენციალი რევოლუციური გარღვევა მოახდინოს რეალური დემოკრატიის დამყარებაში საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. თეთრმა სახლმა უკვე გამოაცხადა ეტაპობრივად საჯარო სერვისების ბლოკჩეინზე გადატანასთან დაკავშირებით, დუბაი 2020 წლისათვის მთლიანად ბლოკჩეინზე გადადის, ხოლო უკვე დღეისათვის ფინანსური სექტორის 20% გლობალურ კორპორაციებში  გადასულია მასზე. ასე რომ სისტემა მუშაობს და მას აქვს ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ არსებითად შეცვლის პოტენციალი.

წარმოვიდგინოთ, რომ ნებისმიერი გადახდა, რომელსაც ვახდენთ წლის განმავლობაში დატვირთულია საკომისიო თანხით. ეს არის 50 თეთრიდან 1 ლარამდე თითოელ გადახდაზე, იქნება ეს საპატრულო ჯარიმა თუ დენისა და გაზის გადასახადი. ეს არის საშუამავლო თანხა, რომელიც გადაჭარბებულად არის დადგენილი ბანკების მიერ და თვეში 20-დან 60 მილიონამდე ლარს შეადგენს უხეში დათვლებით. გადაჭარბებით იმიტომ, რომ ბანკს რეალურად თითეული ქვითრის პროსესინგი იმის მეთედიც კი არ უჯდება რასაც ვიხდით. ბლოკჩეინი იძლევა საშუალებას ეს თანხები მთლიანად დარჩეს მომხმარებლისა და მოსახლეობის ჯიბეში, რაც იგივე შემოსავალია და თუ დღეს პენსიის გაზრდა არის პრობლემური სახელმწიფოსთვის, ეს დაზოგილი თანხა იგივე გაზრდილ პენსიად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს ეხება არა მხოლოდ სამომხმარებლო სფეროს, არამედ ყველა ტიპის და უფრო დიდი მასშტაბის გადახდებს იგივე კომერციულ სფეროში, საბაჟო თუ სანოტარო, ნებისმიერ სფეროში სადაც სტანდარტულად რეგულირებული საშუამავლო მომსახურებაა გათვალისწინებული.

  • რითია განპირობებული ახალი პლატფორმის – ბლოკჩეინის ასეთი პოპულარობა?

პოპულარობა გამოწვეული სწორედ იმით, რომ ეს არის დეცენტრალიზებული, არავისზე დამოკიდებული – შაუამავლის გარეშე მოქმედი სისტემა, რომელზეც შესაძლებელია ნებისმიერი ბიზნესი დაფუძნდეს. დღეს შეუძლებელია რაიმე გადახდის განხორციელება ბანკის გარეშე, ბანკი დღეს გახდა მონოპოლისტი შაუმავალი, ამ კომერციული სექტორის გარეშე მე, მოქალაქე უკვე ვეღარ ვახორციელებ ტრანსაქციას სახელმწიფოსთან და იძულებული ვარ ამ კაბალურ და მონოპოლიურ მდგომარეობას დავემორჩილო. ანუ თუ მე გადასახდელი მაქვს პატრული ჯარიმა 10 ლარის ოდენობით მე იძულებული ვარ გადავიხადო 11 ლარი და ა.შ. ბლოკჩეინი მოსპობს ამ ნაწილში საბანკო მონოპოლიას. დღეს უკვე უამრავი ინოვაციური სტარტაპი იხსნება, რომელიც თვისობრივად ახლებულ მოგვარებას გვთავაზობს უამრავ სფეროში. მაგალითად, განათლებისა და მისი დაფინანსების თვალსაზრისით. ბლოკჩეინი იძლევა ისეთ შესაძლებლობებს, რომ ბიზნესის წარმოება ხდება გაცილებით მარტივი და ნაკლები დანახარჯით. ამავე დროს, ბლოკჩეინი ანულებს კორუფციის რისკებს ყველაფერთან ერთად.

  • რა არის საჭირო ბლოკჩეინის სისტემის დასანერგად საქართველოში და თქვენ პირადად რას აპირებთ ამისთვის?

პოლიტიკური ნება და პირველადი საკანონმდებლო ცვლილებები. პირველ რიგში სისტემა შეიძლება დაინერგოს სწორედ საპატრულო და ადმინისტრაციული ჯარიმების სფეროში. ასევე სამოქალაქო და საჯარო რეესტრის მიმართულებით. აქ უკვე დაწყებულია მცირე სატეტსო მოძრაობები უძრავი ქონების რეესტრის მიმართულებით, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. მე მივმართავ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ის ინოვაციური მიდგომები რომელიც მან უკვე გაახმოვანა სისტემის რეფორმის თვალსაზრისით, პარალელურად განავითაროს სწორედ იმ საშუალებებით რაზეც აქ არის საუბარი. ეს მოუტანს დიდ შეღავათს მოსახლეობას და საჯარო სერვისების სისტემასაც გაცილებით სწრაფს და ეფექტიანს გახდის, დაიზოგება როგორც სამინისტროს ბიუჯეტი, ასევე გამოთავისუფლდება არაერთი იძულებითი პოზიცია პირველად დონეზე და ამ ხალხის სხვა მიმართულებით გამოყენება იქნება შესაძლებელი.

ასევე დიდი შესაძლებლობებია მერიის, მუნიციპალური სერვისების კუთხითაც. როგორც ვთქვი დუბაის მუნიციპალიტეტი 2020 წელს უკვე ბლოკჩეინით გააგრძელებს ოპერირებას.

ამდენად საჭიროა მკაფიო პოლიტიკური ნება და ამ ნების ფორმირებისათვის ვიწყებთ ბლოკჩეინის მოძრაობას, და ეს იქნება ერთდროულად სამოქალაქო და პოლიტიკური შინაარსის სინთეზის მქონე მოძრაობა, რომელიც იქნება ერთ კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული – დაუზოგოს მოსახლეობას თანხები და განავითაროს სახელწიფო სერვისები. ეს ეხება ყველას და არის აბსოლუტური ინოვაცია მართვისა და გადახდების თვალსაზრისით, შეამცირებს ბიუროკრატიას და გადასახადებს – ყველაზე დიდ ტვირთს რომელიც მოსახლეობას აწევს სახელმწიფოს მხრიდან.

ეს იქნება აბსოლუტურად ღია მოძრაობა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოუერთდეს მას. დღევანდლამდე ყველაფერი მოქმედებდა შემდეგი პრინციპით – რაც შეიძლება მეტი თანხები იქნეს ამოღებული მომხმარებლიდან, ადამიანიდან, დროა ჩვენც და სახელმწიფომაც შეცვალოს ეს მიდგომა – ჩვენ, მოქალაქეებმა, როგორც არსებულ მანკიერ მოცემულობასთან შეგუებადობის თვალსაზრისით, ხოლო სახელმწიფომ კონკრეტული სოციალური ორიენტაციის თვალსაზრისით.

 www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *