დღეების კალენდარირელიგია

წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული (+1942)

23 (06.12) ნოემბერი

მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 (13.09) აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში.

1905 წელს მამა რომანოზი უეცრად გარდაიცვალა და მარიამს გასაზრდელად დარჩა სამი ობოლი: არჩილი, გრიგოლი და ვასილი. მარიამს ძალიან გაუჭირდა და გრიგოლი, ბიძამ, ყვარელის ეკლესიის მოძღვარმა, გიორგი ფერაძემ, წაიყვანა თავისთან.

სასკოლო ასაკს მიღწეული გრიგოლი დედამ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლმა სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, რომლის რექტორიც იმხანად იყო ცნობილი მეცნიერი კორნელი კეკელიძე.

1918 წელს, გრიგოლი ტფილისის ახალგახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმავდროულად მასწავლებლად მუშაობდა გორის მაზრის სოფელ ზემო ხანდაკში.

1919 წელს, გრიგოლი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1921 წელს, გრიგოლი კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა, ამავე წელს, როცა ბოლშევიკები თავს დაესხნენ საქართველოს, გრიგოლი, მის ორ ძმასთან ერთად, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.

1921 წლის შემოდგომაზე, გარეკახეთის სამღდელოებამ, გრიგოლ ფერაძე გელათში გამართულ საეკლესიო კრებაზე თავის წარმომადგენლად მიავლინა. მღდელმოწამე ნაზარისა (ლეჟავა) და კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით ამ კრებაზე გადაწყდა გრიგოლის ევროპაში სასწავლებლად გაგზავნა.

1922 წლის მაისში, გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

1925 წელს, გრიგოლი სასწავლებლად გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის – „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. იმ დროიდან მოყოლებული, ვიდრე 1927 წლამდე, განაგრძობდა ღმრთისმეტყველების შესწავლას – ლექციებს ისმენდა ლუვენის უნივერსიტეტში.

გრიგოლ ფერაძე
ევროპაში მოღვაწეობის დროს

1927 წლიდან გრიგოლ ფერაძე სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში გრიგოლი დანიშნეს ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე.

1932 წელს, გრიგოლი მიიწვიეს ოქსფორდში საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს, გრიგოლი მონაზვნად აღიკვეცა, მალევე მღვდლად დაასხეს ხელნი, არქიმანდრიტობაც უბოძეს და პარიზის ქართული სამრევლო ჩააბარეს. გრიგოლ ფერაძემ პარიზში დააარსა წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და სამრევლო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.

1932 წელს, მამა გრიგოლი ვარშავის მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად აირჩიეს. გრიგოლ ფერაძის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები გამსჭვალული იყო ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. ის მთელ თავის სახსრებს ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება – შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართულმა საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი მოღვაწეობის შესახებ.

იმ დროს, საფრანგეთში ინახებოდა საქართველოს ეკლესიის განძეულობა, რომელიც გრიგოლ ფერაძის თავგანწირული მოქმედების შედეგად გადაურჩა გერმანელი ფაშისტებისაგან კონფისკაციას. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ ქართული კულტურის საუკეთესო ნაწილი, არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა.

1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. გრიგოლის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.

ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისთვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა.

ქართველ წმიდათა ცხოვრებანი, თბილისი, 2007 წ.

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები