მთავარი ბლოკირელიგია

შიში სიცოცხლის წყაროა

განსაცდელში მყოფმა, სასჯელის შიშით, სამგზის უარყო ქრისტე.

ცოდვასთან ერთად ადამიანის სულში შემოდის შიში. ეს ჯერ კიდევ სამოთხეში მოხდა: ადამმა დაარღვია რა მცნება, სურდა, დამალვოდა უფალს და მერეღა აღიარა, რომ ასე შიშის გამო მოიქცა.
  მანამდე მან არ იცოდა, რა იყო ეს გრძნობა.
  შიში განუყოფელია დანაშაულისა და ცოდვისგან, ამიტომაც ის ჩვენი ცხოვრების თანმდევია. ამქვეყნიურ საზრუნავში დანთქმულ ადამიანს ეშინია სხვისი და საკუთარი თავის, ხვალინდელი დღის, უცხო გარემოსი, მტრების; ეშინია სნეულების, შიმშილის, უსახსრობისა და ასე შემდეგ. მაგრამ განსაკუთრებით გაურბის სიკვდილზე ფიქრს, რადგანაც ყველაზე მეტად ეს აძრწუნებს.
როგორი ძლიერიც უნდა იყოს პიროვნება, თუ მას არა აქვს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა და მთელი არსებით არ არის მინდობილი უფალს, ადვილად დაკარგავს მხნეობას.
  გავიხსენოთ პეტრე მოციქული, რომელიც უდიდეს ერთგულებასა და თავდადებას იჩენდა მაცხოვრისადმი, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავს მიენდო და არა უფლის შემწეობას, მაშინვე გაცხადდა მისი ადამიანური ბუნების სისუსტე და უძლურება და განსაცდელში მყოფმა, სასჯელის შიშით, სამგზის უარყო ქრისტე.
  შემდეგ კი, როდესაც ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით სიმტკიცის კლდედ აღდგა რწმენაში, მისთვის სიკვდილის შიში დაიძლია და პირიქით, ითხოვდა მძიმე ხვედრს – თავდაღმა ჯვარცმას, – ოღონდ უფალს შეერთებოდა და მასთან ერთად ყოფილიყო განუშორებლად.
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში – მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულის მადლით განიწმინდოს.
„უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის საფრთხისგან გამომხსნელი“ (იგავ. 14,27), – ბრძანებს წმიდა წერილი. ამიტომაც ქრისტიანს აღარ აშინებს სულისა და ხორცის გაყრა, არამედ გარდაცვალებაში ხედავს მიწიერი ცხოვრების გამოცდის დასრულებას და ღმერთთან მყოფობის დასაწყისს.
ღვთის შიში ქრება სულიერების მაღალ საფეხურზე და იგი იცვლება სიყვარულითა და ქრისტესთან ერთობით გამოწვეული ნეტარებით, ანუ იმ მდგომარეობით, რაც ჰქონდა ადამს ცოდვით დაცემამდე.
  ასეთი ადამიანი მოყვასს აღიქვამს, როგორც საკუთარ თავს და საკუთარ თავს კი ჩრდილში აყენებს. იგი კეთილგანწყობილია ახლობელთა და შორებელთა, ნაცნობთა და უცნობთა, მდიდართა და ღარიბთა, მოკეთეთა და მოძულეთა მიმართ.
თუნდაც ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება სწორ მიდგომას საჭიროებს. რა თქმა უნდა, სხეულის სიმრთელე ყველასთვის სასურველია, თუმცა დიდი შეცდომაა, როცა დიდ დროს ვუთმობთ მასზე ზრუნვას და საერთოდ არ ვფიქრობთ სულიერ სიჯანსაღეზე. თითქოს ჩვენი უკვდავი სული, ჩვენი მარადიული არსებობისთვის განმსაზღვრელი არ იყოს.
  ბევრმა ისიც არ იცის, რომ ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, ძალიან მძიმე სნეულებისაგანც კი იკურნება. ამასთან, ამ წმიდა საიდუმლოს ხშირად მიღებით ფიზიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად, მისი აზროვნება და შინაგანი სამყაროც იწმინდება და განახლებას განიცდის.
ამიტომაც ეწოდება აღსარებასა და ზიარებას საკურნებელი სულისა და ხორცისა.
უწმიდესი და უნეტარესი
ილია მეორე
კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *