ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგია

წმიდა მამა გაბრიელი ბერის სამოსით, მჯდომარე მდგომარეობაში გამოისახა სამთავროს მონასტერში,

12143281_422380724628997_7104018819849964732_nეს დიდი სასწაულია და მე აქ დამატებით წარწერებსაც ვხედავ“

2 ნოემბერს იყო ხსენება ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსისა, რომელიც სიცოცხლეში ამბობდა: „მივდივარ, მაგრამ მე მუდამ თქვენთან ვიქნები“ და მისი გარდაცვალების შემდეგ ამის მაგალითი ძალზე ბევრია. თუნდაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი სასწაული მოხდა: წმიდა მამა გაბრიელი ბერის სამოსით, მჯდომარე მდგომარეობაში გამოისახა სამთავროს მონასტერში, იმ ადგილზე, სადაც გადასვენებამდე მისი წმიდა ნეშტი იყო დაბრძანებული.

ოთარ ნიკოლაიშვილი: ღვთის დიდ წყალობასა და საკვირველებას ამქვეყნად ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ვხედავთ, მაგრამ ჩემთვის დაუვიწყარი წყალობა და საკვირველება იყო წმიდა მამა გაბრიელის სიცოცხლეშივე გაცნობა; მასთან რამდენიმეწლიანი თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა; საუბარი მის ცხოვრებასა და სხვადასხვა საკითხზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. წმიდა მამა გაბრიელს სიცოცხლეშივე და შემდეგაც არაერთი სასწაული მოუხდენია და, აი, ახლაც, როდესაც ახლოვდება მისი გარდაცვალებიდან 20 წლისთავი, მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი და საკუთარი სიტყვები: „მივდივარ, მაგრამ მე მუდამ თქვენთან ვიქნები“. მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, 21 ოქტომბერს უკვე ასეულობით ადამიანმა იხილა იატაკზე დასხმულ ბეტონზე, მჯდომარე მდგომარეობაში გამოსახული წმიდა მამა გაბრიელი, ისეთივე ბერ-მონაზვნის შესამოსელით და ზუსტად იმ ადგილზე, სადაც სიცოცხლეში, ლოცვის დროს უყვარდა ცოტა ხნით დაჯდომა და დასვენება, რაც ეს ბევრ თვითმხილველს ახსოვს. ეს მორიგი სასწაული უწმიდესის სიტყვითაც იქცევს ყურადღებას: „ეს დიდი სასწაულია და მე აქ დამატებით წარწერებსაც ვხედავ“. იქ მართლაც არის გარკვეული ფორმის გამოსახულებები, რომლებსაც პირადად ჩემი აღქმით წარწერებს ვერ დავარქმევ, მაგრამ უწმიდესი სხვა მადლით არის დაჯილდოებული, ამიტომ, რა გასაკვირია, რომ მას წმიდა მამა გაბრიელისგან სხვა მინიშნებები ჰქონდეს და სხვაგვარად აღიქვამდეს ამ ყველაფერს.
– თქვენ საიდან შეიტყვეთ ამის შესახებ?
12144815_422380791295657_6746053223107240218_n– ჩემმა ახლობელმა ქალბატონმა დამირეკა, რომლის ოჯახშიც ადრე მამა გაბრიელის ხატი და წმიდა ნაწილები მივაბრძანე და მან  მითხრა: სამთავროში ვიყავი ექსკურსიაზე, 30-მდე უნარშეზღუდული ბავშვი გვყავდა წაყვანილი მშობლებთან ერთად. როგორც კი შევედი, ტაძრის შესასვლელთან დედაოებმა მახარეს: იცით, რადროს მოხვედით? თქვენ ახლა დიდ სასწაულს ნახავთო. იქ, სადაც მამა გაბრიელის წმიდა ნეშტი იყო დაბრძანებული, ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს – მისი საკადრისი საბრძანებელი უნდა გააკეთონ. ნახაზი ნანახი მაქვს და მართლაც არაჩვეულებრივი გადაწყვეტაა. სარემონტო სამუშაოების გამო ლუსკუმა დროებით გადააადგილეს და, სადაც მანამდე იდგა, 21 ოქტომბერს ახალდასხმული ბეტონის თითქმის ნახევარი ფილა, მამა გაბრიელის გამოსახულებით იყო დაფარული. ახლა მოჭრეს ეს ადგილი, შენახულია და შემდეგში სათანადო ადგილს მიუჩენენ.
– თქვენ რას უკავშირებთ ამ მოვლენას?
– ზუსტად და დანამდვილებით არ შემიძლია თქმა. ყველა სასწაული, რა თქმა უნდა, რაღაცის მიმანიშნებელია… უფრო მეტად მახსენდება პატრიარქის ბოლოდროინდელი მოწოდება, სადაც ის ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებას სთხოვს, რომ ერთად გადავლახოთ ეს საყოველთაო გაჭირვება, რთული მდგომარეობა, თუნდაც იმის გამო, რომ შემდეგში შეიძლება ამის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ შესაძლებლობა – არა. ერთხელ მისმა უწმიდესობამ ასეც ბრძანა – ბოლო ჟამი არისო. თითქოს მამა გაბრიელის სასწაულებიც ამაზე მიგვანიშნებს: საქართველოში ამდენი სასწაული ხდება, ამდენი მირონდენა, ხატების, სიწმიდეების სიმრავლე… ვინ იცის, ხვალ და ზეგ რა მოხდება? შეიძლება, მომავალში ბევრს უნდოდეს სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ფიზიკურად არ იყოს ამის საშუალება, ჩაეკეტოთ გზა… ეს ყველაფერი, ალბათ, ერთგვარი გაფრთხილებაა.
12231605_10205204670305381_586298818_n– დღეს წმიდა მამა გაბრიელის ძალიან ბევრი ხატია და მათი უმეტესობა ოჯახებში დაბრძანდება. ერთ-ერთი თქვენთანაც არის თავის სიწმიდეებთან ერთად.
– მამა გაბრიელის შემთხვევაში ისიც არის სასწაული, რომ მისი ძალიან ბევრი ხატი დაიწერა, დაუჯდომლები შეიქმნა. 300-ზე მეტი ხატია დღეს დაწერილი, ყველა ეკლესიაშია  და სხვადასხვა ორგანიზაციაშიც. ყველა ხატი მომწონდა, მაგრამ, რადგან მას კარგად ვიცნობდი, მინდოდა ისეთი ხატი, რომელიც უფრო ახლოს იქნებოდა მასთან, ყველა მდგომარეობაში ნუგეშს მისცემდა ადამიანს. საბოლოოდ ვნახე მამა-შვილი მღებრიშვილები, რომლებიც ერთად მუშაობენ ხატებზე, ეკლესიების აღდგენაზე; მათ ავუხსენი ყველაფერი და, საბოლოოდ, შეიქმნა ეს ხატი. შემდეგ სათანადო პატივით შევმოსეთ და, როცა ხალხი მოითხოვს, გადაბრძანდება მამა გაბრიელის სიწმიდეებთან ერთად. მე მაქვს მამა გაბრიელის ნაქონი პერანგი, იმ ძელის მონატეხი, სადაც მამა გაბრიელის ნეშტი იყო დასვენებული და, ასევე, მამა გაბრიელის სკუფია, რომელსაც თავზე იფარებდა და ხატთან ერთად გადავაბრძანებ მათაც. ძალიან ბევრი მადლი და სასწაული ხდება. ცოტა ხნის წინ ავჭალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მთხოვეს ხატის მიბრძანება და მივაბრძანე. იქ მესანთლემ მითხრა: ჩვენი მოძღვრის მრევლის შვილი აპარატზეა შეერთებული, გონზე ვერ მოჰყავთ და, იქნებ მამაომ სკუფია მაინც წააბრძანოსო. უარს როგორ ვეტყოდი. შემდეგ მან და იმ ბავშვის მამამ მადლობის სათქმელად დამირეკეს: მეორე დღესვე გაახილა ბავშვმა თვალი, ექიმებმა რომ გასინჯეს, გაკვირვებულები დარჩნენო.
– იქნებ გაიხსენოთ პირადად თქვენს ცხოვრებაში მომხდარი სასწაული.
– ერთხელ მამა გაბრიელმა თავის სენაკში მითხრა, ხელისგული მაჩვენეო. გავუწოდე. უყურა და თქვა, შენ ხომ ჩემი ქადაგი ხარო. მაშინ ეს ვერ გავიაზრე, მაგრამ ახლა ვხვდები: განა სასწაული არ არის, მისი გარდაცვალებიდან თითქმის 8 წლის განმავლობაში მარტო რომ გამოვცემდი მასთან დაკავშირებულ მასალებს? მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან კი 40 დღეც არ იყო გასული, როდესაც ღვთის შეწევნით დავწერე მის მიმართ სავედრებელი, სადაც ასახულია ღირსი და აღმსარებელი მამის სათნოებები. ერთ-ერთ მუხლში კი პირდაპირ მითითებულია: „ღვთის წინაშე სალოსობითა და ერთდროულად დაყუდებული ბერის სათნო მოღვაწეობითა“. აი, მას შემდეგ გადის 17 წელი და სინოდის განჩინებით მას ეწოდა: „ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი“.  პირადად მე დღეს ეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასწაულად მიმაჩნია – გაუაზრებლად დაწერილი, როდინდელი ნათქვამი როდის ასრულდა და დაკანონდა. წმიდანად შერაცხვის შემდეგ კი მისი მადლით ერთი ტროპარის დაწერაც შევძელი. მომავალში კი სპეციალურ გამოცემასაც ვაპირებ, თუ რა სასწაულები და თავგადასავლები გადამხდენია მონასტერში თუ მონასტრის გარეთ მამა გაბრიელთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ კი ჩემი ავტორობით  სამ ენაზე გამოვიდა სასაჩუქრე ალბომი „წმიდა მამა გაბრიელი“, რომელიც  დაიბეჭდა შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით და  მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) რედაქტორობით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო სარდანაშვილს გამოცემაში გაწეული დახმარებისთვის.
მართალია, თავის დროზე ბევრი ვერ ხედავდა მამა გაბრიელის ღვაწლს, მაგრამ ღვთის განგებას ვინ დაუდგება წინ?! წმიდა მამა გაბრიელი ღვთის წინაშე სიმართლით, სიმდაბლით იყო ნაცხოვრები; ამ სიმართლისთვის ნატანჯი, ყოველგვარი დაფასებისა და აღიარების გარეშე წაბრძანდა ამქვეყნიდან, მაგრამ სანაცვლოდ უფალმა განადიდა მისი რჩეული – ხალხს გაუხსნა გონება და მის მიმართ უდიდესი სიყვარული ჩაუდო.

12030431_935105516578116_5545522114604908204_oნათია უტიაშვილი

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები