რელიგია

წილთელი პარასკევი კაცობრიობის სისხლიანი განაჩენის და გადარჩენის დღე!

დღეს კაცობრიობამ იესო ქრისტეს სიკვდილი მიუსაჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა და მან, ჯვარზე გაკრულმა და სისხლდანთხეულმა მიმართა ღმერთს: “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან”.

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა.

.აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. სამი დღის შემდეგ კი მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა და სიცოცხლის განახლება.

არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომახლა ეს კვერცხი გაწითლდესო. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!

წყარო: geomediapress.ge

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *