პოლიტიკა

ძველბიჭური ოპოზიციური პათოსი გენგეგმის პროექტის განხილვისას და პოლიტიკური ქულების დაწერის შანსი

თვით აღა–მაჰმად–ხანსაც რომ წარმოედგინა თბილისის გადაწვის გეგმის პროექტი და თბილისის მერიას დაეწუნებინა, სრულიად დედაქალაქის ოპოზიცია, აღა-მაჰმად-ხანსაც დაიცავდა ოღონდ კი ოპონენტი (მერია) გაეკრიტიკებინათ.

რადგან ერთადერთი სამყაროა უსასრულო (როგორც პლუსისკენ, ისე მინუსისკენ), დანარჩენი ყველაფერი კი, ადრე თუ გვიან, სრულდება, თბილისის მერიის მიერ „სითი ინსტიტუტი საქართველოსთვის“ მიცემული უკანასკნელი 45-დღიანი ვადაც ამოიწურა (26 მარტს), ამ დროში უნდა მოესწროთ მათ მერიის მიერ მითითებული ხარვეზების გასწორება.

სავარაუდოდ, ამიტომაც და იმის გამოც, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია, 27 მარტს სასტუმრო „ბალტმორში“ თბილისის მერიის მიწვევით შეიკრიბნენ მერიისა და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ჟურნალისტები და მიწვეული სტუმრები და, ცხადია, ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც: „ნაციონალური მოძრაობა“ – ზაალ უდუმაშვილით; „ევროპული საქართველო“ – ელენე ხოშტარიათი, „ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძით და ალექსანდრე ელისაშვილი, როგორც მარტოხელა პოლიტკოსი, მაგრამ თბილისის მერობის კანდიდატი.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განმარტა, შეხვედრის მიზანი იყო დამწრეთათვის თბილისის მერიის ხედვის გაცნობა გენგეგმის პროექტის შესახებ და არა გენგეგმის პროექტის პრეზენტაცია.

მერიის ხედვა თავად ილია ელოშვილმა წარმოადგინა და დეტალურადაც მიუთითა გენგეგმის პროექტის იმ ხარვეზებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად მიიჩნია თბილისის მერიამ, პროექტის შინაარსობრივ წინააღმდეგობებსა და ისეთ კურიოზულ პასაჟზეც კი, რომ ახალი პროექტით ძველ გენგეგმასთან შედარებით მწვანე საფარის ოდენობა შემცირებულია, თუმცა პროექტის ერთ-ერთი განაცხადია „მწვანე ქალაქი“.

არც ის მომენტი დარჩენილა მერიის ყურადღების მიღმა, რომ გენგეგმის პროექტი არ ეფუძნება არანაირ კვლევებსა და გათვლებს, არ ასაბუთებს გაცემული რეკომენდაციების ავკარგიანობას, არ ახლავს თან ფინანსური გათვლები  და განხორციელების მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს თბილისის მერიას, ისევე, როგორც კერძო მესაკუთრეებთან ურთიერთობის მოგვარებას (პროექტით, 30 000-მდე კერძო მესაკუთრეს ეზღუდება საკუთრების უფლება)  და მათთვის კომპენსაციების გაცემას.

ილია ელოშვილის პრეზენტაციის შემდეგომ სიტყვა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელ მერაბ ბოლქვაძეს ერგო, რომელიც, რატომღაც, ცოტა ძველბიჭური (თუმცა ასაკით და ჰაბიტუსით მეტად დარბაისელი ბატონის შთაბეჭდილებას ტოვებდა) მანერითა და აგრესიულობით გამოთქვამდა აზრს, ზედაც მენტორის პათოსით. ბოლქვაძის ბრალდებები, კითხვების სახით, ელოშვილმა მოიგერია პასუხებით, თუმცა დაპირისპირება ამით არ დასრულებულა.

ზემოხსენებული პათოსი (ძველბიჭურ-აგრესიული) არც დამსწრე ოპოზიციური ლიდერებისთვის აღმოჩნდა უცხო (თუმცა მათ ასაკს დარბაისლურს ჯერჯერობით ვერ ვუწოდებთ): გიორგი ვაშაძემ მერიის კრიტიკა არ დაიწუნა (იმდენად თვალნათელია გენგეგმიც პროექტის ხარვეზები), მეტიც, ქალაქგანვითარებისადმი თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების არარსებობა დაიწუნა გენგეგმის პროექტში, მაგრამ, აბა, რის პოლიტიკოსი იქნებოდა, პოლიტიკური ქულის ჩაწერა რომ არ ეცადა სათავისოდ. ამიტომაც ამჟამინდელ მერიას რიტორიკულად მიმართა: თუ პროექტი ესოდენ ხარვეზიანია, რატომ ჩაიბარა მისი ხუთი ეტაპი დავით ნარმანიას, ანუ თქვენი თანაგუნდელის მერიამო. კითხვა სავსებით ლეგიტიმურია, თუმცა, თუ ილია ელოშვილს ვერწმუნებით, გენგეგმის პროექტის მთავარი ნაწილი სწორედ მეექვსე ტომია, ყველა დანარჩენი, ანუ წინამდებარე ტომები  ერთგვარი ფორმალობაა.

უფრო მკაცრი ტონით შეეცადა აზრის გამოთქმას ზაალ უდუმაშვილი და, ცხადია, თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გენგეგმის პროექტი, მაინცდამაინც, არ დაუცავს.

რაც შეეხება ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილს (რომელიც შალვა ნათელაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაში გაკვალულ გზას დიდი წარმატებით მიჰყვება): მან გენგეგმის პროექტის განხილვა „საჯარო სასამართლოს“ შეადარა (თუმცა როდის მერე გახდა ხარვეზებზე საჯაროდ ლაპარაკი სასამართლო, ეს უკვე სხვა თემაა), კბილებით დაიცვა გენგეგმის პროექტი, თვალსაჩინოებებით მოტანილ ხარვეზებს „სასაცილოც“ უწოდა (ბევრიც ვიცინეო, დაგვარწმუნა, თმცა მე მას ვაკვირდებოდი და ღიმილი ერთხელაც არ ასთამაშებია სახეზე), ხმის ტონსაც აუწია, პათეტიკაც ჩააქსოვა და თითქმის მეორედ მოსვლაც იწინასწარმეტყველა, თუკი მერიას „ღმერთი გაუწყრა“ და გენგეგმის პროექტი ზუსტად იმ სახით არ მიიღო, როგორც წარმოდგენილია (თორემ სხვა ადგილის მოძებნა მოგვიწევს საცხოვრებლადო). პოლიტიკური ქულების დაწერის შესაძლებლობა არც მას გაუშვია ხელიდან (ზოგადადაც, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თითოეული პოლიტიკური ძალა საკუთარი პოლიტიკური სარგებლის სანახავად იყო მიბრძანებული განხილვაზე – სატელევიზიო ეთერში გამოჩენაც გარანტირებული აქვთ ხოლმე ასეთ შემთხვევებში და პოლიტიკური ქულების დაგროვებისაც).

თუმცა კულმინაციას შეხვედრამ მაინც ელენე ხოშტარიას გამოსვლის პროცესში მიაღწია: მისი პათოსი ზუსტად იმეორებდა მისი კოლეგების პათოსს, იმ განსხვავებით, რომ განხილვით მიყენებულ აუტანელ შეურაცხყოფაზეც აკეთებდა აქცენტს, ცხადია, თბილისის გულდამწვარი გულშემატკივრის როლიდან. კახა კალაძემ ოპონენტისადმი ოპონენტისვე მეთოდი გამოიყენა (ხმის გადაფარვის), სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ხოშტარიას ვაშაძე გამოესარჩლა და საქმე ლამის გაწევ-გამოწევამდეც მივიდა.

დაკვირვებული თვალისთვის მარტივად შესამჩნევი იყო, რომ, რაკი მხოლოდ დემაგოგიურად თუ დაიცავს მსურველი გენგეგმის პროექტს და ვერანაირად არგუმენტებით, საუკეთესო გამოსავალი პოლიტიკური არეულობის მოწყობა და განხილვის ჩაშლა იყო  (რაც მართალი, მართალია, ამ დესტრუქციულ მეთოდში უდავო ფავორიტები არიან „ნაციონალებიც“ და მათი განაყარი პარტიებიც) და ეს შანსი, ცხადია, ხელიდან არ გაუშვიათ ზემოჩამოთვლილ ბატონ პოლიტიკოსებს.

საბოლოოდ კი, აღმოჩნდა, რომ გენგეგმის პროქეტი არავის აინტერესებდა და პოლიტიკოსები მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური სარგებლის სანახავად იყვნენ მიბრძანებულები, რადგან, როგორც უნდა იყოს, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტი დედაქალაქს ვერაფერში გამოადგება. ხოლო, რაკი ქართული პოლიტიკის სენია, ჯერ ერთი, მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ სარგებელზე ზრუნვა და, მეორეც, მხოლოდ კრიტიკა, დიდი ეჭვია, რომ, არათუ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, თვით აღა–მაჰმად–ხანსაც რომ წარმოედგინა თბილისის გადაწვის გეგმის პროექტი და თბილისის მერიას დაეწუნებინა, სრულიად დედაქალაქის სრულიად ოპოზიცია, ოღონდ ოპონენტი გაეკრიტიკებინა და თვით იმ ავადსახსენებელ ხანსაც დაიცავდა.

ნინო ჩხაიძე – www.Fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *