ნათია უტიაშვილირელიგია

21-ე საუკუნის უდიდესი მოვლენა-ხატი “დედოფალი”, რომელიც მატერიალურ სასწაულებს ახდენს


ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა სასწაულმოქმედი ხატის – „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის“ მცველები არიან, რომელსაც  ეს ხატი არაერთი საკვირველმოქმედება და კურნება აქვს აღსრულებული. 

  “ხატი ამოვაბრძანეთ, შიგნით აღმოჩნდა მამა გაბრიელის ხატი, რომელიც ჩვენ არ გვიყიდია და არც წაგვიბრძანებია, მოულოდნელად გაჩნდა”

ზურაბი: რომ მივედით იმ ფაქტამდე, ათონზე უნდა გავმგზავრებულიყავით, რეალურად დავიწყეთ ხატზე ფიქრი. დიდი ძიების შემდეგ, თითქმის წასვლამდე, გამოჩნდა ხატი.  ის ივერიის ღვთისმშობლის ზუსტი ასლია, მას აცვია ის პერანგი, რომელიც  დედა ხატს აცვია. ათონის გზაზე საშინელ ადვოკატასტროფაში მოვყევით და სასწაულებრივად გადავრჩით ცოცხლები. ორსართულიანი ავტობუსი შეეჯახა კედელს, ამოყირავდა, ორ ბორბალზე დადგა, ჰაერში იყო გაჩერებული, ისე, რომ არ გადაყირავდა. საბოლოოდ  გასწორდა და დადგა ჩვეულებრივ. ხალხს ჰგონია, რომ ხატმა ათონზე შეიმოსა საკვირველმოქმედება და ისე ჩამობრძანდა. სინამდვილეში, ხატი უკვე საკვირველმოქმედი იყო საქართველოში. აქ, საქართველოში, ჩვენს მიწაზე იშვა ასეთი. ათონზე ფიზიკურად გრძნობ ღვთისმშობლის არსებობას, იხედები უკან და გრძნობ მის მზერას. ამბობენ კიდეც, რომ იქ ცხოვრობს ღვთისმშობელი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ათონი დედა ღვთისას საცხოვრებელი ადგილია, იქ გრძნობ, რომ შენ დიდი მიწიდან ხარ ჩასული.

გიორგი: პირველად ვატოპედიის მონასტერში მივედით. ივერიის ღვთისმშობელი ათონის მთავარ ხატად მიიჩნევა. ამიტომ, ყველა გაკვირვებული გვიყურებდა ჩვენც და ამ ხატსაც. ვატოპედში მოხვდა რამდენიმე დიდი სასწაული. ხატს აქვს სპეციალური ჩანთა. ის რომ გავხსენით, ხატი ამოვაბრძანეთ, შიგნით აღმოჩნდა მამა გაბრიელის ხატი, რომელიც ჩვენ არ გვიყიდია და არც წაგვიბრძანებია, მოულოდნელად გაჩნდა.

 
ზურაბი: სასწაულები არის სხვადასხვა ტიპის, მაგრამ ასეთი მატერიალური სასწაულები იშვიათად ხდება. ამ ტიპის სასწაულები უფრო საწყის საუკუნეებში ხდებოდა. წარმოიდგინეთ, დაცულ ჩანთას ხსნი და შიგნით მამა გაბრიელის ხატია. ბერები ჩვენს ემოციებს აკვირდებოდნენ და როგორც კი მიხვდნენ, რაში იყო საქმე, უფრო მეტად დაიბნენ. აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდათ მამა გაბრიელის ხატი. ვაჩუქეთ, მამა გაბრიელმა იქ ისურვა დარჩენა.

გიორგი: სანამ შეხვალ ვატოპედიის მონასტერში, მანამდე ერთ-ერთ ბერს სიაში შეჰყავს სტუმრების სახელები. ათონზე ქართველი ბერებიც არიან, ერთ-ერთი მამა ტრიფონია. მან გვითხრა: მე ვიცოდი, რომ სამნი ჩამოდიოდით, სიაში სამნი წერიხართ და მესამე სად არისო? 

ზურაბი: იქ ზუსტად იციან, რამდენი ადამიანი ჩადის, ზედმეტი თეფში ან ზედმეტი სენაკი არ არსებობს. მაგრამ, სადაც უნდა წავსულიყავით, ყველგან, ჩვენ გვერდით აუცილებლად იდო ცარიელი თეფში, სენაკში კი – სამი საწოლი: ორი – ჩვენი, ერთი – ცარიელი. ეს ხდებოდა ყველა მონასტერში. გარდა ამისა, ტრასნპორტში აუცილებლად გვქონდა ერთი ცარიელი ადგილი, სასტუმროშიც სულ გვეუბნებოდნენ: ორადგილიანი ნომერი არ გვაქვს, სამადგილიანი აიღეთ, მაგრამ ორადგილიანის ფულს გადაიხდითო. ასე ხდებოდა მუდმივად. მამა გაბრიელის ჩვენს გვერდით ყოფნას ყოველთვის ვგრძნობდით. დღეს გვწერენ: ნათქვამი არ გვაქვს ჩვენი სურვილი ხატისთვის და საკვირველება ხდებაო. ყველა ხატს ხომ აქვს თავისი თვისება, გარდა ამისა, იქ არის ბევრი სიწმიდე და  ყველას სწორი გახდა „დედოფალი“, ყველას თვისება შეიძინა და გარდა ამისა,  დაემატა იმ სიწმიდეების ძალაც, რომლებზეც ის იყო დაბრძანებული.

გიორგი: ივერონს აქვს ორი გზა: ერთი – სამანქანო, მეორე – ტყეზე გასავლელი. წავედით ტყით, შუადღე იყო გადასული, წვიმდა, საბოლოოდ, ტყეში დავიკარგეთ. ვერც უკან ვბრუნდებით, ვერც წინ მივიდვართ. იქვე, დაღმართზე ჩავედით, ხიდზე გადავედით და ამ დროს აღმართიდან დაეშვა ძაღლი. ხატი მე მეჭირა. მოვიდა, წრე დაგვარტყა, დადგა ხატის წინ ორ ფეხზე, დაადო დრუნჩი, თითქოს კურთხევა აიღო, მერე წავიდა ცოტა მოშორებით და გველოდებოდა. ზურაბმა თქვა: ის ივერონში წაგვიყვანს, თან ქართულად დაუძახა: წადი, წაგვიყვანე ივერონში. ძაღლიც  წავიდა და გავყევით უკან.  საღამოს მივედით ივერონში. ძალიან მაღალი, გამხდარი ბერი უცბად გამოიქცა ჩვენკენ და გაჩერდა ხატის წინაშე. ემთხვია, თან, დეტალურად დააკვირდა ხატს: აბსოლუტურად ზუსტი ასლია, ეს პერანგი თქვენს ხელში როგორ აღმოჩნდა, მხოლოდ ივერონის მონასტრისთვის კეთდებაო. 

ზურაბი: ორიგინალი ხატი ჩაკეტილია, მხოლოდ პარაკლისის დროს იღება. ადამიანები ემთხვევიან და მაშინვე გამოდიან უკან. ჩაგვიყვანეს პარაკლისში, ასე ეძახიან მცირე სამლოცველოს, სადაც ხატია დაბრძანებული. ეს იყო ძალიან მძიმე ემოცურადაც და ფიზიკურადაც. პარაკლისმა ისე სწრაფად გაიარა, ვერც გავიგეთ. გვითხრეს: ემთხვიეთ ხატს და გადითო. ჯერ სხვები გავუშვით, ვიფიქრეთ: ბოლოს რომ დავრჩებით, მეტი დრო გვექნებაო. დიდი მეტანია შევასრულეთ, ხატის მცველს მივაწოდე ჩვენი ხატი, რომ დედა ხატზე დაებრძანებინა. მან დაადო, ლოცვა წაიკითხა, ჯვარი გამოსახა – ეს მომენტი ბუნდოვნად მახსოვს, ტირილი დავიწყე. გიორგის შევხედე, ისიც ტიროდა… რატომ ტირი? – არ იცი. ხვდები, რომ შენსას, შენთვის ყველაზე ძვირფასის ხვდები… ისეთი მკაცრი წესი აქვთ, როგორც კი ემთხვევი ხატს, იკეტება პარაკლისი, მეტხანს იქ არავინ გაგაჩერებს. მაგრამ, მოხდა საკვირველება, ხატის მცველმა დატოვა პარაკლისი, კართან დადგა და ჩვენ დაგვტოვა. ეს გაგრძელდა 2 საათი. შემდეგ ბერძნულად დიდი ტექსტი მითხრა. ბერძნული ერთი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი გავიგე.

გიორგი: მეორე დღეს, დილით ადრე ავდექით და ზუსტად იმ ადგილას ჩავაბრძანეთ ხატი, სადაც გაბრიელ ქართველმა გამოაბრძანა ივერიის ღვთისმშობლის ხატი – წყაროსთან და მერე იმ ადგილას დავაბრძანეთ, სადაც ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს პარაკლისიდან გამობრძანებულ დედა ხატს დააბრძანებენ ხოლმე. ივერონიდან  რომ წამოვედით, ჩანთა გავხსენით და შიგ აღმოვაჩინეთ ჯვრები და ფსკვნილები.

ზურაბი: მთელი იმ ხნის განმავლობაში ხატი თვითონ ირჩევდა, სად უნდა წავსულიყავით, რომელ მონასტერში. რუკაზე რომ ნახოთ, ათონზე ჩვენი მარშრუტით ჯვარი იხატება. 

გიორგი:დღემდე ხატის რეპროდუქციებსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ გამოსახულებებს, მათ შორის “თბილისელებში” დაბეჭდილ კალენდარს ხელები  მუდამ თბილი აქვთ. გამოჩნდა უამრავი ადამიანი, ვინც ამ ფაქტს აღნიშნავს. ეს იმდენად დიდი სასწაულია, რომ მსგავსი მოვლენის შესახებ არსად ამომიკითხავს. თავად ხატიდანაც მოდის უზარმაზარი სითბო. მნიშვნელობა აქვს თავად მომლოცველსაც: ზოგის მიახლებისას სითბო იმატებს, ზოგჯერ კი – არა. ხატის ასლებზეც ასე ხდება. ეს მართლაც უიშვიათესი მოვლენაა საქრისტიანოში.

www.fact2.ge – ნათია უტიაშვილი

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები