შოუ-ბიზნესი

ჩსწ-ს გამარჯვებულები ნიკა რურუას ქალიშვილი და ყოფილი მეუღლეა! – ინტერვიუ სოფო გორგაძესთან

ნიკა რურუამ ქალიშვილს ფეისბუქზე გამარჯვება მიულოცა:

„დღეს ეს პატარა მაკაკა დიდი გოგო და საპასუხისმგებლო პროფესიულ კონკურსში გამარჯვებულია. ლიზა, გილოცავ, მამიკო!!! გესახელებინოს საქართველო, როგორც დღეს კახეთი გაახარე!!!

სოფო გორგაძე ნიკა რურუას ექსმეუღლეა, ლიზა კი მათი ქალიშვილი.

„რუსთავი 2“-ის კულინარიული შოუ „ჩემი სამზარეულოს წესები“ დასრულდა. ფინალურ შოუში კახეთისა და თბილისის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ორივე გუნდმა, რესტორატორებისა და წამყვანების, შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილისა და ტელეარხის გენდრიექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, დაკისრებულ დავალებებს თავი შესანიშნავად გაართვეს, თუმცა მომზადებული დესერტის გამო, კახეთის გუნდმა, რომელსაც დედა-შვილი – სოფო გორგაძე და ლიზა რურუა წარმოადგენდნენ, ჟიურის ცალსახა სიმპათია და გამარჯვება დაიმსახურა. მათ საკუთარი რესტორნის გასახსნელად 50 000 ლარი მიიღეს.

უკვე დაიწყო მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ ჟიურის გადაწყვეტილებაზე სწორედ ნიკა რუსუას ფაქტორმა იმოქმედა, თუმცა დედა-შვილის ტალანტიც სახეზეა.

გთავაზობთ სოფო გორგაძის მოკლე ინტერვიუს რომელიც ჟურნალ “თბილისელებში” გამოქვეყნდა (10.10.11)

სოფო გორგაძე: პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, ჩემი პროფესიით მუშაობა არ მომიწია. მთელი ეს წლები პროფესიულ ძიებაში გავატარე. ვსწავლობდი „ჯიპაშიც” სახელმწიფო მართვის მიმართულებით, მაგრამ სახელმწიფო მოხელეობა ნამდვილად არაა ჩემი საქმე. თუმცა, „ჯიპაში” მიღებული განათლება არაერთხელ გამომადგა ცხოვრებაში. საკმაოდ დიდხანს არ ვიყავი საქართველოში, ჯერ იტალიაში ვცხოვრობდი, მერე – ამერიკაში. აქ 2001 წელს დავბრუნდი.

– თქვენი ისტორია საკმაოდ არაორდინარულია, თბილისურ წრეებში ცნობილი ადამიანი საცხოვრებლად წახვედით სოფელში და იქ სოფლის სამუშაოებს უძღვებით. რატომ გაექეცით დედაქალაქს?

– ეს გაქცევა არ ყოფილა, ალბათ, უფრო გარიდება იყო იმ ხმაურისგან, რომელიც დედაქალაქის ცხოვრებას ახლავს და ვიღაცას ღლის, ვიღაცას – არა. ზოგმა ჩემი გადასვლა სოფელში შეიძლება, ასეც აღიქვას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე მშვიდად, ყოველგვარი ეიფორიის გარეშე. გარკვეული ექსპერიმენტი ალბათ იყო, მაგრამ ჩემი მიზანი გახლდათ, მეპოვა სიმყუდროვე, სიმშვიდე, რაც დედაქალაქში საკმაოდ რთული მისაგნებია.

– რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად მაინცდამაინც კახეთი, გაკავშირებდათ რაიმე ამ კუთხესთან?

– არა, მე გურული ვარ, ემოციური, ხმაურიანი გურული. ხანდახან ისე ვიყვირებ, ჩემი ხმა შეიძლება, სოფლის ბოლოში გაიგონონ. ასეთ ადამიანს, წესით, გურია უნდა ამომერჩია საცხოვრებლად, მაგრამ ეტყობა, ოდესღაც ჩემში ვიღაც კახელი იყო. ჩემი დიდი ბებია ჩერქეზი ყოფილა, მთებს რომ ვხედავ, სისხლი ყივილს იწყებს. დღეს, მაგალითად, ის მთები დაითოვა, ჩემი სახლიდან რომ ჩანს და საოცარი განცდა დამეუფლა. იქ დილასაც სხვანაირი პეწი აქვს და საღამოსაც. თუმცა, ამას ადრე უფრო მძაფრად განვიცდიდი, ახლა ეტყობა, უკვე კარგად შევისისხლხორცე (იცინის). ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ამერიკიდან საქართველოში დავბრუნდი. იმ პერიოდში დავიწყე მოგზაურობა სხვადასხვა კუთხეში, ძირითადად, მაინც კახეთში. ძალიან მიყვარს ბუნება, ხან მარტო, ხან მეგობრებთან ერთად მივდიოდი ყველგან, ვნახულობდი ყველაფერს, რასაც წავაწყდებოდი. იმდენი ვიარე, სანამ შალაურში არ „გავჩერდი” (იცინის). თავიდან მე დავდიოდი იქით, მერე ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, ისიც ავიყოლიე და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში – სოფელში სახლი ხომ არ გვეყიდაო, დავუდეთ გული ერთ ადგილს. კახეთი მეტ-ნაკლებად მოვლილი მქონდა, მაგრამ ზოგან რა აკლდა ჩემს ფანტაზიას, ზოგან – რა. შალაურში ვიპოვეთ სახლი, სადაც ყველაფერი იყო, უპირველესად, ალაზნის ველის არაჩვეულებრივი ხედი. სახლი ჩვენი გემოვნებით გადავაკეთეთ. ჩემი მეუღლე არქიტექტორია და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. ახლა შალაურში ჩვენი სამყარო გვაქვს, მშვიდი, თუმცა ცივილიზიაციის ყველა ელემენტით – ინტერნეტით დაწყებული კავშირგაბმულობის სხვადასხვა საშუალებებით დამთავრებული. ამის გარეშეც, ნამდვილად ვერ გავძლებდი.

– თქვენი გოგონებიც შალაურში ცხოვრობენ?

– უფროსი გოგონა – ანკა, უკვე მესამე წელია, რაც ბოსტონში, კოლეჯში სწავლობს. უმცროსები შალაურში ცხოვრობენ, ტყუპები თელავის პირველ სკოლაში დადიან. მათ უკვე ჰყავთ იქ თავისი წრე, მეგობრობენ კლასელებთან, მეზობლებთან. გოგონები საქმეშიც მეხმარებიან. ეხალისებათ სოფლის საქმე. დათესვა, მორწყვა, ბოჩოლას გამოკვება. ზამთარში თექაზე მუშაობენ ცოტ-ცოტას, მოსწონთ ეს ყველაფერი.

– თქვენი ყოფილი მეუღლე, ნიკა რურუა როგორ შეხვდა ქალიშვილების სოფელში გადაბარგებას?

– ძალიან ნორმალურად. მისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, მთავარია, ბავშვები კარგ, ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ, რაც ლიზას და მარიამს შალაურში ნამდვილად აქვთ. შესაბამისად, ნიკას, როგორც მამის დამოკიდებულება, იყო ჩვეულებრივი.

– სოფლისთვის, ალბათ, ეგზოტიკური ხალხი იქნებით და პოპულარულებიც, როგორ გამონახეთ კახელებთან საერთო ენა?

– სოფელში გვცნობენ. ჩვენ ირგვლივ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, მათთან საერთო ენის გამონახვა არ გაგვჭირვებია. ვმეზობლობთ ისე, როგორც ტრადიციულ ქართულ მეზობლობაში ხდება – ხანდახან მეზობლები მამარაგებენ მწვანილით, მაშინ, როცა ჩემი მწვანილი ფუჭდება. წელს იმდენი მწვანილი მოვიყვანე, გამიფუჭდა კიდეც. მომავალში ამას აუცილებლად გავითვალისწინებ და ცოტას დავთესავ. როგორც ვიცი, ჩვენი მეზობლები გაოცებულები არიან ჩვენი შრომისმოყვარეობით. ალბათ, ქალაქელები „ბელარუჩკები” ვეგონეთ. თუმცა, ჩვენ აღარც ვართ ქალაქელები, უკვე სოფლელები ვართ. სოფელში ყველაზე პასიური პერიოდი დგება ზამთარში, როცა ჩვენც ისევე ვისვენებთ, როგორც ბუნება. შეშა უკვე მოვიმარაგეთ ზამთრისთვის. ეს დროა, როცა ბევრი დროა ფიქრისთვის, კითხვისთვის. დღეებიც, ძირითადად, ბუხართან გადის. მე ჩემი საქმე მაქვს. ჩემი მეუღლე ხის ნაკეთობების დამუშავებას ცდილობს.

www.Fact2.ge

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *