პოლიტიკა

,,წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მიწა უცხოელთა ხელში გადავა და მოცემული ერი 50 თაობის შემდეგ და ბევრად უფრო ადრეც საარსებო ბაზას მოკლებული იქნება”

მოსაზრება
(10.09.2016)
ნ. ნათაძე, პ. კოღუაშვილი, თ. კერძევაძე, თ. დიხამინჯია, ნ. სანებლიძე, ფ. დეკანოიძე

საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ეროვნული თავდაცვითი პოტენციალი პროპორციულად ძალიან მცირეა საქართველოს, როგორც ტერიტორიის, გეოსტრატე-გიულ მიმზიდველობასთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც ერისა და სახელმწიფოს, სასიცოცხლო უსაფრთხოება დღევანდელ მსოფლიოში ყოველწუთიერად დამოკიდებულია:

– საქართველოს მიერ თავისთავის მართვის ხარისხზე;

– საქართველოს საგარეო პოლიტიკის (მის მიერ მსოფლიოს ძალთა შორის თავისი ადგილის ოპტიმალური განსაზღვრისა და თავის მოკავშირეთა არჩევის ხარისხზე და

– თავისი ეროვნული იდეოლოგიის, ანუ თავისი მოქალაქეებისა და მსოფლიოს წინაშე თავისი სახელმწიფოებრივი მიზანთსახვისა და პრაქტიკის სამართლიანობისა და კაცობრიობის ინტერესებთან არსებითი თავსებადობის ყოველწუთიერად უნაკლულო დასაბუთებადობის ხარისხზე.

ეროვნულ იდეოლოგიას მოეთხოვება:

– დასაბუთებულობა თანამედროვე მეცნიერების კონტექსტში;

– ოპტიმალურობა საკუთარი ერისა და მისი სახელმწიფოს ინტერესთა თვალსაზრისით;

– (პრინციპულად) ზოგადმნიშვნელადობა ანუ გამოსადეგობა მსოფლიოს ერებისა და სახელმწიფოებისათვის საერთოდ, ანუ მისი პრინციპული თავსებადობა ყველა ერის ინტერესებთან.

დღესდღეობით საქართველოსა და ქართველი ერის თავის მიწაწყალზე ყოფნისა, თავდამკვიდრებისა, თავდაცვისა და დანარჩენ მსოფლიოსთან სამართლიანი, პრინ-ციპულად თანასწორი და ჰარმონიული კავშირურთიერთობის იდეოლოგია, ჩვენის ხედვით, მდგომარეობს შემდეგში:

1. დედამიწის მოსახლეობა დღეს შედგება (თავის უმრავლესობაში) ერებისაგან და (თავის უმცირესობაში) თანამედროვე ერებად არ ჩამოყალიბებული, მაგრამ თავისს განვითარებაში ასეთებად ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული ეთნოსებისაგან.

ერი, როგორც ადამიანთა ერთობის ერთ-ერთი ფორმა სხვა შესაძლო ფორმათა შორის, თავისი ქმნადობისა და არსებობის დღევანდელ ეტაპზე არის ღირებულებრივი (თავის წევრთათვის ღირებული) მაკრო-შიდაჯგუფი (in-group), რომელიც შეკრულია ბუნები-თი ერთობის (“სისხლით ერთობის”) ცნობიერებით, ერთ ჯგუფად ყოფნისა და სხვა ანალოგიურ ჯგუფთა შორის ერთობლივი თავდამკვიდრების ამოცანით და ამ ამოცანის გადაჭრის მუდმივი ნებით.

სიტყვა “ღირებულებრივი” ამ განსაზღვრებაში იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის შემადგენელ ინდივიდებს, როგორც წესი, ეს ჯგუფი უღირთ და მისი ფუნქციისუნარიანობა უღირთ. სიტყვა “მაკრო” (დიდი) იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ძირითადად ურთიერთუცნობებისაგან შედგება.

შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში ერს აქვს თავისი ენა, რომელიც არა აქვს არც ერთ სხვას, თავისი ფოლკლორი, ძალიან ხშრად აქვს საკუთარი ლიტერატურა, ახსოვს და ეამაყება საკუთარი ისტორია, აქვს სურვილი და განზრახვა ამ მიწაზე თავდამკვიდრებისა აწ და მარადის.

თავისი ერისადმი ინდივიდს აქვს პირწმინდად სუბიექტური ემოციური ბმულობაც ანუ სიყვარული (“მე მოვკვდები, მაგრამ ვიცოცხლებ ჩემს თანამემამულეებში, მათი სიკეთით ჩემი ძვლები გაიხარებენ”) და ობიექტური ემოციური საგნობრივი ბმულობაც: ერის წევრმა ინდივიდმა იცის, რომ თავისი ერის გარეშე იგი ვერ დაიკმაყოფილებს, როგორც მინიმუმი, სამ ფუნდამენტურ მოთხოვნილებას, რომლებიც თანამედროვე ადამიანისთვის, ნორმალურ შემთხვევაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: იგი ვერ იქნება სუბიექტი მსოფლიოს მთლიანი პოლიტიკური და სოციალური სისტემისა (ვერ ექნება თავისი ხმა ამ სისტემაში), ვერ იქნება სუბიექტი ისტორიისა – ჩავლილისაც და მომავლისაც – ვერ იქნება მშენებელი თავისი საზოგადოებისა, ანუ ისეთი ცხოვრების წესისა, რომელიც შეესაბამება მის ბუნებრივ მონაცემებს (ტემპერამენტს და ა.შ.) და ტრადიციებს.

ამგვარი ადამიანური ერთობები (ერები) კანონზომიერად შექმნა ისტორი-ულმა განვითარებამ. ერების, როგორც ადამიანთა ამგვარი ერთობების, არსებობა ფაქტია. თანამედროვე ნაციონალიზმი, ანუ ზემოთაღწერილი ცნობიერებითი და ემოციური ორიენტაციით ცხოვრება და მოქმედება, დღეს ადამიანის პრაქტიკულად უნივერსალური ანუ ნორმითი მდგომარეობაა (პოზიციაა).

2. ერი, როგორც ადამიანთა დაყოფის ერთეული და მათი ერთობის ფორმა, უალტერნატივოა კაცობრიობის მთელი განჭვრეტადი მომავლის მანძილზე. მის ამ უალტერნატივობას განაპირობებს ის, რომ:

– ერი არის ის ერთადერთი ფორმა ადამინათა ერთობისა, რომელიც ერთდროულად არის მაკროსოციალურად ქმედუნარიანიც და ბუნებითიც (“ჩვენ, ეს მოდგმა”).

– ერი არის ერთადერთი ამგვარ ფორმებს შორის, რომელიც არის ბუნებითიც და თავისუფალი არჩევანის მომცველიც (ჩემს ერში რომ ვარ, ანუ აქედან გამომდინარე მოვალეობებს რომ თავს ვიდებ და უფლებებს ვიკუთვნებ, ეს ჩემი თავისუფალი ნების არჩევანია). ამით კმაყოფილდება ერის შემადგენელი ინდივიდის მენტალური მოთხოვნილება, რომ “ჯოგურად მოქმედი” არ იყოს.

– კაცობრიობას, როგორც მთელს, დღეს კოსმოსში არ ჰყავს მეტოქე თავის მსგავსთა სახით, ამდენად – არც რაიმე ერთობლივი ამოცანა გააჩნია თავის მსგავსთა მიმართ. კაცობრიობა კოსმოსში მარტოა. ამიტომ მასში მოქმედებს ის სოციოლოგიური კანონზო-მიერება, რომ საგარეო ამოცანით შეუკრავი სიმრავლე გარდუვალად გადიფერენცირ-დება ურთიერთმეტოქე მაკროჯგუფებად.

– ადამიანის მენტალური მოთხოვნილება – რომ ჰქონდეს თავისთვის დამაკმაყოფი-ლებელი კონცეფცია თავისი მე-სი (Ick-Konzeption), რეალიზდება და კმაყოფილდება მხოლოდ სხვა ადამიანთა ფონზე, მათთან თავისი თავის შედარებაში (ამა და ამ პარამეტრებში). ასევე, ყოველ “ერთიან გონით პიროვნებას” (Geistige Gesamtpeeson ერი თავისი მენტალური სტრუქტურით სწორედ ასეთს წარმოადგენს თუნდაც იმიტომ, რომ მას თავის საქმეებზე პასუხისმგებლობის ცნობიერება აქვს – სიამაყე ერის სასახელო საქმეთა გამო და სირცხვილი უსახელოთა გამო და ა.შ.), ასევე თავისი ეს “მეს კონცეფცია” უყალიბდება და უკმაყოფილდება სხვა ერთა ფონზე ანუ მათთან თავის შედარებაში.

ეს ვითარება ძალაში იქნება მანამდე, სანამ სამყაროში არ გამოჩნდება სხვა “კაცობრიობა” ან მიახლოებით “კაცობრიობა” დედამიწისეული კაცობრიობის მეტოქის სახით, რის შედეგადაც კაცობრიობის შინაგანი გამყოფი ხაზები გადაიჩრდილება კაცობრიობის ერთობლივი ახალი ამოცანის (ახალ კაცობრიობასთან მეტოქეობის) მიერ.

3. დედამიწაზე ერთა ზემოხსენებული სტატუსიდან გამომდინარე, მათ წინაშე გაშლილია თანაცხოვრების ფორმათა ფართო დიაპაზონი ჯუნგლის კანონებით რეგულირებულიდან დაწყებული და ერთა გონივრულად მოწესრიგებული საზოგადო-ების ფორმით დამთავრებული (უმჯობესი, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტია).

ერის შემადგენელი ყოველი ცალკე ინდივიდის ეროვნული ნება შინაარსობრივად (თემატურად) მოიცავს მიზანთა დიაპაზონს, დაწყებულს ამ ინდივიდისა და მისი თანამემამულეების კომფორტის (ამ სიტყვის ყველაზე ფართო აზრით) ინტერესებიდან და დამთავრებულს ერის, როგორც მთელის, როგორც კოლექტიური სუბიექტის ონტური (ყოფიერებითი) თავდამკვიდრებულობის ინტერესით.

ინდივიდს უნდა თავისი ერის უკვდავება (მარადიული ადექვატური თავდამკვიდრებულობა) საკუთარ თვალში: მას უნდა, რომ მისი ერი (რომლის შიგნითაც იგი თავისი პირადი შთამომავ-ლობის ბედს თვალს ვერ მიადევნებს პროგნოზირების რაგინდარა სრულყოფილი მეთოდებით ათი და ორმოცდაათი თაობის მანძილზე) იყოს (არსებობდეს), სხვათა (სხვა ერთა) შორის თავდამკვიდრებული იყოს (რის პარამეტრებიც მას მეტ-ნაკლებად ექსპლიციტური სახით მოაზრებული აქვს: ჰქონდეს ტერიტორია, იყოს თავისუფალი და ა.შ.) აწ და მარადის.

ეს ერთობლივ-ეროვნული თავდამკვიდრების მოთხოვნილება არ არის მხოლოდ მის შემადგენელ ინდივიდთა მოთხოვნილებების ჯამი: ეს არის თვით ყოველი თითოეული ინდივიდის ეროვნული ინტერესის შინაარსის ერთი ელემენტი. ინდივიდი (და არა მხოლოდ ერი მის მთლიანობაში) თავისი ერისა და ქვეყნის დღევანდელ დღეს იხილავს ერთდროულად, როგორც:

– დედამიწის მთლიანი სიტუაციის ერთ უბანს

– და როგორც თავისი ქვეყნის ისტორიის ერთ მონაკვეთს.

ყოველი ცალკეული ინდივიდის პირადი სასიცოცხლოდ მნიშვნელადი ინტერესის დაკმაყოფილება, მისი ამ ონტური და უდროო ინტერესის დაკმაყოფილებას მოიცავს.

არავის აქვს უფლება, ინდივიდის (ვიმეორებთ: ინდივიდს, რომელიც დღეს თავისი ნორმითი პოზიციით, ანუ დღევანდელი მსოფლიო ცივილიზაციის შემადგენელ ინდი-ვიდთა ტიპობრივი პოზიციით ნაციონალისტია) მის ამ ფუნდამენტური მოთხოვნის შესრულებაზე უარი უთხრას ან ეს სურვილი დაუგმოს.

კონკრეტულად, ეს იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება დაგმოს ამ ინდივიდის მიერ ხმამიცემული პარლამენტი, რომელიც, გაითვალისწინებს რა, რომ მოცემულ გაჭირვებულ ქვეყანაში უცხოელებთან კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არის, კანონით აკრძალავს მიწის გატანას ღია ბაზარზე მანამდე, სანამ ამ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი მოქალაქეები არ გაჩნდებიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მიწა უცხოელთა ხელში გადავა და მოცემული ერი 50 თაობის შემდეგ და ბევრად უფრო ადრეც საარსებო ბაზას მოკლებული იქნება.

დიდი და ძლიერი ქვეყნის პარლამენტს ამგვარი კანონის მიღებისათვის საყვედურს ვერავინ გაუბედავს. სუსტ ქვეყანას კი მიჰმართავენ აბსურდული საყვედურით: “სად არის თანასწორობა? რით არის უცხოელი ნაკლები შენი ქვეყნის მოქალაქეზე, რომ მიწის ყიდვის უფლებაში მის დისკრიმინაციას ახდენ?” ამიტომ საქართველო დაინტერესებუ-ლია, რომ ერის რაობა და მის უფლებათა თუ ინტერესთა იერარქია ანალიტიკურად გარკვეული იყოს ამთავითვე, და კანონმდებლობითად ფორმალიზებული იყოს ამთავითვე.

უნდა ცნობილი იყოს, ჯერ ერთი, რომ ჩემი მიწის ვერყიდვით ის უცხოელი თავისი ქვეყნის მომავალ არსებობას ძირს არ უთხრის, ჩემსას კი ჩემი მიწის ყიდვით უთხრის, მეორეც, უნდა იყოს გარკვეული, რომ ჩემი ერის მომავალი უკვდავება ჩემი ქვეყნის კანონმდებლობისათვის უფრო ძლიერი ინტერესია და უფრო იმპერატიული ამოცანაა, ვიდრე ამ პარამეტრში ჩემი და უცხო მოქალაქის “თანასწორობა” ზემოხსენებული უთანასწორობის ფონზე.

5. წინამდებარე თეორიული და იდეოლოგიური ინიციატივა თანამედროვე ადა-მიანის ეროვნული ცნობიერებისა და მის ეროვნულ ინტერესთა შინაარსის გააზრებისა და მის ინტერესთა მთლიანი სტრუქტურის კონტექსტში გამჭოლ მიზნად ისახავს:

ა) ინდივიდის ეროვნულ ინტერესთა და ერების ეროვნულ ინტერესთა შეძლების-დაგვარად სრულსა და რეალობისადმი ადექვატურ გააზრებას, ფორმულირებას და, ამ ანალიზიდან გამომდინარე, მათი შესაბამისი უფლებების განსაზღვრას აკადემიური იურისპრუდენციის კონტექსტში, შემდგომში აგრეთვე – ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო პრაქტიკის კონტექსტშიც.

ჩვენი დღევანდელი ხედვით, გაღრმავებული ანალიზის შედეგად რადიკალური გამდიდრება მოელის ეროვნული ამოცანების წინაშე (რაც, ჩვენი ხედვით, ადამიანის ყველაზე ფუნდამენტურ ამოცანათა რიცხვს ეკუთვნის) ადამიანთა თანასწორობის ცნებას და ეროვნული თავისუფლების ცნებას.

მიგვაჩნია, რომ მოკლე დროის მანძილზე მოინახება და მსოფლიო საზოგადოებრიობაში ძირითად ხაზებში შეთანხმდება ადეკვატური შეფასებები იმ ვითარებისათვისაც, როგორიც გვაქვს, მაგალითად, ჩრდილო კავკასიაში, რომლის ავტოხთონურ მოსახლეობასაც, კავკასიელ ხალხებს, ცალსახად ჰსურს რუსეთის იმპერიიდან გამოყოფა, მაგრამ არც თვით რუსეთის ხელისუფლებისაგან, არც მსოფლიო საზოგადოებრიობისაგან თავისი ამ მისწრაფების მართებულობის ცალსახად გაცხადებული და შეთანხმებულ ლოგიკაზე დაყრდნობილი დადასტურება არ მოეპოვებათ.

ვიმედოვნებთ, რომ ჯერ მეცნიერული, ხოლო შემდეგ კანონმდებლობითი განსაზღვრებები მოეძებნება ერთა შორის ტერიტორიული დავების კონტექსტში მოსახლეობათა ავტოხთონურობის ფაქტორს, ადგილობრივობისა თუ დიასპორულობის ფაქტორს, ისტორიულად მოპოვებული უპირატესობის (თუნდაც დაპყრობის გზით) ფაქტორს, უმრავლესობის ფაქტორს, ისტორიული დანაშაულის ფაქტორს და ვითარების მრავალ სხვა პარამეტრს, რომელიც გამოჩნდება კვლევის გაღრმავების პროცესში.

ვიმედოვნებთ, რომ სათანადოდ გაცნობიერდება ის გარემოებაც, რომ, თუ პრეცედენტის სახით დაკანონდება, რომ არსებული სახელმწიფოს რომელსამე წერტილში დემოგრაფიული დინამიკა (ვინ როგორ გამრავლდა) განსაზღვრავდეს მოცემული ტერიტორიის იურიდიულ და პოლიტიკურ სტატუსს, ეს იქნება სტიმული ყოველი ეთნიკური ჯგუფის პანიკური შიშისათვის ყველა სხვა ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე და, ამგვარად, ცდუნება ეთნიკური წმენდისა და გენოციდისათვის ყველა კონტინენტზე.

ჩვენს წინამდებარე ძალისხმევაში მონაწილეობისათვის მოვუწოდებთ მსოფლიოს ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ, სოციოლოგიურ, პოლიტოლოგიურ და ეთიკური საკითხებით დაინტერესებულ აზრს.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები