დღეების კალენდარირელიგია

წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამე (+1308)

10 (23) დეკემბერი

წმიდა მეფე ვახტანგ მესამე დაიბადა 1257 წელს. ვახტანგის მამა იყო საქართველოს მეფე დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული. დემეტრე მეფეს ამ ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავდა: დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და რუსუდანი. სხვა ქორწინებიდან კიდევ ჰყავდა დემეტრეს შვილები: ბაადური, იადგარი, ჯიგდა-ხათუნი და გიორგი.

დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში გახიზნეს და იქ იზრდებოდა. დემეტრეს ნაცვლად გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტზე დასვეს დავით ნარინის ძე ვახტანგი, რომლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავა დემეტრე თავდადებულის შვილმა, დავით მეექვსემ. ვახტანგი ერთგულად ამოუდგა ძმას გვერდით და ყოველმხრივ ცდილობდა შეემსუბუქებინა დავითისათვის მეფობის მძიმე ჯვარი.

დავითმა „წარავლინა ძმა თვსი უმრწემესი ვახტანგ ელჩად დიდისა ბათოს შვილისა“. ელჩობის მიზანი იყო ესარგებლა საქართველოს, ირანსა და მონღოლებს შორის არსებული მტრობით და მათი დაპირისპირების ფონზე, როგორმე მოეწესრიგებინათ ქვეყნის შიდა და გარე პრობლემები.

დავით მეფემ ვერ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მან ნდობა დაკარგა, როგორც დამპყრობლების, ასევე საკუთარი ხალხის წინაშე და საშინელმა ეჭვებმა მეიპყრო. დავითი, საკუთარი ძმის, წმიდა ვახტანგის ერთგულებაშიც არ იყო დარწმუნებული, მისი ბრძანებით შეიპყრეს წმიდა ვახტანგი და დილეგში ჩააგდეს.

ვახტანგმა მოახერხა ციხიდან გაქცევა, „გამოიპარა და მივიდა ივანე ბარსელისასა“, რომელიც, დავით მეფის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და შესჩივლა: თუმცა ჩემი ძმისათვის „არარაბოროტი მიქმნიეს“, მაგრამ მაინც დამაპატიმრა, ახლაც გამოქცეული, „არა წავალ ურდოსა მტერთა მისთანა“. ამიტომ, ჩემ ძმას, მეფეს, „ჩემი შენსა მოსლვა“ აცნობე და მიშუამდგომლე, რომ „თუ ფიცით შემაჯერებს“, რომ „არა მავნოს და არა შემიპყრას“, ისევ მასთან მივალ და საცხოვრებლად „მცირე სარჩონიცა მომცეს“-ო.

დავით მეფემ „ფიცით მოიმტკიცა“ ვახტაგი, მაგრამ მათ შორის თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ვახტანგის ქორწინების შემდეგ, როდესაც „შაბერის ძის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად“, დავითის დამოკიდებულება ვახტანგთან ისევ გამწვავდა. კვლავ დაიწყო ვახტანგის „უპატიოდ ყოფა“ და იმატა ხალხის მღელვარებამ დავით მეფის პოლიტიკის გამო. ვახტანგი იძულებული გახდა და „წარვიდა ურდოს ყაინის თანა“.

ყაინმა „კეთილად შეიწყნარა“ ვახტანგი და „მოსცა მეფობა“, მაგრამ, მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო მეფობის მიცემა არაფერს ნიშნავდა: ტფილისში მცირეწლოვანი გიორგი უფლისწული იჯდა, ხოლო მთელ ჩრდილო მთიანეთში დავით მეექვსე ბატონობდა. ვახტანგის მეფედ დასასმელად სამხედრო ძალა იყო საჭირო და ყაზან ყაინმა ვახტანგ მესამეს „წარმოატანა ხუტლუშა ნოინი სპითა უძლიერესითა“.

1302 წელს „დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, მას მოსცეს ყოველი საქართველო“. გაიხარა ყოველმა ქართველმა, „რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთისმოშიშ, სამღდელოთა პატივისმცემელ, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, მყუდრო, მოწყალე, უშფოთველ, ყოვლითა კეთილითა სრულ და არავის მოშურნე“.

ვახტანგ მესამეს საშინლად მძიმე მდგომარეობაში მოუხდა ქვეყნის მართვა – „არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა, არცა შენება ყოვლადვე… ვიქმენით მიცემულ პირველად მწარესა ტყუეობასა და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ხოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლებაჲ… ესოდენ განძვინდა შიმშილი, რომელ მძორსა არა-წმიდასა ურიდად ჭამდეს… ყრმანი მკვდართა დედათა ძუძუთ ლეშვთა სწოვდიან… მოაოხრეს ქართლი უბოროტესად… და მიეცა ქუეყანა განსარყვნელად, ცოდვათა ჩუენთათვის“.

მეფე ვახტანგი ყოველნაირად ცდილობდა ქვეყანაში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამოსნორებას. თუმცა, მეტწილად, საქართველოს გარეთ, მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში უხდებოდა იძულებით მონაწილეობა და ასეთ ლაშქრობებს ეწირებოდა ქართველთა ფიზიკური და სულიერი ძალმოსილება.

მეფე ვახტანგის ქართული ჯარით პალესტინაში ლაშქრობების დროს, მონღოლებმა ქართველებს იერუსალიმში განსაკუთრებული უფლებები მიანიჭეს, იმ დროს შესწირა ვახტანგმა იერუსალიმის ჯვარის ქართველთა მონასტერს დიდი შესაწირავი. ვახტანგის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლიერდა იერუსალიმში ქართული მონასტრების ავტორიტეტი. იერუსალიმის ქართველ დედათა მონასტერში რიფსიმეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა ვახტანგის მეუღლე. იერუსალიმის ჯვარის მონასტერის განჩინებით, ხარება დღეს „რაზომიცა მღდელნი და დიაკონი იყოს მეფეთა-მეფისა ვახტანგისათვის და მეუღლისა მისისა რიფსიმესათვის (შემონაზვნებულისა) შეიმოსნენ“.

მონღოლთა ერთ-ერთი ასეთი მორიგი ლაშქრობის დროს, გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართველებიც მონაწილოებდნენ, მონღოლები დამარცხდნენ. ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას.

ლაშქრობიდან სამშობლოში მობრუნებულ ვახტანგ მესამეს, ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მონღოლთა ნოინი. მას ჰქონდა ყაენის ბრძანება, რათა დაენგრიათ აეოხრებინათ და აღეგავათ საქართველოს წმიდა სავანეები. ასევე მათი მოთხოვნით, ქართველებს უნდა დაეტევებინათ ქრისტიანობა და მუსულმანობა მიეღოთ. „ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განახმდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათვის, და რქუა სპათა თვისთა: „კაცნო, ძმანო და ერთრჯულულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო! უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა, და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხვნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“. და კუალად: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქუენ“ აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე და დავდვათ სული მისთვის, რომელმან დასდვა სული თვისი ჩუენთვის. პირველად ჩვენ მივსცნეთ თავნი ჩვენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა. და მან დაიცვას სამწყსო თვისი“… მყის წარემართეს ურდოსა და კარსა ყაენისასა, და მუხლნი დაიდგინეს, და რქუა მეფემან ხმითა მაღლითა: „ისმინე მაღალო და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტევნოთ სჯული ჩვენი. აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურნა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთვისცა იგინი მოწყვიდნეს, რამეთუ იყვნეს მწამვლელ და მამათმავალ და კაცისმკვლელ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსნი შენს წინაშე არიან, და მე მზად ვარ სიკუდილად სჯულისათვის ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი მყოფნი ქრისტეანენ, აჰა თავნი ჩვენნი წარგკვეთნენ“ და წარუპყრაცა ქედი“.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, მეფე ვახტანგის აღსასრული შემდეგი სახით არის გადმოცემული: „მოვიდნენ რა წინაშე ყაენისა, განკვირდა ყაენი მოსვლისათვის მეფისა. მაშინ მეფე ვახტანგ წინააღუდგა დატევნებისათვის ქრისტესა და მოოხრებისათვის ეკლესიებთა. არამედ საქართველოსაცა უარჰყვეს მოგზავნილი იგი ნოინი. ამისთვის მოკლა ყაენმა ქრისტესათვის ტანჯვითა მეფე ვახტანგ ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა“.

ვახუშტისეული „ქართლის ცხოვრება“-ს არშიაზე არსებული მინაწერის მიხედვით, „გარნა იცნობების მუნვე ქვემოთ და ზემოთ და ყეენებისაგან ესრეთ, ვითარცა აღგვიწერია და აღსრულებასაცა მისსა ვგონებთ მოწამეობით, ვითარცა აჩენს ცხოვრება ცხადად. ხოლო სიტყვაცა არს, რამეთუ ვახტანგ მეფე მოწამე, არამედ თუცა ვახტანგ გორგასალისა იგონიებს გარნა გორგასალ ღირსქმნილია მოწამეობისა, ხოლო ესე ვახტანგ სრული მოწამეა ტანჯვითა ქრისტესათვის“.

მეფე ვახტანგ მესამის ცხოვრების შესახებ სხვა მასალები არ არის ცნობილი. რაც შეეხება მის განსასვენებელის ადგილსამყოფელს, ქართლის ცხოვრება მიუთითებს დმანისის სიონს, სადაც აღსრულებული მეფე გადმოასვენეს.

დმანისში დამკვიდრებულა ვახტანგ მეფის შთამომავლებიცა უფროსი ძის დემეტრეს და მისი ოჯახის სახით, რომლებიც დაკრძალულნი არიან იქვე.

„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.

თეგები
იხილეთ მეტი