მთავარი ბლოკიმოდანათია უტიაშვილიშოუ-ბიზნესი

ჰოლივუდში 200 ევროდ მოხვედრილი ქართველი ბიჭი და მსოფლიო კინოპრემიერა! ვინ არის თემო მელიქიძე და რა პერსპექტივები აქვს მსახიობს კინოინდუსტრიაში?!

2013 წლის 15 აპრილს, ქალაქ ბოსტონში ყოველწლიური მარათონის დროს საზარელი ტერაქტი მოხდა. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი და საკმაოდ ბევრი დაშავდა. ცოტა ხნის წინ ჰოლივუდში ამ ისტორიაზე გადაიღეს ფილმი „პატრიოტის დღე“, რომლის კინოპრემიერა 21 დეკემბერს გაიმართა. მსოფლიო პრემიერა კი 13 იანვარს იქნება. ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ასრულებენ, მათ შორის, ქევინ ბეკონი, მარკ ვოლბერგი, ჯეი ქეი სიმონსი. რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჩეჩენი ტერორისტის, ტამერლან ცარნაევის როლს ქართველი მსახიობი, 24 წლის თემო მელიქიძე ასრულებს. საოცრად მიზანდასახულმა, ძალიან პოზიტიურმა თემომ, თავისი ნიჭიერებით, მონდომებით, ხასიათით შეძლო ცნობილი რეჟისორების,  მსახიობების, კრიტიკოსებისა და მაყურებლის მოხიბვლა. იმისთვის, რომ დღეს თემო ასეთი წარმატებული ყოფილიყო, ძალიან ბევრი რამის გადალახვა მოუწია. თუმცა, ის არასდროს დანებებულა და დღესაც საკუთარი მიზნების განსახორციელებლად დაუღალავად იბრძვის.


თემო მელიქიძე:
17 ნოემბერს შედგა ლოს-ანჯელესში ფილმის პრემიერა და მიხარია, რომ მაყურებლის რეაქცია ძალიან კარგი იყო. ეს თემა საკმაოდ მძიმეა ყველასთვის. ფილმშიც, შესაბამისად, ბევრი რამ არის ნეგატიური. მაგრამ, ჩვენ დოკუმენტურად გავყვევით ყველაფერს, რაც იმ დღეს მოხდა. ჰოლივუდური ისტორია არ არის, ნამდვილ ამბავზეა აგებული და შესაბამისად, მაყურებელს, კრიტიკოსებს ძალიან მოეწონათ. „პატრიოტის დღე“ 2016 წელს გამოსული ფილმების საუკეთესო ათეულში მოხვდა. რაც შეეხება ჩემს როლს, ძალიან ნეგატიურ ადამიანს ვანსახიერებ. მაყურებელმა არ იცოდა, როგორ  მიმართულებას მივცემდით მის როლს. რომ ნახეს, ყველაფერი რეალობასთან იყო ახლოს, ძალიან მოეწონათ. ერთი სცენაა, სადაც ადამიანს ვიტაცებ და ამბობენ, რომ ეს სცენა, მსახიობის შესრულების მხრივ, ძალიან ძლიერი იყოო. ამიტომ, ყველა მეკითხებოდა, როგორ ვემზადებოდი როლისთვის, როგორ გავართვი ასეთ დაძაბულ სცენას თავი. რომ ვყვები, საქართველოდან ვარ, ბელგიაში გავიზარდე, 11 თვის წინ ჩამოვედი ამერიკაში და ეს ჩემი პირველი ფილმია-მეთქი, არ სჯერათ, გიჟდებიან. ძალიან ვნერვიულობდი მეც. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა ხალხი ჩემს როლს, განსაკუთრებით ბოსტონში, სადაც საერთოდ არ საუბრობენ ამ თემაზე. მაგრამ, ფილმი რომ ნახეს, ისე კარგად არის გაკეთებული, რომ ხალხი კმაყოფილი გამოდიოდა კინოთეატრებიდან. მე ამერიკაში იმისთვის ჩამოვედი, რომ ჩემი ოცნება ავისრულო, რაც ბავშვობიდან მომყვება. ამიტომ, როგორც კი ეს როლი მომცეს, მაშინვე მთელი მონდომებით შევუდექი მასზე მუშაობას. მთელი ამერიკა ნახავს ამ ფილმს, ამერიკის ისტორიაშიც შევა, რადგან 11 სექტემბრის შემდეგ, ეს ამერიკაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი იყო. გარდა ამისა, მე ქართველი ვარ, ბელგიაში კი გავიზარდე, მაგრამ დღემდე ქართული პასპორტი მაქვს და მინდა, ამერიკელებს ვაჩვენო, რა არის საქართველო.

– მომიყევი, როგორ ემზადებოდი ამ რთული როლისთვის.

– ძალიან მძიმე პროცესი იყო. გავიცანი ჯონ ალენი – კრივის მწვრთნელი, რომელიც 5 წელი ავარჯიშებდა ჩემს გმირს, ტამერლან ცარნაევს. მის შესახებ ძალიან ბევრი რამ მიამბო. ვუსმენდი იმ მუსიკას, რასაც ის უსმენდა, იმ საშინელ ვიდეობს ვუყურებდი, რასაც ის უყურებდა. ერთხელ, მახსოვს, ბელგიაში ჩემს მეგობარ გოგონას ვურეკავდი, მუსიკა ჩართული მქონდა და გაოცებულმა მკითხა: რას უსმენო. ისე ვიყავი როლში შესული, ისე გათავისებული მქონდა მისი ცხოვრება, რომ ვერაფერს ვეღარ ვამჩნევდი. ჯონ ალენსაც რომ შევხვდი, პირველად ვუთხარი: რომ მოვალ სავარჯიშოდ, ისე მომექეცი, როგორც მას ექცეოდი-მეთქი. დავიწყეთ ვარჯიში, შევდიოდი როლში და ერთხელაც მითხრა: გაჩერდი, ეს რა გამიკეთე, ყველაფერი გამიცოცხლდა, გამახსენე ის ადამიანიო. ერთი სცენაა, როდესაც ბომბს ვდებ. 1 000-ზე მეტი ადამიანი იყო მოსული, რომ მასობრივი სცენა განგვესახიერებინა. იცინიან, ზეიმობენ და მე ველოდები, რომ დამიძახონ გადასაღებ მოედანზე. პირველი ნაბიჯი რომ შევდგი, ყველა გაჩუმდა და მე დამიწყო ყურება: ის ბიჭია, ვინც ამ როლს თამაშობსო. იქვე იყო პოლიციელი, რომელიც მიყურებდა. ბოლოს კი მომიახლოვდა და მითხრა: შენ რომ გიყურებ, მინდა, იარაღი ამოვიღო და მოგკლაო. მადლობა გადავუხადე და მან წარმატება მისურვა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი და იმავდროულად, ყველაზე კარგი კომპლიმენტი, რაც კი მიმიღია.

– როგორ მიიღე ეს როლი, რომელსაც ძალიან წარმატებით გაართვი თავი?

– 11 თვის წინ გადავწყვიტე, ლოს-ანჯელესში ჩამოვსულიყავი, სადაც აბსოლუტურად არავის ვიცნობდი, მხოლოდ ერთი მეგობარი  მყავდა. ოჯახის წევრებმა 200 ევრო გამომიგზავნეს: მეტი არ გვაქვსო. აქ რომ გასაუბრებებზე, ინტერვიუებზე მიხვიდე, ავტომობილი გჭირდება. მაგრამ, რადგან მანქანის ფული არ მქონდა, 50 ევროდ ველოსიპედი ვიყიდე. 4 საათი ყოველდღე ველოსიპედით დავდიოდი წინ და უკან. ყველაფერზე მივდიოდი: მოდელობაზე, ცეკვაზე, თეატრში, რეკლამებზე, გასაუბრებებზე, რომ სამუშაო მეშოვა. ერთ დღესაც იმეილზე მომწერეს: ერთი აგენტია და შენი გაცნობა უნდაო. ლოს-ანჯელესში მილიონი აგენტია და აქედან შეიძლება, 200 ამბობდეს სიმართლეს. ამიტომ, თავიდან დიდად არ დავინტერესებულვარ, მაგრამ მერე „გუგლში“ ვნახე და მივხვდი, სიმართლეს ამბობდა. ლოს-ანჯელესში ჩამოსვლიდან 4 თვის თავზე შევხვდი.

– ამ 4 თვის განმავლობაში როგორ ცხოვრობდი, რით ირჩენდი თავს?

– ფეხსაცმელების პატარა მაღაზია იყო და იქ დავიწყე მუშაობა. დილის 6-7 საათზე ვდგებოდი, 2 საათამდე ვმუშაობდი. შემდეგ კი მივდიოდი ჰოლივუდისკენ ველოსიპედით 4 საათის სავალზე, რომ ტესტი გამევლო. ვმუშაობდი, რომ საჭმლის, ბინის ქირის ფული მქონდა. ეს 4 თვე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული და მძიმე, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად: არაფერი რომ არ გაქვს, წინ და უკან დადიხარ, მაგრამ, შენი კარიერა კი ადგილიდან არ იძვრის. მაგრამ, არ დავნებებულვარ, რადგან მშობლებმა მასწავლეს: თუ რამეს გინდა მიაღწიო, არ უნდა დანებდეო. ლოს-ანჯელესში ჩემს მეგობართან ერთად ჩამოვედი, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი. მერე ის რუსეთში წავიდა და სახლიც აღარ მქონდა. სანამ წავიდოდა, მანქანა იქირავა და 2-3 ღამე მანქანაშიც მეძინა. სწორედ იმ დროს შევხდი იმ აგენტს. მითხრა: რეკლამისთვის მჭირდებიო. მეც ვუპასუხე: ყველაფერზე თანახმა ვარ-მეთქი, თან ჩემი ისტორია მოვუყევი. შემდეგ მითხრა: მოდი, ტესტი გავაკეთოთ კინოსთვის, იქნებ ფილმისთვის გამომადგეო. სცენარი მომცა, გადავიღე ვიდეო და გადავუგზავნე. 2 საათში მომწერა: მაგარი მსახიობი ხარო და რეკლამასთან ერთად, კინოს კონტრაქტიც მომცა. ეს ნიშნავდა, რომ კინოს სინჯებზეც მომიწევდა წასვლა. ერთ დღესაც გამომიგზავნა „პატრიოტის დღის“ შესახებ ინფორმაცია. ვკითხულობ: რეჟისორი პიტერ ბერგი, პროდიუსერი: მარკ ვოლბერგი, რომელზეც ვგიჟდები. ჩემმა აგენტმა მითხრა: მინდა, ამ ფილმზე გაგაგზავნო, მაგრამ გამოცდილ მსახიობებს ეძებენო. არ მაინტერესებს წავალ და ვცდი-მეთქი. მოკლედ, სცენარი გამომიგზავნა, გადავიღე ვიდეო და გავაგზავნე. აგენტმა ფილმის ქასტინგ-მენეჯერს გაუგზავნა. ნახეს კლიპი და აღმოჩნდა, რომ უნდა მივსულიყავი. რომ  მივედი, გამეცნო ფილმის ქასთინგ-დირექტორი, ის ჰოლივუდში ერთ-ერთი დიდი ქასთინგ-დირექტორია, თავად მარკ ვოლბერგისაც. ჩემ გარდა სხვა მსახიობებიც იყვნენ, 5 წუთით შევიდოდნენ და გამოდიოდნენ. 20 წუთი გამაჩერა ოთახში და ბოლოს მითხრა: მეორე ტურზეც გადაგიყვან, მანამდე დაგჯავშნითო. ჩემს აგენტს მოვუყევი გახარებულმა და მან მითხრა: მაგას იმხელა რეპუტაცია აქვს, მხოლოდ სახელი რომ გკითხოს, ეგეც კი საკმარისიაო. მოკლედ, ერთი კვირა გავიდა და ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ უკვე უნდა წარვმდგარიყავი მარკ ვოლბერგისა და პიტერ ბერგის წინაშე.
მზად ვიყავი, ყველაფერი მენახვებინა, რაც კი შემეძლო. მე და ერთი რუსი ბიჭი შევედით მარკ ვოლბერგთან და პიტერ ბერგთან. ჩვენი სცენა ჩავაბარეთ და შემდეგ გვითხრეს, იმპროვიზირებული სცენა ჩაატარეთ ინგლისურადო. ჩავატარეთ, შემდეგ რუსულად დაიწყეთ საუბარიო. არ დავიბენი, უარს ვერ ვიტყოდი. არ ვიცი რუსული-მეთქი. მოკლედ, ის ბიჭი რუსულად ლაპარაკობდა და მე ქართულად ველაპარაკებოდი. ბოლოს პიტერ ბერგმა გვითხრა: გაჩერდითო და მე მომიბრუნდა: ვოვ, ძალიან მომეწონაო. ამის შემდეგ მე და ალექსი შევედით, რომელიც ფილმში ჩემი ძმის როლს თამაშობს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ერთი კვირის შემდეგ ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ, უთხრეს: ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ერთ-ერთი ფავორიტია ამ როლისთვისო. კიდევ ერთი კვირა გავიდა, ძალიან ვინერვიულე, ვერც ვჭამდი და ვერც ვსვამდი. ერთი კვირის თავზე დამირეკა აგენტმა და მითხრა: თემო, შენ აგირჩიესო. ამის მერე რა მითხრა, აღარ მახსოვდა, ეს იყო შოკი. მარკ ვოლბერგი, ჯეი ქეი სიმონსი, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ძალიან უშუალოები. მარკი ისეთი მშრომელია, საერთოდ არ ისვენებს, მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მე, მაიკლ ვოლბერგი და პიტერ ბერგი ძალიან დავმეგობრდით. პიტერი ახლა ჩემი მენტორია. ბევრი დაძაბული სცენა გადავიღეთ. ჯეი ქეი სიმონსი პირველად რომ გავიცანი, სცენაზე ვიდექი და მიყურებდა. გადაღება რომ დამთავრდა, ვოლბერგმა დამიძახა: მოდი, ჯეი ქეი სიმონსი უნდა გაგაცნოო. ვუთხარი: არ იცით, რა გრძნობა მაქვს ახლა, თქვენ რომ გიყურებთ-მეთქი… და გამაჩერა: რა გრძნობა, შენზე იმდენი რამე გავიგე, რა მაგარი მსახიობი ყოფილხარ, მომიყევი შენზეო. ისე გამიხარდა, რომ დაინახეს, როგორ მივუდექი ამ როლს – თავიდან-ბოლომდე დავიხარჯე. სცენაზე ტამერლანის ტვინი მქონდა, მასავით ვიქცეოდი, მის კანში ვცხოვრობდი. 100 პროცენტით შევდიოდი როლში. ეს ყველამ დაინახა, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: მაგრად ჩააბარე ეს როლიო. გადაღებების დასრულების შემდეგ პიტერ ბერგმა, მარკ ვოლბერგთან ერთად თავის პირად თვითმფრინავში დამპატიჟა. ერთად გავფრინდით, გზაში კიდევ უფრო დავახლოვდით. შემდეგ მარკს ვაჩვენე ჩემი ვარჯიშის ვიდეოები და დამასპონსორა. პიტერ ბერგს აქვს თავისი კრივის კლუბი. იქ ვვარჯიშობდი და მას ნანახი ჰქონდა ჩემი ვარჯიში. ამიტომაც თვითმფრინავში რომ ვიყავით, მარკ ვოლბერგს უთხრა: მოდი, ნახე თემოს რა შეუძლიაო და ჩემი ვარჯიშის ვიდეოები ვაჩვენეთ. ძალიან მოეწონა. მას სპორტული დანამატების კომპანია აქვს და შემომთავაზა: ჩემს პროტეინებს გამოგიგზავნი, ფოტოები გადაიღე, შენს გვერდზე დადე სოციალურ ქსელშიო. უფასოდ მომცა, დამასპონსორა და მეც რეკლამა გავუკეთე. თვითმფრინავშიც ვესაუბრე  ორივეს საქართველოზე, ხინკალზე, ქართულ ღვინოზე, დავპატიჟე საქართველოში და აუცილებლად ჩამოვალთო. ამ ფილმს მოჰყვა სერიალი „24 საათი“. 6 სერიაში გადამიღეს, იქაც ნეგატიურ როლს ვთამაშობ, ძალიან საინტერესო იყო. ახლა მენეჯერიც მყავს, ადვოკატებიც, მთელი გუნდი მუშაობს ჩემზე. სიზმარში მგონია თავი. ხალხი უკვე ლაპარაკობს ჩემზე, რომ საქართველოდან ჩამოვედი, მარკ ვოლბერგმა მთავარ როლზე ამიყვანა – ეს ყველაფერი კი დიდ ინტერესს იწვევს და მოთხოვნაც იზრდება.

– შენი ოჯახი, ალბათ, ამაყობს შენი წარმატებით.

– დედას რომ ვუთხარი, ფილმში მიღებენ-მეთქი. მეკითხება: „იუ თუბში“ ვნახავთ ფილმსო. რა „იუ თუბში“, მთელი მსოფლიო ნახავს-მეთქი. რომ გაიგო, ტერორისტის როლს ვთამაშობდი, მარკს უთხარი, მაგან ითამაშოს ეს როლი და შენ თავისი როლი მოგცესო. ბევრი ვიცინე, ასეთი რამ არ ხდება-მეთქი. ძალიან უხარიათ ჩემი წარმატება და ამაყობენ. ყველაზე მეტად ის მახარებს, საქართველოშიც რომ გაიგეს ჩემი წარმატების შესახებ და ხალხი გავახარე, თან ჰოლივუდშიც ისაუბრებენ უკვე საქართველოზე. მინდა, ხალხს დავანახვო და ვუთხრა, რომ, სადაც უნდა დაიბადო, არ აქვს მნიშვნელობა, ოცნების ასრულება მიზნად უნდა დაისახო და მისთვის დაუღალავად იბრძოლო – ის აუცილებლად აგისრულდება.

ნათია უტიაშვილი

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები