მთავარი ბლოკისაზოგადოებაშოუ-ბიზნესი

ჰყავს სისხლით შეფიცული ძმები და თავის ქართველობასა და ღირსებას არასდროს ღალატობს.

27 წლის ჩოხოსანი გიორგი გილიგაშვილი მაყურებელმა სერიალ „ტიფლისიდან“ გაიცნო. ის მსახიობი არაა და სერიალში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, თუმცა თამაში, ფაქტობრივად, არ დასჭირვებია, რადგან, საუკუნე, რომელიც ფილმშია აღწერილი, ზუსტად შეესაბამება გიორგის მენტალიტეტს. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ მისთვის ცხენი და ჩოხა ყოველდღიურობის ნაწილია; ჰყავს სისხლით შეფიცული ძმები და თავის ქართველობასა და ღირსებას არასდროს ღალატობს.
giligashvili giorgiგიორგი გილიგაშვილი: ძალიან მიყვარს ცხენი და მისით ჯირითი. ხშირად თუ არა, იშვიათად მაინც ჩამომყავს ხოლმე იპოდრომიდან, ხანაც მეგობრები მათხოვებენ და ქალაქში დავსეირნობ. სინდისს ვფიცავ, არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი მოვაწონო, უბრალოდ, ჟინს ვიკლავ ჩემი ქართველობით და ჩემი მეობით. ერთ დღესაც, ჩვეულებრივ, ცხენი შევკაზმე და ჩამოვაჭენე ქალაქში. ჩემს ძველ უბანში გავიარე, ძმები მოვინახულე, ერთობ მშვენიერ ნაცნობებს მზერა მოვტაცე. ჩოხით ვიყავი შემოსილი. ერთმა კაცმა მითხრა: შენ „ტიფლისში“ უნდა გადაგიღონო. სიმართლე გითხრათ, სიტყვა „გადაღება“ იმ წუთას ვერ გავიგე, მხოლოდ ეს გავიგონე: „შენ ნამდვილად „ტიფლისიდან“ ხარ“. ტელევიზორს მიჯაჭვული, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვარ და, სერიალ „ტიფლისის“ შესახებ არ ვიცოდი. ამიტომ მივუგე: „მადლობა, ბიძა, გენაცვალე. დიახ, ვიცი, მე ტიფლისიდან ვარ!” მაგრამ, მე ძველ თბილისს ვგულისხმობდი (იცინის). როცა კიდევ რამდენიმემ მითხრა მსგავსი რამ, ჩემს დებს ვუამბე ამის შესახებ. მათ მიპასუხეს: „გიორგი, „ტიფლისი“ სერიალია, ზუსტად შენს მენტალობაზე და საუკუნეზე გადაღებული“. თუმცაღა, მე ყველა საუკუნეში ვიცხოვრებდი, რომელშიც ღმერთი დაუშვებდა, რომ მეცხოვრა, მაგრამ, ჩემს საუკუნეს ვენაცვალე, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თბილისში რაც არ უნდა პატარა სანაცნობო წრე გყავდეს, მაინც დიდი გამოდის, ვინაიდან პატარა ქალაქია. ბევრმა მითხრა: „ვა, გიო, შენ იქ უნდა იყო“ – და „ტიფლისის“ გუნდამდე კვალი თვითონ გაიჭრა. მათთან მივედი, ისინიც მელოდნენ. ვუთხარი: „ჩემმა მზემ” და მათაც მიპასუხეს – შენმა მზემო. სხვისი როლის მორგება, ფაქტობრივად, არ დამჭირვებია, ვინაიდან მენტალურად ამ ფილმის ეპოქას ვეკუთვნი – ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ. რაღაც როლებზე კიდევ დამიძახეს, მაგრამ მე ცოტა ჩემებურად ვფიქრობ. უფალთან ვერც დედიკო დამიდგება თავდებში და ვერც რეჟისორი, ამიტომ უარი ვთქვი. მაგრამ, თუ ისეთ როლს შემომთავაზებენ, რომელიც მეტ-ნაკლებად ახლოს იქნება ჩემს მენტალობასთან დავთანხმდები.
– რას ნიშნავს თქვენთვის ქართველობა?
– ქართველი ვარ და ვქართველობ, ეს არავის არ უნდა უკვირდეს. ამერიკელმა იამერიკელოს, ჩემმა მზემ. მე ქართველი ვარ, ეს ჩემი გვირგვინია, ჩემი ჯვარია, რომელიც უნდა ვატარო. რაც შეეხება ჩოხას და ძველ სტილს, ჩოხა ყველაზე თანამედროვე სამოსია; ის უბერებელი და სულივით უკვდავია, ჩემს სამშობლოსთან და წინაპართან შერწყმული და ნაწრთობი. ძველმოდურია ის, რაც ახლა მაცვია. ჯინსის შარვლები და ტყავის ქურთუკები მალე ჩაბარდება წარსულს, ჩემი ჩოხა კი ყოველთვის მოდაში იქნება, თუ მაინცდამაინც მოდაზე ვსაუბრობთ, თორემ, მას მოდა არც სჭირდება, იმდენად მტკიცე ფოლადითაა ნაწრთობი – სარწმუნოებითა და სისხლით – რომ მოდაზე მაღლა დგას. როცა ვინმე ჩოხას ძველმოდურს უწოდებს, ვფიქრობ, რომ თვითონაა ძველმოდური. ეს ჩემი ცხოვრების მორალია.
ჩოხა ჩემი სიცოცხლის ნაწილია და მე ის ყოველთვის მმოსავს. მაგრამ აქ მატერიით შემოსვას არ ვგულისხმობ, თუმცა, ვინ იცის, რომ ასეც არაა – ნამდვილად ხშირად მმოსავს. მაგრამ, მთავარია, რომ „ჩოხოსნობა“ ჩემი ციხე-გალავნის გადმოსახედიდან ცხოვრების წესია. „ჩოხოსანი“ ჩოხასთან ერთად ეროვნული იდეით შემოსილ და სარწმუნოებით აღსავსე კაცს ნიშნავს. რომ მეკითხებიან: „ვა, გიო, ჩოხა სადაა?“ – მე გულზე ვიდებ ხელს და ვამბობ: „აქ!”. თუ ჯინსი მაცვია, ეს არ ნიშნავს, რომ ისე არ ვიქცევი, როგორც მაშინ, როცა ჩოხა მაცვია. ჩემი მენტალობა და რწმენა ყველგან და ყველა მდგომარეობაში ჩემი თანმდევია. მას ვერასდროს განვეშორები, სულაც რომ ჰავაის კუნძულებზე ვიყო. ამას წინათ დასთან ერთად „ტანგო” და „ვალსი” ვიცეკვე ჩოხით. „ჩოხოსანი და ვალსი?!” – მომესმა კომენტარი. მეგობარო, გენაცვალე, რა არ მოგეწონა? თუ ფეხი შემეშალა, შემისწორე-მეთქი, – ვუთხარი. რაც შეეხება ცხენს, ბავშვობაში ოჯახში ხუთი გვყავდა, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა აღარ გვყავს. ბოლოს რომელიც მყავდა, ის მომიკვდა და უცხენოდ დავრჩი. ახლა მოტოციკლის ყიდვა მსურს (იცინის).
– არ გეუბნებიან, რომ თანამედროვე ახალგაზრდებისგან განსხვავებული მენტალობა გაქვთ? 
– მე ვფიქრობ, რომ სხვებს აქვთ ჩემგან განსახვავებული მენტალობა (იცინის). ჩემს თავს ვეკითხები: „რით განვსხვავდები სხვებისგან? დიდი წვერით?” – არა, წვერი სხვებსაც აქვთ. მაგრამ მე ახლანდელ წვეროსნებს არ ვგავარ, ეს არც უნდა მაკადრონ. ყარაჩოხელი ვარ-მეთქი, ვამბობ (იცინის). ხშირად მეკითხებიან – დიდი ხანია, წვერი გაქვსო? ჩემმა მზემ, რაც ამომივიდა, მას შემდეგ. იმას ვამბობდი, რომ, ვერ გამიგია ნორმალურად, ან კი როგორი ვარ ახლა, რომ ჩემს ბავშვობას შევადარო. ისე კი საშინელი ბავშვი ვიყავი – სულ ვჩხუბობდი. მიყვარდა საბრძოლო ხასიათის სპორტი, მის ყველა სახეობაზე დავდიოდი და  დედაჩემს მადლობა ამისთვის. სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებზეც დავდიოდი, თან, ისეთ დროს, როცა ყველაზე მეტად ვიყავი ხელიდან წასული. იცით, ჩემი და დადიოდა ცეკვაზე; ვფიქრობდი, ჩემმა დამ სხვა ბიჭთან რატომ უნდა იცეკვოს-მეთქი და მეც დავიწყე მასთან ერთად ცეკვა „თელაში“. პარალელურად, ქართულ ცეკვებსაც ვცეკვავდით და „დაისის” შესრულებისთვის 14-15 წლის ასაკში ოქროს მედალი მოვიპოვეთ საქართველოს მასშტაბით.
– განსხვავებული მენტალიტეტის გამო, თქვენი ასაკის სხვა წარმომადგენლებთან ინტერესთა კონფლიქტი არ მოგდით?
– რა თქმა უნდა, ჩემს ძმაკაცებთანაც და უცხო გოგო-ბიჭებთანაც მქონია ამ თემის განხილვა. დაძაბულს ვერ დავარქმევ, მაგრამ სიყვარულიანი სიტყვა-პასუხი არ გვქონდა. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს, მე უარვყოფდი კაცობრიობის დღევანდელ მიღწევებს. მე კი ვეუბნები: მეცნიერება ჩემია, ძმაო, უმეცრება კი – არა. თუ ვინმე მეტყვის, რომ მე ძველმოდურად ვცხოვრობ, ვუპასუხებ: არა, ძმაო, მე ვცხოვრობ ყველაზე თანამედროვედ. თანამედროვეობა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს არამედროვეობას. ღმერთმა შემინდოს, მე არავის განვიკითხავ და არც ვინმეზე ვამბობ კონკრეტულად, მაგრამ, მედროვეა, ვინც მხოლოდ  დღევანდელობითაა მოცული. თანამედროვედ ის ცხოვრობს, ვინც თავისი ფესვის ისტორია იცის, ცხოვრობს ყოფაში და იყურება მომავლისკენ. როცა ამ თემაზე მქონდა საუბარი, ისინი მე გამერიდნენ. მსურდა ბოლომდე მათთან ყოფნა, რათა სრულად მეთქვა ჩემი სათქმელი შენდობით და სიყვარულით, მაგრამ მათ ჩემთან დარჩენას თავი აარიდეს. არადა, უკვე დიდი ხანია, აღარ ვბოქსაობ ჩემს მოწინააღმდეგეებთან (იცინის). ადრე მეგონა, რომ ყველაფერი მუშტით უნდა გადაწყვეტილიყო. ღმერთმა შემინდოს, არც ისე ღიმილიანად ვიხსენებ მაგ ბეჩავ დროს. მაშინ მეგონა, მთებს დავძრავდი. წარმოიდგინეთ, რამხელა იყო ჩემი ამპარტავნება. მეგონა, წინ ვერაფერი დამიდგებოდა. ვფიქრობდი, რომ ამირანი ვიყავი და, მადლობელი ვარ უფლის, რომ ამისთვის დამსაჯა. ჩემს ცხოვრებაში იყო განსაცდელები (დიდება უფალს ამისთვის), იმხელა არა, რამხელასაც ვიმსახურებდი ჩემი ციხე-გალავნის გადმოსახედიდან, თუმცა, რაც იყო, ჩემთვის კმაროდა თვალის ასახელად.
– ასეთი მენტალიტეტი, ალბათ, ოჯახმაც განაპირობა?
– რომ არა ჩემი ოჯახი, დღეს სხვანაირი ვიქნებოდი. ეროვნული იდეალი ჩვენთან ყოველთვის იდგა. მამა საოცრად მღეროდა და ბავშვობიდან მეც ვეუფლებოდი ხალხურ თუ საესტრადო სიმღერას. ვეუფლებოდი ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, რომელიც კაცის სულისთვის უდიდესი საზრდოა. მშობლების დამსახურებაა, რომ მე ასეთი ვარ; მათთან ერთად – დების, რადგან ჩემს მთავარ მოვალეობად მათი დაცვა მიმაჩნდა, განსაკუთებით – უფროსის, რომელთანაც ერთწლიანი სხვაობა მაქვს. ტყუპებივით გავიზარდეთ და, მიუხედავად იმისა, რომ მამა პოლიციის უფროსი იყო და მის დაჩაგვრას ვერავინ გაბედავდა, მე მაინც მოდუნების უფლებას არ ვაძლევდი ჩემს თავს.
– სოციალური ქსელებით არ სარგებლობთ, არა?
– არ ვსარგებლობ, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მასთან მიკარება კატეგორიულად არ მინდა. მე მიყვარს, როცა პირისპირ ვურთიერთობ ადამიანთან და მის ღიმილს ვხედავ. სოციალურ ქსელით და სმაილებით ემოციების გამოხატვა შეუძლებელია. საშუალო დონის მწერალი მაინც უნდა იყო, რომ იქ საკუთარი აზრი სწორად გადმოსცე. ამიტომ, ხშირად ხდება გაუგებრობა. მეც მოვყოლილვარ ასეთში, როცა საქმე ჩემს უმცროს ძმადნაფიცებს ეხებოდა.
– როგორც ვიცი, თქვენი ნახვა კლუბშიც შეიძლება, ოღონდ, იქაც ჩოხით.
– სინდისს ვფიცავ, მე ყველგან მნახავთ, სადაც საქართველოა, მით უმეტეს, თბილისის ძველ უბნებში და მათ შორის შარდენზეც. ჩემმა მზემ, ეს ჩოხოსნის ქუჩაა და არა ვიღაც ფოჩებიანი შარვლიანების. არ გეწყინოთ, ძმაო, მაგრამ, უბრალოდ, ფოჩები მოაჭერით თქვენს შარვლებს (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ, ყველამ თავისი იცოდეს. ერთხელ, ძმაკაცებმა დამირეკეს – გილიგო, ჩემმა მზემ, აქ ვართ და მოდიო. მივედი და, ვხედავ – კლუბია. მშვიდობა, ძმებო-მეთქი, – მივესალმე დაცვის ბიჭებს. „მშვიდობა, ძმაო, მაგრამ, აქ ის პონტი არ არის, შენ რომ გინდა, გენაცვალე“, – მითხრეს. მე მივუგე: „ძმობილო, იქ ჩემი ძმაკაცები და ძმადნაფიცები არიან, ჩემმა მზემ და, სულ რომ ჯოჯოხეთი იყოს, უნდა ჩავიდე“. ჩემს საქართველოში ქვესკნელიც ჩემია. თან, დიდი პაპის ნაქონი ხანჯალი მქონდა, რომელიც ძალიან დიდია, ჩემი მკლავის სიგრძე, მას ჩოხასთან ერთად ვატარებ ხოლმე. დაცვამ კიდევ ერთი ძმა გამოიყვანა. როცა მან ჩემს ხანჯალს შეხედა, მე ზედ ხელი წავივლე და თვალებში შევხედე. მისი სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ, ღირსეული ძმა აღმოჩნდა, ღმერთმა დალოცოს. კაცისთვის იარაღის აყრა უდიდესი შეურაცხყოფაა. მიხვდა და ეს არ მაკადრა. თუმცა, ალბათ, ვერც ამყრიდა – მეც ისეთ კონდიციაში ვიყავი და არც არავის დავანებებდი პაპიჩემის ხანჯალს. თუმცა, მთავარი ის იყო, რომ მან ეს გაიგო, რაც მეამა. დანარჩენ ბიჭებს ანიშნა, რომ გამომყოლდონენ და შიგნით შემიშვა. სიმართლე გითხრათ, ძმაკაცებიც არ მელოდნენ იქ ჩოხით და, სხვები – მით უმეტეს (იცინის). ძმებთან ერთად დავჯექი, მაგრამ მუსიკა იმდენად ხმამაღლა უკრავდა, რომ ერთმანეთის ლაპარაკი არ გვესმოდა. ერთ-ერთ ბიჭს ვუთხარი: „ძმაო, თუ არ შეწუხდები, დიჯეის სთხოვე, ცოტა ჩაუწიოს. სამი სადღეგრძელო მაქვს სათქმელი ძმებთან და უნდა წავიდე, ამ ხმაურში თავი გამისკდება-მეთქი“. იმ ბიჭს გაეღიმა, მაგრამ მართლა ჩართეს უფრო რბილი მუსიკა. მეც ჩემს ძმებს გავუღიმე, უფალიც ვადიდე, ჩვენი ქართული ფესვიც, ძმაკაცები დავლოცე და წამოვედი. თუმცა, რაც არ უნდა „ბრეიკდანსი“ მეცეკვა იქ, ჩემს ქართველობას არანაირი ჩრდილი არ მიადგებოდა, ჩემმა მზემ.
– წეღან ძმადნაფიცები ახსენეთ. ნამდვილი ძმადნაფიცები გყავთ?
– დიახ. მე სამჯერ მაქვს ნეკი გადაჭრილი და სამი ძმადნაფიცი მყავს. ჩვენ ფიც-ვერცხლით შევფიცეთ ერთმანეთს ძმობა. მათგან ერთი საქართველოში არ ცხოვრობს. გაცნობიდან ძალიან მალე დავძმობილდით. ის სამშობლოში ხშირად ჩამოდიოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა. ერთხელაც, მან ისე დაგვანახვა საქართველო, ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელსაც ყოველდღე ვეხებით, რომ ჩვენ ხელახლა, მისი სიტყვებით გავიცანით საკუთარი სამშობლო. მან ჩემში მიძინებული ქართველი თავიდან გააღვიძა. მისი დიდი ქართველობა რომ დავინახე, ვუთხარი, რომ მასთან ძმადნაფიცობა მსურდა. ჩემმა მზემ, პირველი მან გადაიჭრა ნეკი და მეც შევფიცე, როგორც წესი იყო. ვერცხლის ხანჯალი მქონდა და ფიალაში ვერცხლი ჩავთალეთ. ნეკით, ვერცხლით, სისხლით და ღვინით შევფიცეთ ერთმანეთს ძმობა.
– ჩვენი თაობის გოგონა-წარმომადგენლებზე რას ფიქრობთ?
– მე მშვენიერების მოტრფიალე ვარ. ქართველი გოგონა და ქართული მშვენიერების ფენომენი ჩემთვის საოცარი თემაა. ვხედავ იმას, რაზეც ვერ ვიტყვი, რომ მომწონს, თუმცა, იმასაც ვხედავ, რაც ძალიან მომწონს. ერთი და ჩემი თაობის მყავს, მეორე 20 წლისაა, ძმა კი – 16-ის, ასე რომ, მეტ-ნაკლებად ვიცნობ მათ თაობებს და ყველა ძალიან მიყვარს. საოცრად ფიქრობენ და აზროვნებენ. თუ ჩვენ მათი აზროვნება არ მოგვწონს, ეს ჩვენი ბრალია, მათ არ ვადანაშაულებ. თუ მათ ცუდი ქცევა აქვთ, ესე იგი, ჩვენ არ მივეცით სათანადო მაგალითი. შემინდოს უფალმა, შენ რომ თავად აბოლებ სიგარეტს და მას უშლი მოწევას, ეგ როგორ გამოვა?!
– დაქორწინებული არ ხართ?
– არა, ჩემს მზეს ველოდები (იცინის). შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და არცერთი მშვენიერისთვის არ მითქვამს, მიყვარხარ-მეთქი – ტყუილი რა საკადრისია?! მინდა, რომ ჩემი მზე ერთადერთი იყოს და კუბოს კარამდე მას და მის სიყვარულს ვემსახურო. მე ასე მწამს და მჯერა.
– სერიალის გარდა, რას საქმიანობთ?
– უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე. ვიფიქრე, გარდაცვალების შემდეგ ვინ მაღირსებს მთაწმინდას-მეთქი და მთაწმინდაზე დავიწყე მუშაობა (იცინის) –  მთაწმინდის ტელე-რადიო ცენტრში გახლავართ შიდა აუდიტის ცენტრის იურისტი. ერთი-ორი უნიჭო რითმა მაქვს გიტარაზე. რამდენიმე რადიო შევაწუხე ახლობლების თხოვნით და ჩავწერე. დიდი მადლობა დათო ფორჩხიძეს, რომელიც ძმურად დამეხმარა და, ვნახოთ, რა იქნება.

ქეთი კაპანაძე

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები