მთავარი ბლოკიპოლიტიკა

,, ჩავყლაპავთ ამ შეურაცხყოფას და ამით ხელ-ფეხს გავუხსნით სხვათა უკანონო დაპატიმრებებს” – ყოფილი პოლიტპატიმარი ჯემალ გუნდიშვილი

 

2016 წლის 12 აპრილს, სუსის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს სულხან წულაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ცნობილია ნიკით „ სპლიყვი“. მის დაკავებას საფუძვლად თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებული უკბილო ხუმრობა დაედო. ამ ხუმრობისთვის, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მას ემუქრება შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო, უკეთეს შემთხვევაში კი, ექვსიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა.

სულხან წულაძის დაპატიმრება აშკარა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და აი, რატომ:

ხელისუფლების რეალურ პრიორიტეტად რჩება შერჩევითი სამართალი. ჩენ კარგად გვახსოვს ახლო წარსულში პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა მასობრივი დაპატიმრება-წამებები სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

ასევე ადვილად გასახსენებელია მაგალითები, როცა ნაცმოძრაობის წევრები ახმოვანებდნენ გადატრიალებისა თუ პოლიტიკური მკვლელობების გეგმებს, როგორც საქართველოში, ასვე სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. მაგალითად, უკრაინაში – ე.წ. მაიდნის მოვლენების დროს, დონეცკში, ნაც. მოძრაობა და გივი თარგამაძე ცოცხალი ძალით ამარაგებდა თავის ფავორიტ პოლიტიკურ მხარეს არჩევნებისას.ამავე არჩევნებში, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, თანამშრომლობდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან. აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ყირგიზეთის მოვლენებში, გეგმავდნენ ბელორუსიის პრეზიდენტის ლიკვიდაციასაც. ამ ხალხისთვის პასუხი არვის მოუთხოვია, სამაგიეროდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უამრავი ადამიანია დაჭერილი.

ამ დროს, სოცქსელებში გამოქვეყნებული, თუნდაც ბრიყვული ხუმრობის გამო, დღესაც იჭერენ ადამიანს. აგრეთვე, არსებობს ცნობები იმის თაობაზეც, რომ ფარული ვიდეოჩანაწერების ნახვისთვისაც სოცქსელების მომხმარებლებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები.

ნაცნობი მოტივები შეინიშნება სულხან წულაძის ოჯახის განცხადებაშიც, როცა ისინი საზოგადოებას სთხოვენ არ მიეცეს საქმეს პოლიტიკური შეფასებები და არ იყოს ამ მხრივ აქტიურობა. იმავეს მოითხოვდა ხელისუფლება ადრე დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებისგანაც, ხოლო შუამავლებად იყენებდნენ ადვოკატებსა და ოჯახის ახლობლებს. ასე, რომ, ეგ მოტივები ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. სამწუხაროა, რომ წლები მიდის, ხელისუფლებებიც, ოღონდ მეთოდები და მიდგომები არ იცვლება.

ასეთი შერჩევითი სამართალი და სოცქსელებში აქტიური ადამიანების დევნა, უკეთეს შემთხვევაში, ვიღაცის საამებლად ჩაფიქრებული გეგმა შეიძლება იყოს, უარეს შემთხვევაში კი კიდევ ერთი ბრიყვული მცდელობა დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციის მიზნით. როგორც წარსულში, ისევე დღესაც საშუალო სტატისტიკური ადამიანის ბედი ვიღაცეების პოლიტიკურ თუ მერკანტილურ სურვილებსა და მიზნებზე ჰკიდია.

დასკვნა შეიძლება იყოს ერთადერთი – სულხან წულაძე პოლიტიკური ნიშნითაა დაპატიმრებული და მის მიმართ ხორციელდება შერჩევითი სამართალი.

ეს არის ტესტი ქართული საზოგადოებისთვის – ან ჩავყლაპავთ ამ შეურაცხყოფას და ამით ხელ-ფეხს გავუხსნით სხვათა უკანონო დაპატიმრებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ან ვეცდებით კიდევ ერთხელ გამოვგლიჯოთ ხელისუფლებას თავისუფლების მცირე ნატეხი.

ამ საკითხისადმი საზოგადოების გულგრილი მიდგომის შემთხვევაში, მივიღებთ პოლიტიკურ დაპატიმრებათა უამრავ ახალ ტალღას, უფრო მეტს, ვიდრე სასამართლოს რეფორმის წარუმატებელი ტალღებია. დროა ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ ქვეყნის ბედი თითოეული ადამიანის ბედზეა დამოკიდებული – თუ იქნება ამ ქვეყანაში ხალხი ნამდვილად დაცული, მაშინ ქვეყანაც წელში იქნება გამართული.

ყოველივე ეს შედეგია საზოგადოების მხრიდან  სასამართლოს და პროკურატურის რეფორმების მიმართ გამოჩენილი გულგრილობისა, როცა სახელმწიფომ დამნაშავე პროკურორები და მოსამართლეები სისტემის მსხვერპლად გამოაცხადა და სწორედ მათ დაავალა ამ უწყებათა მართვა.

ეს გულგრილობა კი ამ სახელმწიფოს არსებობის საფუძველს აცლის და ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, მრავალი წლით, არასამართლებრივ სივრცეში გვტოვებს.

 

ყოფილი პოლიტპატიმარი ჯემალ გუნდიშვილი.

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები