მთავარი ბლოკისპორტი

წარსული შეცდომებით მიღებული გამოცდილება და დაძლეული სირთულეები! ვინ უდგას გვერდში ზურაბ იაკობაშვილს?!

საქართველოში ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენი საკმაოდ ბევრი გვყავს, მათ შორის ზურაბ იაკობაშვილი ერთ-ერთი გამორჩეულია. გულშემატკივარს კარგად ახსოვს მის მიერ მოპოვებული საოცარი გამარჯვება, როცა იაკობაშვილი 2017 წლის პარიზში გამართულ ტურნირზე 65 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა! ამბობს, რომ განსაკუთრებით კარგად ახსენდება ამის გამო პარიზი.

რისი დათმობა უწევს სპორტსმენს შედეგის დასადებად, რა რიტუალი და წეს-ჩვეულებები აქვს ბრძოლის წინ და როგორ ახსენდება რუს მეტოქესთან შეხვედრა?!

– ზურა, შენ 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდი, თუ შეგიძლია გაიხსენო მოსამზადებელი პერიოდი, რა სირთულეები ახლდა მას თან, როგორ მიმდინარეობდა უშუალოდ ტურნირი?

– საერთოდ სპორტის ყველა სახეობა რთული და შრომატევადია და ჭიდაობა განსაკუთრებით, მრავალ სიძნელესთან არის დაკავშირებული, ყოველთვის ბევრი შრომა გიწევს იმისთვის, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო და ასევე კარგი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გქონდეს. იმისთვის, რომ სულით არ დაეცე, ან მოწინააღმდეგემ წყობიდან არ გამოგიყვანოს. მახსოვს მთელი დატვირთვით ვემზადებოდი ამ ჩემპიონატისთვის, დიდი გზა გავიარე მანამდე, სულ რეჟიმში ვიყავი, აქტიურად დავდიოდი შეკრებებსა და შეჯიბრებეზე. 3 თვის მანძილზე ძალიან ბევრ რამეზე მომიხდა უარის თქმა, ვნერვიულობდი, წონასთანაც პრობლემა მქონდა, 7 კილო მქონდა დასაკლები და ვნერვიულობდი, ვცდილობდი, ჩემი ორგანიზმისთვის ზიანი არ მიმეყენებინა.

ზოგადად როცა წონის დაკლებას ცდილობ, მგრძნობიარე ხარ ყოველთვის, გაღიზიანებული, შესაძლოა სახლში ოჯახის წევრის ლაპარაკმაც კი გაგაღიზიანოს, მაგრამ ზოგადად არ ვარ კონფლიქტური ადამიანი, კონფლიქტის ინიციატორი, ყოველთვის ვცდილობ, თავი ვაკონტროლო და ხელში ავიყვანო.

პარიზი და 2017 წლის ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. გარდა იმისა, რომ საშინლად გამიჭირდა წონის დაკლება, რთულ ჯგუფშიც მომიწია ჭიდაობა, ყველა ვის წინააღმდეგაც გამოვდიოდი, უხერხული მეტოქე იყო. მოკლედ, დიდი ბრძოლა და ფსიქოლოგიური გამძლეობის გამოჩენა დამჭირდა.

რუს სპორტსმენებთან ხშირად გიწევთ ქართველ სპორტსმენებს შეხვედრა, ეს ტატამზე უხერხულობას და დაძაბულობას არ ქმნის? ან რამდენად ცდილობენ პროვოკაციაზე წამოგაგონ ხოლმე?

ჩვენ სპორტსმენები ვართ და პოლიტიკა არ ეხება ტატამს, ისე ცდილობენ ხოლმე წყობიდან გამოგიყვანონ, უმნიშვნელო შეცდომასაც არ გპატიობენ, რომ სათავისოდ გამოიყენონ, რა თქმა უნდა, გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა და განსაკუთრებით რუს სპორტსმენთან როცა ჭიდაობ.

სხვათა შორის, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო რუს მეტოქესთან ძალიან დრამატული შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ძალიან კარგად და ობიექტურად იმსაჯა მსაჯმა, ვაგებდი შეხვედრას და ბოლო წამებზე მოვიგე! ორივე სპორტსმენმა ვიცოდით, რომ ამ ბრძოლით ჩვენი ბედი წყდებოდა…ოდნავადაც კი არ ვთმობდით არცერთი, მაგრამ გავიმარჯვე. ბრძოლის წინ ყოველთვის კონცენტრირებული ვარ და ყოველთვის ვფიქრობ იმ კონკრეტულ შეხვედრაზე და არა იმაზე, ვინ ძლიერი მეტოქეა, ვინ სუსტი და რამდენი შეხვედრა დამრჩა. ტატამზე გასვლის წინ ასეთი რიტუალი მაქვს: პირჯვარს ვიწერ ხოლმე.

ფიქრობ, რომ იღბლიანი ხარ?

კი, სპორტსმენისთვის იღბალიც აუცილებელია, ვფიქრობ, რომ ის დღე ჩემი იყო, გამიმართლა..მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოვიგე, მანამდე ევროპის ორგზის ჩემპიონი გავხდი. ძალიან დიდი სიხარულია, როცა იცი, რომ შრომა გიფასდება და შენი ქვეყანაც შეგიძლია ამით გაახარო. რომ ჩამოვედი, დიდი სითბო და ყურადღება ვიგრძენი ხალხისგან, შეგვძლებია ერთად დგომა.

რისი დათმობა გიწევს შედეგის დასადებად?

-თითქმის ყველაფრის. მეგობრებთან ერთად ვერ გადიხარ, ბარში, რესტორანში, რომ ერთი ორი ჭიქა დალიო, ან მეგობრები პიკნიკზე მიდიან და შენ ვერ მიჰყვები, იმიტომ, რომ ან შეკრებებზე ხარ, ან შეჯიბრებებზე, ოჯახის წევრებსაც თითქმის ვერ ხედავ. გული კი მწყდება, მაგრამ ბავშვობიდან შეჩვეული ვარ ამას. თავიდან ჩემს ახლობლებს უჭირდათ ამის გაგება და მიღება, ხშირად მსაყვედურობდნენ, ამ ბოლო დროს გაგებით ეკიდებიან და როცა საქართველოშია ტურნირი, ყოველთვის გვერდში მიდგანან, ზოგჯერ საზღვარგარეთაც მომყვებიან და აქტიურად მგულშემატკივრობენ ხოლმე.

გარდა მსოფლიო ჩემპიონობისა, კიდევ რა ტიტულების მფლობელი ხარ?

-ორგზის ევროპის და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, მეორე ადგილზე გავედი.

-2018 წელს ნახევარფინალში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დათმე.

კი, ძნელი იყო. როცა მოქმედი ჩემპიონის ტიტულს ფლობ, მოვალე ხარ დაამტკიცო, რომ შენ ნამდვილად ძლიერი ხარ და იმსახურებ გამარჯვებას. გულდასაწყვეტია, როცა ნახევარფინალს აგებ და თან მცირე შეცდომის გამო. მერე საკუთარ თავს გამუდმებით აკრიტიკებ და ადანაშაულებ, რომ ბოლომდე არ დაიხარჯე. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მეტოქეს რა წესებიც აწყობდა, იმ წესებით ვიჭიდავე და უპირატესობა სრულად მივეცი. ხშირია არასპორტული საქციელიც ტატამზე, როცა ხედავენ, რომ ვერ გიგებენ, მერე გაღიზიანებაზე გადადიან, შეიძლება სიტყვით გამოგიყვანოს წყობიდან, დაგარტყას, გეუხეშოს. მეც მქონდა უკრაინაში ჩატარებულ ტურნირზე უკრაინელთან კონფლიქტი, თმის ქაჩვა და ა.შ. ინცინდენტი მალე ამოიწურა, მაგრამ მსაჯები იყვნენ ძალიან არაობიექტურები.

-ზოგადად ამ სპორტით რატომ დაინტერესდი? ოჯახური ტრადიცია გქონდა?

ყვარლიდან ვარ, ჩემს ბავშვობაშიც და მერეც ეს სპორტი ყვარელში ძალიან პოპულარული იყო, ჩემი უფროსი ახლობლებიც, მეზობლებიც დადიოდნენ ჭიდაობაზე. ახლობელმა, რომელიც ახლა ჩემი ოჯახის წევრია, მიმიყვანა. სავარჯიშოდ საკმაოდ რთული პერიოდი იყო, წესიერად არც დარბაზი იყო მოწყობილი, არც ტატამები გვქონდა, არც არაფერი.

შემდეგ თბილისში გადმოვედი 2010 წელს, რადგან პარტნიორები აღარ მყავდა და მწვრთნელიც შევიცვალე. აქ ძალიან დიდი კონკურენცია დამხვდა, გარდა ამისა, სპორტსმენს ბევრი მომზადება სჭირდება, ვარჯიში, ვიტამინები, პრეპარატები…როგორღაც ვახერხებდი, რომ ელემენტარულად პროტეინი, დანამატები მიმეღო, რომ ფორმაში ვყოფილიყავი..თავის დამკვიდრება აქ გამიჭირდა, დაახლოებით 4-5 წელი დამჭირდა, რომ დიდების ნაკრებში მოვხვედრილიყავი, მაგრამ ბევრი ვიბრძოლე..ფინანსური სირთულეები მქონდა, მივეჩვიე თანხის განაწილებას…მაგრამ როცა მიზანი და ამბიცია გაქვს, ყველაფერს შეძლებ. ოჯახის წევრები სულ მეუბნებოდნენ, „ოღონდ შენ იჭიდავე და ჩვენ ყველანაირად მხარში დაგიდგებითო“. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს გივი მეტრეველს და დავით ოთიაშვილს და ასევე ფედერაციას, რომელიც აქტიურად მედგა მხარში და დღემდე მეხმარება.

-ფედერაცია ახსენეთ და მინდა გკითხოთ, რამდენად დიდია ფედერაციის წვლილი თქვენს წარმატებაში?

ფედერაციის როლი ჩვენი წარმატების საქმეში ძალიან დიდია, განსაკუთრებით მას მერე, რაც გეგა გეგეშიძე მოვიდა სათავეში. თავად ფედერაციის პრეზიდენტიც და მთავარი მწვრთნელიც ყველანაირად გვერდით გვიდგანან, მატერიალურადაც, მორალურადაც, პოპულარიზაციის კუთხითაც. ჩვენი პრეზიდენტი ცდილობს, მაქსიმალურად უზრუნველგვყოს ყველაფრით, რაც ამ სპორტისთვის არის საჭირო, სპორტული კვება, პროტეინები და სხვ. გარდა ამისა, ის აქტიურად ცდილობს ახალბედა ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენას და წინ წამოწევას, ამ მიზნით პირადად თვითონ დადის ხოლმე ხშირად რეგიონებში, იქ ეძებს და არჩევს ბავშვებს, რადგანაც ეს სახეობა რეგიონებში უფრო პოპულარულია. ეხმარება მათ როგორც აღჭურვილობის მხრივ, ასევე გზავნის შეკრებებზე.

-დაოჯახებული ხარ, მეუღლე თუ გგულშემატკივრობს, პროფესიასთან ხომ არ ყოფილა დაკავშირებული თქვენი გაცნობა?

ახლახანს დავოჯახდი, ჩემი მეუღლე სტუდენტია, ჭიდაობასთან არასდროს ჰქონია შეხება, სხვა სიტუაციაში გავიცანი, თუმცა ახლა აქტიურად მგულშემატკივრობს. რა თქმა უნდა, უჭირს ჩემს რეჟიმთან შეგუება, მაგრამ მაქსიმალურად მიგებს.

-რომელიმე ქვეყანა არის, რომელიც გამორჩეულად მოგწონს?

კი, არის რამდენიმე. პარიზი მიყვარს ძალიან, რადგან ჩემთვის განსაკუთრებულად კარგ მოგონებებთან არის დაკავშირებული. ასევე მომწონს რომი და იტალიის სხვა ქალაქები. სამწუხაროდ, უცხოეთში არც გასართობად, არც დასასვენებლად და არც დასათვალიერებლად დიდხანს გასვლის დრო არ მაქვს, ამიტომ როცა ვიცლი, ყოველთვის მივდივარ, რომ რამე საინტერესო ვნახო. ძალიან მიყვარს ისტორიული სიძველეები.

ნამყოფი ვარ შუააზიის ქვეყნებშიც ყაზახეთში, უზბეკეთში. ძალიან მომხიბლა ამერიკამ, ბევრი ლამაზი ადგილია, განსაკუთრებით ზაფხულშია ძალიან კარგი სანახავი. თუმცა საბოლოო ჯამში საქართველო ყველაზე მეტად მომწონს, აქ თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ და არსადაც არ წავიდოდი.

www.fact2.ge – თიკა ნაცვლიშვილი

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *