მთავარი ბლოკირელიგიასაზოგადოება

შობა დღეს ჩათქმული სურვილი აუცილებლად აუსრულდება ადამიანს, თუ მას სწორ და მიზანმიმართულ გეზს მისცემს…

ამბობენ, შობას ღამით ჩათქმული სურვილი აუცილებლად აგისრულდება, თუ მას გულით ჩაიფიქრებო. ჩვენი წინაპრებიც კარგად იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებული და სწორედ მათგან გვაქვს შემორჩენილი ის ადათ-წესები, რომლის დაცვაც ამ დღეს გვევალება.

7 იანვარს გარკვეული პოზიტიური ენერგია აქვს. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ, და კონკრეტულად რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, არ არის გამორიცხული, სასურველი შედეგი უმოკლეს დროში მიიღოთ. როგორც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი და ნუმეროლოგი ქალბატონი ნანა მამაგულაშვილი ამბობს, საკუთარ თავზე აქვს ამ დღის ძალა გამოცდილი და ცხოვრებაც სასიკეთოდ შეეცვალა მას შემდეგ, რაც წინაპრების რჩევები სწორედ ამ დღეს შეასრულა. ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები თქვენც, შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ და დატკბით ბედნიერი წუთებით.

– ქალბატონო ნანა, ამბობენ, შობა დღეს ჩათქმული სურვილი აუცილებლად აუსრულდება ადამიანს, მისი ცხოვრება ბედნიერებით აივსება, წარმატებებსაც ადვილად მიაღწევს, თუ მას სწორ და მიზანმიმართულ გეზს მისცემსო. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

– ეს სიმართლეა და მსგავსი რამ საკუთარ თავზეც მაქვს დაცდილი. შობა დღეს უდიდესი პოზიტიური ენერგია მოდის და ეს ენერგია თქვენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ. რასაკვირველია, ეს გაგიჭირდებათ, თუ არ იცით, როგორ მოიქცეთ და რა გააკეთოთ. თუ ადამიანი ამ დროს არ დაიზარებს, შეასრულებს გარკვეულ წესებს და ამას მთელი მონდომებით გააკეთებს, მერწმუნეთ, უახლოეს მომავალში წარმატებებს ადვილად და იოლად მიაღწევს. თუმცა, სანამ ამ თემებზე ვისაუბრებთ, მინდა, გარკვეული რეკომენდაციები მოგცეთ, რაც ნამდვილად წაგადგებათ და დაგეხმარებათ მომავალში. ალბათ, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება და ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერ სახლში არსებობს ნეგატიური ენერგია. ის სახლებში ადვილად აღწევს და იბუდებს, მისი განეიტრალება კი ბევრმა არ იცის, არც მის ნეგატიურ შედეგებზე ფლობს გარკვეულ ინფორმაციას. არადა, მერწმუნეთ, ეს ძალიან მარტივია და თავადაც შეგიძლიათ, გაანეიტრალოთ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე და, თანაც, სახლის პირობებში. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის ნეგატიურ ადგილებში უნდა დადოთ არყის, მუხის ან ცაცხვის ხის ქერქის პატარა ნაჭრები. ხის ქერქი ნეგატიურ ენერგიას კარგად შეიწოვს და ანეიტრალებს მის უარყოფით მუხტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამყაროდან პოზიტიური ენერგიები ჭარბად მოედინება.

– როგორ გავიგოთ, სად დაგროვდა სახლში უარყოფითი ენერგია?

– თუ არ იცით, სად არის სახლში დაგროვილი და დაბუდებული ნეგატიური ენერგია, მაშინ ყურადღება დაძაბეთ და დააკვირდით, სახლის რომელ კუთხეში ვერ ისვენებთ, სად გრძნობთ დისკომფორტს, სად და რომელ კუთხეში გიპყრობთ ცუდი აზრები და ცუდი გუნება-განწყობა. ასევე, კარგია, თუ შემოსასვლელ კართან დაფნის ან ცაცხვის ფოთლებს დააწყობთ. ისინი ავ ძალებს ებრძვიან და არ უშვებენ სახლში. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენს სახლში დადებითი ენერგია მთელი წელი ტრიალებდეს, ამაში სწორედ შობა დღეს შესასვლელში დაწყობილი ცაცხვისა და დაფნის ფოთლები დაგეხმარებათ. ბინაში მათ დამატებითი დადებითი ენერგიის მოზიდვა შეუძლიათ.

– ამბობენ, კონკრეტულ ხილსა და ყვავილებსაც შეუძლიათ სახლში უარყოფითი ენერგიის გაძლიერება და დადებითის დაბლოკვაო. ეს სიმართლეა?

– სხვათა შორის, წინაპრებისგან გადმოცემით ვიცი, რომ ვაშლს, მსხალს, ქლიავს, ასევე, სხვადასხვა ხილსა და ყვავილებს, შეუძლია, სახლში ცუდი ენერგიის შემოტანა. კარგის კი განდევნა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ზონაში გაიზარდა ის ხე, რომელმაც ეს ხილი მოისხა და სად გაიშალა ეს ყვავილები. ამაზე, ალბათ, არ გიფიქრიათ, მაგრამ, ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა მსგავსი რამეები ნამდვილად იცოდნენ, ითვალისწინებდნენ და მისი განეიტრალების მეთოდებიც დაგვიტოვეს. კერძოდ, როდესაც ხილს იყიდით და სახლში მიიტანთ, დიდი ხნის განმავლობაში დადგით გამდინარე წყლის ქვეშ, რომ ნეგატიური ენერგია ჩამოერეცხოს და წყალს გაჰყვეს. თუ ყვავილს შეიძენთ, მისი ღეროები შეუშვირეთ გამდინარე წყალს. ქოთნის ყვავილს კი, უმჯობესია, ყიდვის შემდეგ მიწა გამოუცვალოთ და ისე დადგათ ოთახში. საერთოდ, ყვავილები დიდ გავლენას ახდენს სახლის ენერგეტიკულ-სტრუქტურულ ფორმირებაზე. მაგალითად, დღეს ბევრ ოჯახში მინახავს ქოთანში ჩარგული გვიმრა. ეს მცენარე ლამაზია, მაგრამ, ალბათ, მისმა პატრონებმა არც კი იციან, რომ ის აქტიურად შთანთქავს სახლში დაგროვილ, ადამიანისთვის საშიშ ენერგიას. დააკვირდით, თუ ოთახის მცენარეებმა დაიწყეს უეცარი ჭკნობა ან ფოთლები გაუყვითლდათ, ესე იგი, იმ ადგილას, სადაც მცენარის ქოთანი დგას, დაგროვდა დიდი რაოდენობით უარყოფითი, საშიში ენერგია და სახლში ბნელი ძალების წყარო გაჩნდა. სხვათა შორის, მის გასანეიტრალებლად კარგია ნივრის აცმა და, კიდევ, კაქტუსი. კაქტუსების უამრავი ჯიში არსებობს და ყველა მათგანი უარყოფითი ენერგიის შთანმთქმელია. მათი დადგმა კარგია ტელევიზორთან, კომპიუტერთან, სამუშაო მაგიდასთან და ბავშვების ოთახში, საწოლთან ახლოს. კარგია, თუ ახალი წლის წინა დღეს ქოთნის მწვანე ყვავილებს შეიძენთ და მათ სახლში გამოსაჩენ ადგილას, სასტუმრო ოთახში დადგამთ. ისინი მომავალში წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებიან. მაგრამ, ჯუჯა, დეკორატიული ხეების შეძენას ამ დღეს არ გირჩევთ, რადგან მათ უძველეს დროში „სიკვდილის ხეებს“ უწოდებდნენ და არ ახარებდნენ სახლსა და ეზოში. ასევე საშიშია სახლში ქოთნის წიწაკის გახარება. მას სახლში სიმწარე შემოაქვს და ჩვენს ენერგიასაც იწოვს.

– ამბობენ, შობა დღეს ჩვენი წინაპრები სპეციალურად აცხობდნენ ცომის ფიგურებს და კარზე კიდებდნენ, რომ სიმშვიდე და ბედნიერება ყოფილიყო მათი თანამგზავრი. ამაზე რას გვეტყვით?

– ეს მართალია. არსებობს მოსაზრება, რომ შობა დღეს აუცილებელია, ყველა ოჯახში იყოს ცომისგან გამომცხვარი ბეკეკა, რომელსაც კარზე დაკიდებთ ან მაგიდაზე დადებთ. ამას ადრე თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით, მით უმეტეს იქ, სადაც ბავშვი ჰყავდათ. ამბობდნენ, თუ ასეთი ბეკეკა იქნებოდა ბავშვის საწოლზე ჩამოკიდებული, მას ღვთისმშობელი აუცილებლად დაიცავდა ბოროტებისგან. ყოველთვის მჯეროდა ძველი ხალხის და მათგან შემორჩენილ ადათ-წესებს ვითვალისწინებდი. შობის დადგომამდე, საღამოს, ვჯდები და მოზელილი ცომისგან ვძერწავ, რასაკვირველია, როგორც შემიძლია, პატარა ბეკეკებს. მერე ვაცხობ და ახლობელ პატარებს ვურიგებ. უნდა ნახოთ, ეზოს ბავშვები როგორ მელოდებიან ხოლმე ამ დღეს. (იცინის) – როგორც კი კარს გავაღებ, ხელებში მიყურებენ. ჩემი რწმენით, ასეთი საქციელით, მეც ჩემი პატარა წვლილი შემაქვს ბოროტი და ავი ძალებისგან მათ დაცვაში. რა ვქნა, მჯერა წინაპრების მიერ დატოვებული რჩევებისა და წესების და თქვენც იმავეს გირჩევთ. გაითვალისწინებთ თუ არა, ეს თქვენი საქმეა. ხომ გაგიგიათ – მამალმა თქვა, მე კი მიყივლიაო… (იცინის), ეს – ხუმრობით, თორემ, მართლაც გულით მინდა, ყველა ადამიანი და, მით უმეტეს – ბავშვები, ბედნიერები იყვნენ და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეთ.

FACT2.GE

 

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები